ზაფხულის დადგომასთა ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ვარჯიშს და ცდილობს სხეულის ლამაზი ფორმების გამოკვეთას. ზოგიერთი მათგანისთვის ეს პირველი ცდაა, ზოგიერთი კი მხოლოდ ზაფხულის სეზონისთვის სტუმრობს ფიტნეს დარბაზს. დროთა განმავლობაში, საქართველოს ცალკეულ ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქში, განვითარდა ვარჯიშის კულტურა და დღეისათვის თბილისში უკვე 100-მდე ფიტნეს დარბაზი ფუნქციონირებს. მათგან ზოგიერთი ფიტნეს ცენტრია, ზოგიერთი ფიტნეს კლუბი, ზოგიერთი ოლდ სქულ ჯიმი და ზოგიერთი მათ ერთგვარ ნაზავსაც გვთავაზობს. ამ ბლოგში გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტორს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ თქვენთვის სასურველი სავარჯიშო დარბაზის შერჩევისას.
ფასი. ვინაიდან საქართველოზე ვსაუბრობთ, ფასის ფაქტორს ვერ გავექცევით. ძირითად შემთხვევაში, ადამიანები გადაწყვეტილების მიღებისას 2 პრინციპით ხელმძღვანელობენ: არჩევენ ყველაზე დაბალფასიან სავარჯიშო დარბაზს, ან არჩევენ ფასისა და ხარისხის ოპტიმალურ თანხვედრას. ეცადეთ დარბაზის შერჩევისას ფასისა და ხარისხის მაქსიმალურად თქვენთვის მისაღები კომბინაცია შეარჩიოთ და რეალურად თანხა გადაიხადოთ ოპტიმალურ სავარჯიშო პირობებში და არა ხელოვნურად შექმნილ, არაფრის მომცემ კომფორტში.
- ფასდაკლებები. თითქმის ყველა სავარჯიშო დარბაზი პერიოდულად აცხადებს ფასდაკლებებს. ეს პროცესი ატარებს როგორც მარკეტინგულ, ასევე სოციალურ დატვირთვას. თუმცაღა, მომხმარებელი ორივე შემთხვევაში მოგებული რჩება და გირჩევთ ფასდაკლებებს ყურადღებით დააკვირდეთ. როგორც წესი ასეთი აქციები რაიმე დღესასწაულის (ახალი წელი, შობა, აღდგომა) ან კომპანიის დაბადების დღის აღსანიშნავად ცხადდება ხოლმე.
- საათობრივი ფასი. ზოგიერთი კომპანია აბონიმენტის ფასების საათობრივ და დღეობრივ დიფერენცირებას გვთავაზობს. აქვთ როგორც ულიმიტო, ასევე დღეების მიხედვით და ვიზიტის კონკრეტული საათების მიხედვით დაყოფილი აბონიმენტები. კონკრეტულ საათებზე გათვლილი საწევრო ფასი ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ულიმიტო აბონიმენტი. ამიტომაც, თუ თქვენ ძირითადად ერთ დროს აპირებთ ვარჯიშს (მაგალითად, მხოლოდ დილით) შეგიძლიათ შეიძინოთ უშუალოდ დილის აბონიმენტი.
- გრძელვადიანი აბონიმენტი. თითქმის ყველა სავარჯიშო დარბაზი გვთავაზობს სხვადასხვა ხანგძლივობის აბონიმენტის არჩევანს. იწყება 2 კვირიდან და არის როგორც 1 თვიანი, ასევე 3 თვიანი, 1 წლიანი და 3 წლიანი აბონიმენტებიც კი. ხანგძლივი დროის აბონიმენტის შეძენას აქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თავისთავად, რაც უფრო დიდი ხანგძლივობის საწევროს შეიძენთ, იგი პროპორციულად უფრო იაფი იქნება. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 1 და 3 წლიანი აბონიმენტის შეძენისას, თქვენ იძულებული ხართ ამ პერიოდის განმავლობაში იყოს კონკრეტული დარბაზის წევრი. შესაძლოა დარბაზის ხარისხი გაუარესდეს, მომსახურე პერსონალი შეიცვალოს, ან სულაც რემონტი დაიწყოს და მთელი ამ დროის განმავლობაში დაკეტილი იყოს. მაგრამ თქვენ ვერაფერს იზავთ, რადგან საკმაოდ სოლიდური თანხა გაქვთ გადახდილი და იძულებული ხართ ამ სავარჯიშო დარბაზის წევრად დარჩეთ.
