კატეგორიის გარეშე

რა არის ნაბახუსევი და როგორ დავუბრუნდეთ ჩვეულ მდგომარეობას დღესასწაულის შემდეგ

ახალი წელი სადღესასწაულო განწყობის, საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარებისა და ახალი იმედების დროა. თითოეული ქვეყანა შობა-ახალი წლის დღეებს განსხვავებულად, საკუთარი ტრადიცებისა და ცხოვრების წესის შესაბამისად ხვდება. საქართველოსა და ქართველებისათვის ეს დღეები წარმოუდგენელია ოჯახური შეკრების, დიდი სუფრისა და ალკოჰოლური სასმლის გარეშე. სადღესასწაულო დღეებისა და ჯადოსნური თრობის შემდეგ, გარდაუვალია ნაბახუსევი და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებები. ამიტომაც, გადავწყვიტე ამ სტატიაში მოგიყვეთ ნაბახუსევიდან  გამოსვლის ყველაზე მარტივი, ეფექტური და მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების შესახებ.

ნაბახუსევი არის უსიამოვნო ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ ხდება ალკოჰოლის, მაგალითად, ღვინის, ლუდისა და გამოხდილი ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემდეგ. იგი იწყება მას შემდეგ, რაც სისხლში ალკოჰოლის დონე დაეცემა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ყველაზე ცუდი სიმპტომები თავს იჩენს მაშინ, როდესაც სხეულში ალკოჰოლის დონე ნულს მიაღწევს. ნაბახუსევი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი, ან უკიდურეს შემთხვევაში, 24 საათზე მეტი ხანიც კი. ტიპიური სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, ძილიანობა, კონცენტრაციის პრობლემები, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, დაღლილობა, კუჭ-ნაწლავის ტკივილი (მაგ: ღებინება, დიარეა), შიმშილის არარსებობა, სინათლისადმი მგრძნობელობა, დეპრესია, ოფლიანობა, გულისრევა, ჰიპერაგზნებადობა, გაღიზიანება, შფოთვა და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაბახუსევის გამოწვევის ფიზიოლოგიური მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის, ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის: აცეტალდეჰიდის დაგროვება, იმუნური სისტემის ცვლილებები, გლუკოზის მეტაბოლიზმი, დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი, დარღვეული პროსტაგლანდინების სინთეზი, გულის გაძლიერებული მუშაობა, ვაზოდილატაცია, არასრულფასოვანი ძილი და სხვა. ზოგიერთ რთულ ორგანულ მოლეკულას, რომელიც ალკოჰოლურ სასმელში გვხვდება, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ნაბახუსევის ეფექტის წარმოქმნაში. მაგალითად, მეთანოლი, მეტაბოლიზდება განსაკუთრებით ტოქსიკურ ნივთიერებებად -ფორმალდეჰიდდად და ფორმჟავად.

მიღების შემდეგ, ალკოჰოლურ სასმელებში არსებული ეთანოლი, ფერმენტ ალკოჰოლდე ჰიდროგენაზას მიერ ჯერ გადაიქცევა აცეტალდეჰიდად და შემდეგ დაჟანგვისა და გადამუშავების პროცესით ძმარმჟავად. ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლით გამოწვეული რედოქსური ცვლილებების შედეგები მოიცავს ტრიგლიცერიდების წარმოქმნის ზრდას, ამინომჟავების კატაბოლიზმის ზრდას, ლიმონმჟავას ციკლის დათრგუნვას, რძემჟავა აციდოზს, ჰიპერურიკემიას, კორტიზოლის და ანდროგენების მეტაბოლიზმის დარღვევას და ფიბროგენეზს. აქედან ცხადია, რომ ნაბახუსევი სხეულის საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური მდგომარეობაა და მისადმი არასერიოზულმა და უყურადღებო დამოკიდებულებამ შესაძლოა ფატალური შედეგებიც კი მოიტანოს.

ნაბახუსევის თავიდან აცილების ერთადერთი და 100%-ით უებარი საშუალება, ეს არის ალკოჰოლის არ მიღება. სხვა შემთხვევაში, იქნება ეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის მიღება, თუ მსუბუქად შეთრობა, დილით ნაბახუსევის გარკვეული სიმპტომები აუცილებლად შეგაწუხებთ. თუმცა, სწორი მოქმედებებით შეგიძლიათ მისი გამომწვევი ფაქტორების გავლენის შემცირება და ნაბახუსევის მტანჯველი საათების შედარებით მარტივად და სწრაფად გადატანა. გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ და მეცნიერულად დადასტურებულ გზებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნაბახუსევის მსუბუქად გადატანაში და ორგანიზმის მაქსიმალურად დაცვაში.

