კოლაგენი ადამიანის სხეულში ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული ცილაა, რომელიც გვხვდება ძვლებში, კუნთებში, კანში და მყესებში. ეს არის ნივთიერება, რომელიც კრავს და აერთიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა კანის სტრუქტურის უზრუნველყოფა. კოლაგენი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც „წებო“, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეერთებას უზრუნველყოფს. მისი სახელის წარმომავლობაც სწორედ აქედან მომდინარეობს, „kolla” ბერძნული სიტყვაა და წებოს ნიშნავს.
კოლაგენმა ბოლო წლებში განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა. იგი აქტიურად გამოიყენება სუფთა სახით, როგორც საკვები დანამატი და ასევე მნიშვნელოვანი პოპულარობით სარგებლობს როგორც სახის მოვლის საშუალებების, შამპონებისა და ტანის მოვლის ლოსიონების ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ ბლოგში გესაუბროთ ამ მნიშვნელოვან და ყველა ადამიანისთვის აუცილებელ ნივთიერებაზე და მის სარგებელზე ჩვენი ორგანიზმის სიჯანსაღისთვის.
როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, კოლაგენი ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული ცილაა ჩვენს ორგანიზმში. იგი ჩვენს სხეულში არსებული ცილების დაახლოებით მესამედს შეადგენს და ძვლების, კანის, კუნთების, მყესების და იოგების ერთ-ერთ მთავარ საშენ მასალას წარმოადგენს. ის ასევე გვხვდება სხეულის სხვა ნაწილებშიც, მაგალითად: სისხლძარღვებში, რქოვანასა და კბილებში.
არსებობს ორი წარმომავლობის კოლაგენი. პირველი ეს არის ენდოგენური, იგივე ბუნებრივი კოლაგენი, რომელიც ჩვენს სხეულში სინთეზირდება და უზრუნველყოფს სხეულის სიჯანსაღესა და სიძლიერეს. ხოლო მეორე სახის კოლაგენი ეგზოგენური კოლაგენია, რომელიც ხელოვნურად სინთეზირდება და ორგანიზმში ხვდება გარე წყაროებიდან (საკვებიდან და საკვები დანამატებიდან). ეგზოგენური კოლაგენი ძირითადად გამოიყენება სამედიცინო და კოსმეტიკურ ნაწარმში, სხეულის ქსოვილების ჯანმრთელობისა და გაჯანსაღების მიზნით.
რა არის კოლაგენი. კოლაგენი არის მყარი, უხსნადი, ბოჭკოვანი ცილა, რომლის მოლეკულებიც მყარად არიან ერთმანეთთან შეკრულები და ქმნიან თხელ, გრძელ ფიბრილებს. ჩვენს ორგანიზმში სულ მცირე 16 სხვადასხვა სახის კოლაგენი არსებობს, თუმცა ძირითად, 80-90%-ს I, II, III ან IV სახის კოლაგენი შეადგენს.
მოკლედ განვიხილოთ ეს ძირითადი 4 ტიპის კოლაგენი და მათი როლი ჩვენს ორგანიზმში:
ტიპი I - ამ ტიპის კოლაგენი შეადგენს ჩვენს სხეულში არსებული მთლიანი კოლაგენის უდიდეს ნაწილს. იგი დამზადებულია მჭიდროდ დაკავშირებული ბოჭკოებისგან და უზრუნველყოფს კანის, ძვლების, მყესების, ბოჭკოვანი ხრტილების, შემაერთებელი ქსოვილისა და კბილის სტრუქტურის სიძლიერეს.
ტიპი II – იგი დამზადებულია უფრო თავისუფლად დაკავშირებული ბოჭკოებისგან და გვხვდება სახსრებში არსებულ ელასტიურ ხრტილებში.
ტიპი III - ამ ტიპის კოლაგენი ხელს უწყობს კუნთების, ორგანოებისა და არტერიების სტრუქტურას.
ტიპი IV – ეს ტიპი ეხმარება ფილტრაციას და გვხვდება ჩვენი კანის ფენებში.
რომელი ნივთიერებებისგან სინთეზირდება კოლაგენი. თავდაპირველად კოლაგენის წარმოება ხდება პროკოლაგენის სახით. ჩვენი სხეული პროკოლაგენს აწარმოებს ორი ამინომჟავის - გლიცინის და პროლინის კომბინირებით. ამ პროცესს ეხმარება ვიტამინი C.
საკუთარ სხეულს შეგვიძლია დავეხმაროთ კოლაგენის გამომუშავებაში, შემდეგი საკვები ნივთიერებების მიღებით:
- ვიტამინი C - დიდი რაოდენობით გვხვდება ციტრუსებში, ბულგალურ წიწაკასა და მარწყვში.
- პროლინი - გვხვდება კვერცხის ცილაში, რძის პროდუქტებში, კომბოსტოსა და სოკოში.
- გლიცინი - დიდი რაოდენობით შეიცავს ღორის კანი, ქათმის ტყავი და ჟელატინი და სხვადასხვა ცილის შემცველი საკვები.