ადგილმდებარეობა. ადგილმდებარეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სავარჯიშო დარბაზის შერჩევისას. ეცადეთ სახლთან ან სამსახურთან რაც შეიძლება ახლოს მდებარე ტერიტორიაზე შეარჩიოთ დარბაზი, რათა უფრო გაგიადვილდეთ მისვლა და გზის ფაქტორმა თქვენი მოტივაცია არ შეამციროს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პარკინგი. თანამედროვე თბილისი საკმაოდ გადატვირთულია მანქანებით და პიკის საათებში თითქმის შეუძლებელია მანქანის საპარკინგე ადგილის პოვნა. შეარჩიეთ ისეთი ფიტნეს დარბაზი, რომელსაც საკუთარი საპარკინგე ადგილი აქვს, ან მინიმალურად გადატვირთულ ადგილზე მდებარეობს. თუ თქვენ არ გყავთ მანქანა და გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებთ, ისეთ ტერიტორიაზე გაამახვილეთ ყურადღება, სადაც ყველაზე მეტი ტრანსპორტი მოძრაობს და მეტროც ახლოსაა.
აღჭურვილობა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც უნდა შეამოწმოთ, სანამ დარბაზის წევრი გახდებით, არის სავარჯიშო აღჭურვილობა. დარწმუნდით, რომ დარბაზში არის ყველა საჭირო და აუცილებელი სავარჯიშო მოწყობილობა. ყურადღება გაამახვილეთ მოძრავი წონების რაოდენობაზე, როგორიცაა ჰანტელები და ბლინები. შეამოწმეთ, რომ ჰანტელები იყოს საკმარისი რაოდენობით მინიმალურიდან (1 კგ) მაქსიმალურამდე (50 კგ).
გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეთ ჟიმ ლოჟაზე და დარწმუნდით რომ ერთზე მეტი ჟიმის სკამია დარბაზში. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დღის დიდ ნაწილში, ჟიმზე მაღალი მოთხოვნა იქნება.
სივრცე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, არის სივრცე. ვინაიდან ფიტნეს დარბაზში ერთდროულად საკმაოდ ბევრი ადამიანი მოძრაობს, საკმარისი სივრცის არსებობა, კომფორტისა და მოხერხებულად ვარჯიშისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
სავარჯიშო დარბაზის დაუწერელი კანონია მაღალი ჭერის არსებობა, ვინაიდან, პირველ რიგში, მაღალი ჭერი ქმნის საბაზისო სივრცეს. ასევე ყურადღება გაამახვილეთ სხვადასხვა სპეციალიზებული სივრცის არსებობაზე, როგორებიცაა: სივრცე გასახურებლად/გაწელვისთვის, აერობიკის, სპინინგის, TRX-ის, პილატესის და სხვა ოთახები.
მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი სივრცე იყოს არა მხოლოდ უშუალოდ სავარჯიშო ადგილზე, არამედ გამოსაცვლელ ოთახებში და საშხაპეშიც კი.
და მაინც, შესაძლოა ერთი-შეხედვით სივრცე დიდი მოგეჩვენოთ, თუმცა პიკის საათში, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი ვარჯიშობს, სულაც არ იყოს ასე. ამიტომაც, სავარჯიშო დარბაზი შეამოწმეთ პიკის საათის დროს - საღამოს 7-9 საათის შუალედში.
სისუფთავე. ზოგადად და კონკრეტულად სავარჯიშო დარბაზის შემთხვევაშიც, სისუფთავე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. უპირველესად შეამოწმეთ სველი წერტილები. როგორც წესი, სველი წერტილების მდგომარეობა ყველაფერზე მეტყველებს. შეამოწმეთ როგორ მდგომარეობაში არის საშხაპეები და ნიჟარები. არის თუ არა საპონი, ხელსახოცი, ერთჯერადი ტილო და სხვა. სუნს რაც შეეხება, სუნს შესვლისთანავე იგრძნობთ და მჭიდროდ ჩაიბეჭდება, როგორც თქვენს ცნობიერში, ასევე ქვეცნობიერში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა შეამოწმოთ, არის უშუალოდ ტრენაჟორების სისუფთავე. ტრენაჟორების კონკრეტული ადგილები და მათზე განთავსებული მტვერი ყველაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს, თუ რამდენად ექცევა ყურადღება სისუფთავეს დარბაზში.