ჰიდრატაცია მაღალი დოზით. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ნაბახუსევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სახიფათო სიმპტომი არის დეჰიდრატაცია. ალკოჰოლს აქვს შარდმდენი ეფექტი. ეს ნიშნავს, რომ ის ზრდის შარდის გამომუშავებას, რაც იწვევს სითხის და ელექტროლიტების დაკარგვას. ასევე ალკოჰოლის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, რაც იწვევს სითხეებისა და ელექტროლიტების კიდევ უფრო დიდი რაოდენობით დაკარგვას. ამას გარდა, ალკოჰოლური სასმელების მოქმედებამ კუჭის ლორწოვანზე, შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, რადგან ალკოჰოლი ასტიმულირებს მარილმჟავას წარმოქმნას კუჭში. დიახ, ის უდაბნოს მსგავსი წყურვილი, რომელიც დილის საათებში გაღვიძებთ, არის იმის სიგნალი, რომ თქვენ განიცდით დეჰიდრატაციას მთელი თავისი დიდებულებით.

ასეთ დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ წყალს. ნაბახუსევის დროს მისაღები კონკრეტულად განსაზღვრული წყლის რაოდენობა არ არსებობს, რაც უფრო მეტ წყალს დალევთ, მით უფრო მალე და ადვილად გადაიტანთ მტანჯველ და შემაწუხებელ ნაბახუსევს.

შეავსეთ ორგანიზმი ნახშირწყლით. ალკოჰოლი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. სწორედ ამით არის გამოწვეული თავბრუსხვევა და თავის ტკივილი ნაბახუსევზე. ასეთ დროს, აუცილებელია ტვინს მივაწოდოთ საწვავი და ეს საწვავი სწორედ ნახშირწყალია.

ნაბახუსევის შემთხვევაში სასურველია თუ მიიღებთ მარტივ ნახშირწყალს, როგორიცაა: ტოსტი, ორცხობილა ან მარილიანი კრეკერი. ამასთანავე, ეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტად მარილიანი და ცხიმიანი ნახშირწყლოვანი საკვები, მაგალითად ჩიფსი. ზედმეტად მარილიანმა და ცხიმიანმა საკვებმა შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება გამოიწვიოს.

თუ ნაბახუსევზე თავს ცუდად გრძნობთ და საკვების მიღების სურვილი არ გაქვთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სპეციალურად შექმნილი საკვები დანამატი დალიოთ, რომელიც სხვადასხვა ტიპის ნახშირწყლების კომპექსს წარმოადგენს. ამგვარად არასასურველი საჭმლის მიღების გარეშე შეძლებთ ორგანიზმისთვის ნახშირწყლის მიწოდებას და სისხლში შაქრის დონის დასტაბილურებას.

დაიბრუნეთ დაკარგული ელექტროლიტები. რადგანაც ალკოჰოლი შარდმდენი საშუალებაა, თრობის პროცესში დიდი რაოდენობით შარდს გამოვყოფთ და შესაბამისად ვკარგავთ დიდი რაოდენობით ელექტროლიტებსაც. სწორედ ამ საჭირო მინერალების ნაკლებობა არის ერთ-ერთი მიზეზი, როს გამოც ნაბახუსევზე თავს გადაღლილად და ძალა გამოცლილად ვგრძნობთ.

ვინაიდან ყველა საჭირო ელექტროლიტის მიღება მხოლოდ საკვებიდან საკმაოდ გაგიჭირდებათ, ამიტომაც სწრაფი და გარანტირებული შედეგისთვის შეგიძლიათ ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული სპორტული სასმელის მიღება. აქტიური ფიზიკური ცხოვრებით დაკავებული ადამიანები, დიდი რაოდენობით ოფლს კარგავენ, რაც თავისთავად ელექტროლიტების დაკარგვასაც ნიშნავს. სწორედ იგივე პრობლემის წინაშე იმყოფება დიდი რაოდენობით ალოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი მეორე დილით.

ელექტროლიტებით გამდიდრებული სპორტული სასმელი სწრაფად და ეფექტურად შეგავსებთ დაკარგული ელექტროლიტებით და დაგეხმარებათ დაღლილობისა და ნაბახუსევის სხვა არასასიამოვნო შეგრძნებების სწრაფად გადალახვაში.