- სპილენძი (copper) - გვხვდება სხვადასხვა ორგანოების ხორცში, კაკაოს ფხვნილში, ქეშიუსა და ოსპში.
როგორ მუშაობს კოლაგენი. კოლაგენი ძირითადად გვხვდება შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებში. დერმისში (კანის შუა ფენა) კოლაგენი ხელს უწყობს უჯრედების ბოჭკოვანი ქსელის ფორმირებას, რომელზეც ხდება ახალი უჯრედების გაზრდა. იგი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის მკვდარი უჯრედების ჩანაცვლებასა და აღდგენაში.
კოლაგენი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის გაჯანსაღებასა და ელასტიურობის მატებაში, ამცირებს ნაოჭებს და სიმშრალეს.
გარდა ამისა, კოლაგენი განაპირობებს ჩვენი ხრტილების მთლიანობას, უზრუნველყოფს სახსრების სიძლიერეს და ამცირებს ოსტეოართრიტით დაავადების რისკს.
ძვლების შემთხვევაში, ჩვენი ძვლოვანი სისტემა ძირითადად კოლაგენისგან შედგება. სწორედ ეს ცილა განაპირობებს ძვლების სტრუქტურულ სიძლიერესა და გამძლეობას. სწორედ ამიტომ, ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენის მიღება უზრუნველყოფს ოსტეოპოროზის თავიდან არიდებას და ძვლის მოტეხილობის რისკის შემცირებას.
ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კოლაგენს ჩვენი კუნთების ძლიერ და გამართულ ფუნქციონირებაში. კუნთოვანი ქსოვლის 10%-ს სწორედ კოლაგენი წარმოადგენს.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, კოლაგენი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაშიც. იგი განაპირობებს არტერიების სტრუქტურის სიძლიერეს. მისი სიმცირის შემთხვევაში არტერიები შეიძლება გახდეს სუსტი და მყიფე. კოლაგენი დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა ათეროსკლეროზი, ინსულტი და გულის შეტევა.
საკვები, რომელიც მდიდარია კოლაგენით. კოლაგენი გვხვდება ცხოველური საკვების შემაერთებელ ქსოვილებში. მაგალითად, მას დიდი რაოდენობით შეიცავს ქათმისა და ღორის ტყავი. მისი განსაკუთრებით კარგი წყაროა ქათმისა და სხვადასხვა ცხოველების ძვლების დუღილის შედეგად მიღებული ბულიონი.
რა განაპირობებს კოლაგენის ნაკლებობას. შესაძლოა კოლაგენის დაკარგვა გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:
- ბევრი შაქრისა და გადამუშავებული ნახშირწყლების მიღებამ
- მზის ულტრაიისფერმა გამოსხივებამ
- თამბაქოს მოწევამ
- გენეტიკურმა ცვლილებებმა
- ასაკის მატებამ და დაბერების პროცესმა
კოლაგენი მედიცინასა და კოსმეტიკაში. კოლაგენი რეზორბირებადი ცილაა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი შეიძლება დაიშალოს/გარდაიქმნას და მაინც შეიწოვება სხეულში. იგი ასევე შესაძლოა მივიღოთ მყარ, ან არამყარ გელად. მისი ასეთი მოხერხებულობა იძლევა საშუალებას სხვადასხვა სახით იქნას გამოყენებული მედიცინასა და კოსმეტიკაში.
კანის გაახალგაზრდავება - კოლაგენის ინექციებმა შესაძლოა გააუმჯობესოს კანის კონტურები და ებრძოლოს ნაოჭებს.ფილერები, რომლებიც შეიცავენ კოლაგენს შესაძლოა გამოყენებულ იქნას სახიდან ხაზების და ნაოჭების მოსაშორებლად. ასეთი ფილერები შესაძლოა დამზადებული იყოს როგორც ადამიანის, ასევე ძროხის კოლაგენისგან.
ჭრილობის შეხორცება - კოლაგენი შესაძლოა დაგვეხმაროს ჭრილობის მოშუშებაში, ჭრილობის ადგილას კანის ახალი უჯრედების წარმოქმნით.
კოლაგენის სახვევები შესაძლოა დაგვეხმარონ შემდეგ შემთხვევებში:
- ქრონიკული ჭრილობები, რომლებიც არ რეაგირებენ სხვა მკურნალობაზე
- გრანულირებადი ჭრილობები, რომლებზეც სხვადასხვა ქსოვილი იზრდება
- ნეკროზული ან დამპალი ჭრილობები
- მეორე ხარისხის დამწვრობა
- კანის დონაციის ადგილები და კანის გადანერგვები
სისხლძარღვთა პროტეზირება - დონორების კოლაგენის ქსოვილის გრაფტები გამოიყენება პერიფერიული ნერვების რეგენერაციაში, სისხლძარღვთა პროთეზირებაში და არტერიების რეკონსტრუქციაში.