სისუფთავის მნიშვნელობა სპორტული დარბაზისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღის განმავლობაში ბევრი ადამიანი იმყოფება და ვირუსებისა და ინფექციების გადადება ძალიან ადვილია. სპორტული მედიცინის კლინიკურ ჟურნალში (Clinical Journal of Sport Medicine) გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დარბაზში რინოვირუსის (ვირუსის ყველაზე გავრცელებული ფორმა) გავრცელების 63% ინფიცირებულ ზედაპირზე ხელით კონტაქტის შედეგია. თანამედროვე რეალობაში, მთავარ რისკებს კიდევ ერთი, უკვე ყველასათვის ცნობილი ვირუსი დაემატა. ამიტომაც მნიშვნელოვანია დარბაზის ზედაპირების სისტემატიური დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით. ყურადღება მიაქციეთ, რომ როგორც სავარჯიშო, ასევე არასავარჯიშო სივრცეში საკმარისი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი სადეზინფექციო სითხეები.
პერსონალი. ერთ-ერთი ყურადსაღები ფაქტორი არის პერსონალი და მათი პროფესიონალიზმი. პირველ რიგში შეაგროვეთ ინფორმაცია დარბაზში მომუშავე მწვრთნელების შესახებ. მათი მოვალეობაა, რომ დასაწყისში აგიხსნან ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების ანა-ბანა. ამასთანავე, თუ გადაწყვეტთ, რომ ვარჯიშის განმავლობაში აიყვანოთ პერსონალური მწვრთნელი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს საკუთარი საქმის პროფესიონალი და თავაზიანი ადამიანი.
დამატებითი ბენეფიტები. ძირითად ფაქტორებთან ერთად, მომხმარებელზე ყოველთვის ახდენს გავლენას კლუბის მიერ შემოთავაზებული დამატებითი ბენეფიტები.
- ჯგუფური ვარჯიშები. დღეისთვის უკვე თითქმის ყველა სავარჯიშო დარბაზი გვთავაზობს ჯგუფურ ვარჯიშებს. აერობიკა, სპინინგი, ტაბატა, ბოქსი, ქროსფიტი, პილატესი და ა.შ, არის ჯგუფური ვარჯიშების სახეობები, რომლებსაც ფიტნეს დარბაზები გვთავაზობს.
- სამუშო საათები. სავარჯიშო დარბაზების გარკვეული ნაწილი უკვე 24 საათიან მომსახურებას გვთავაზობს. ეს გარკვეული პრივილეგია და კომფორტია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ვარჯიში დილით ადრე, ან გვიან საღამოს სურთ.
- სპორტული ბარი. სპორტული დარბაზების დიდი უმრავლესობა ასევე გვთავაზობს ბარს, სადაც ჯანსაღი საკვები, მარტივი წასახემსებელი და საკვები დანამატები იყიდება. ეს, ერთგვარი ბენეფიტია, რადგან ვარჯიშის შემდგომი სრულფასოვანი აღდგენისთვის, სწრაფად მიღებული საკვები და სწორად შერჩეული საკვები დანამატები ძალზედ მნიშვნელოვანია.
საბოლოოდ არჩევანი თქვენზეა. ბოლოსთვის რაც შემიძლია გირჩიოთ არის ის, რომ აუცილებლად დაკვირვებით შეარჩიოთ სავარჯიშო დარბაზი. ეს შესაძლოა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ დროთა განმავლობაში დარბაზი თქვენი საყვარელი ადგილი, ერთგული მეგობარი და ყველა ძვირფასი განსატვირთი ადგილი გახდება. ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია ფიტნეს დარბაზის შერჩევამდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით „ასჯერ გაზომოთ“.