სრულფასოვანი ძილი. ძილი ადამიანის ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო რამაა. ეს საჭიროება კიდევ უფრო იმატებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა და დააქვეითოს მისი ხარისხი და ხანგძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლის მცირე და საშუალო ოდენობამ შეიძლება თავდაპირველად ხელი შეუწყოს ჩაძინებას, კვლევებმა აჩვენა, რომ გაზრდილმა რაოდენობამ და  ალკოჰოლის ქრონიკულმა გამოყენებამ შეიძლება საბოლოოდ შეაფერხოს ძილის პროცესი.

დაღლილობა, თავის ტკივილი და გაღიზიანება არის ნაბახუსევის სიმპტომი, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ძილის ნაკლებობით. ალკოჰოლური თრობის შემდეგ, არასაკმარისი გამოძინების შემთხვევაში, დაგაკლდებათ საკმარისი რაოდენობის ღრმა ძილი და ვერ მოახდენს თქვენი ორგანიზმი აღდგენასა და დასვენებას. შედეგად კი, დილით კიდევ უფრო დაღლილი და გაღიზიანებული გაიღვეძებთ.

არც კი გაიხედოთ ალკოჰოლისკენ. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ნაბახუსევზე ალკოჰოლის მიღება ყველაზე ეფექტური და ადვილი გზაა მძიმე სიმპტომების გადალახვისთვის. ამ აზრს გარკვეული ლოგიკური საფუძველი აქვს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალკოჰოლის დალევის შემდეგ, მეთანოლი გარდაიქმნება ფორმალდეჰიდად, ტოქსიკურ ნაერთად, რომელიც შეიძლება გახდეს ნაბახუსევის ზოგიერთი სიმპტომების მიზეზი. ასეთ დროს ალკოჰოლის (ეთანოლის) მიღებამ შეუძლია შეაჩეროს ეს გარდაქმნა და ხელი შეუშალოს ფორმალდეჰიდის წარმოქმნას. თუმცაღა ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. თქვენ მომდევნო, ან იმის შემდეგ დილით აუცილებლად უარი უნდა თქვათ ალკოჰოლის მიღების გაგრძელებაზე და რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უფრო მარტივად გადაიტანს ამას თქვენი ორგანიზმი.

პროდუქტები, რომლებიც შეგიძლით მიიღოთ ნაბახუსევზე. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებისა, ნაბახუსევის სიმპტომების შესამცირებლად ასევე შეგიძლიათ მიიღოთ:

  • ჟენშენი. ჟენშიენი ტრადიციულ ჩინურ ჰერბალისტიკაში ფართოდ გავრცელებული მცენარეა. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მას შეუძლია გავლენა იქონიოს სისხლში ალკოჰოლის, შაქრისა და არტერიული წნევის დონეზე და შეამციროს ნაბახუსევის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: თავბრუსხვევა, თავისა და მუცლის ტკივილი.
  • ყავა და ჩაი. ეს პროდუქტები შეიცავენ კოფეინს. კოფეინს არ გააჩნია პირდაპირი ნაბახუსევის საწინააღმდეგო მოქმედებები, თუმცა როგორც სტიმულანტი შეუძლია დაგეხმაროთ გამოფხიზლებასა და ენერგიის მომატებაში.
  • თუთია და B ჯგუფის ვიტამინები. როგორც ზემოთ აღვნიშნე ჭარბი ალკოჰოლის მიღება ასუსტებს იმუნიტეტს. თუთია კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. რაც შეეხება B ჯგუფის ვიტამინებს, ისინი უზრუნველყოფენ ნახშირწყლების მიეტაბოლიზმს და აჩქარებენ სისხლში შაქრის დონის დასტაბილურებას.
  • კვერცხი. ნაბახუსევის მძიმე დილას, სრულფასოვანი საუზმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. კვერცხი საკვები ნივთიერებების ძვირფასი წყაროა და შეიცავს ადვილად ათვისებად ცილას, რომელიც არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაბახუსევის დროს, როდესაც ადამიანს აღენიშნება გულის რევის შეგრძნება და საჭმლის მონელების დარღვევა.

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ნაბახუსევის მძიმე და არასასიამოვნო მდგომარეობა არ გამოუცდია საკუთარ თავზე. არადა ალკოჰოლი დღესასწაულების და გამორჩეული თარიღების გულითადი მეგობარია. მოერიდეთ ალკოჰოლის დიდი რაოდენობი სისტემატიურ მოხმარებას და ზემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ ნაბახუსევის შედარებით ადვილად და სასიამოვნოდ გადალახვაში.

კომენტარის დატოვება