ოსტეოართრიტის მკურნალობა - კოლაგენის დანამატები ასევე გვეხმარება ოსტეოართრიტის მკურნალობაში. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კოლაგენის შემცველი დანამატები ხელს უწყობს მტკივნეული სიმპტომების შემცირებას და სახსრების ფუნქციის გაუმჯობესებას ოსტეოართრიტის მქონე ადამიანებში.
კოლაგენი საკვები დანამატის სახით. საკვები დანამატის სახით მიღებული კოლაგენის ძირითადი წყარო თევზი და სხვადასხვა ცხოველია, განსაკუთრებით: ღორი და ძროხა.
კოლაგენი ძირითადად გვხვდება დამუშავების სამი ძირითადი ფორმის მიხედვით:
- ჰიდროლიზებული კოლაგენი - ეს ფორმა ასევე ცნობილია, როგორც კოლაგენ პეპტიდი. იგი დაშლილია უშუალოდ ამინომჟავების დონემდე.
- ჟელატინი - ასეთ ფორმაში კოლაგენი მხოლოდ ნაწილობრივ იშლება ამინომჟავებად.
- ნედლი - ნედლი, ანუ დაუმუშავებელი, კოლაგენის ცილა უცვლელი რჩება.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, კოლაგენის სხვა ფორმებთან შედარებით, ჩვენი სხეული ჰიდროლიზებულ, კოლაგენ პეპტიდს უფრო ეფექტურად ითვისებს. კოლაგენის ყველა ფორმა საჭმლის მონელების დროს იშლება ამინომჟავებად. ამის შემდეგ შეიწოვება და გამოიყენება კოლაგენი ჩვენი ორგანიზმისათვის საჭირო სხვა ცილების შესაქმნელად. სწორედ ამიტომაა მეტად ეფექტური კოლაგენის უკვე ამინომჟავებამდე დაშლილ, პეპტიდური ფორმით მიღება.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 35 წლის ასაკის, 72 ქალი, 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდა 2.5 გრამ ჰიდროლიზებულ კოლაგენს (I და II ტიპი). შედეგად, ნაოჭების სიღრმე 27%-ით შეუმცირდათ და გაიზარდა კანის დატენიანება 28%-ით.
სახსრების ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია II ტიპის კოლაგენი, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება ხრტილებში - სახსრებს შორის დამცავ ბალიშებში. სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა, რომ კოლაგენს შეუძლია ოსტეოართრიტთან დაკავშირებული სახსრების ტკივილის შემცირება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ორგანო, რომელზეც დადებითად მოქმედებს კოლაგენის საკვები დანამატები არის ძვლები. ჩვენი ძვლების შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის I ტიპის კოლაგენი. ასეთი დანამატები განსაკუთრებით სასარგებლოა ოსტეოპოროზიისა და ძვლების სხვა პათოლოგიების მკურნალობის დროს.
როგორც ცილა, კოლაგენი ასევე ხელს უწყობს კუნთის მშენებლობას. 53 ასაკოვან მამაკაცზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათ, ვინც სამი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად 15 გრამ კოლაგენ პეპტიდს ღებულობდა, ვარჯიშის შედეგად უფრო მეტი კუნთოვანი მასა განუვითარდათ, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებიც კოლაგენს არ ღებულობდნენ.
საკვები დანამატის სახით ასევე არსებობს კეტო კოლაგენიც. იგი არის MCT-სა და ბალახეულზე დამზადებული კოლაგენი, რომელიც წარმოადგენს ჯანსაღი ცხიმებისა და ცილის წყაროს და რომელიც შეგიმსუბუქებთ კეტო დიეტას.
კოლაგენის მიღების წესი და დოზირება.
- კანის ჯანმრთელობისა და ნაოჭებთან ბრძოლისათვის სასარგებლოა 2.5 გრამი I და II ტიპის კოლაგენ პეპტიდის მიღება 8-12 კვირის განმავლობაში.
- სახსრების ტკივილის შემთხვევაში ეფექტურია ყოველდღიურად 40 მგ ნედლი, II ტიპი კოლაგენის მიღება 6 თვის განმავლობაში, ან 2 გრამი კოლაგენ პეპტიდის მიღება 10 კვირის განმავლობაში.
- ძვლის სიმკვრივის გასაზრდელად სასურველია ყოველდღიურად 5 გრამი კოლაგენ პეპტიდის მიღება, რომელიც მიღებულია ძროხისგან.
- კუნთების მშენებლობისათვის ეფექტურია 15 გრამი კოლაგენის მიღება ყოველდღიურად.
ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი ამცირებს კოლაგენის წარმოებას, იკლებს კანის ელასტიურობა, წარმოიქმნება ნაოჭები და სუსტდება ძვალ-სახსროვანი სისტემა. ქალების შემთხვევაში, მენოპაუზის შემდეგ კოლაგენის სინთეზის მკვეთრი შემცირება ხდება. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ 60 წლის შემდეგ კოლაგენის წარმოების შემცირება სრულიად ნორმალური მოვლენაა. ასე რომ, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო საჭირო და აუცილებელი დანამატი ხდება კოლაგენი, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოების სწორი ფუნქციონირებისთვის.