21-ე საუკუნეში ჯანსაღი კვება და ჭარბწონიანობასთან ბრძოლა ადამიანების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. დროის, ფინანსების, მოტივაციისა თუ სხვა რესურსების არ ქონის გამო ადამიანები ვერ ახერხებენ ჯანმრთელად კვებას. ეს კი ჭარბწონიანობისა და მომატებული სიმსუქნის გარდა, სხვადასხვა მძიმე დაავადებებსაც იწვევს. სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და ტრენდული ხდება სხვადასხვა დიეტები, თუ კვების გეგმები, რომლებიც ადამიანებს ეხმარება ზედმეტი წონის დაკლებაში და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაში.
ტრენდული დიეტები სწრაფად იცვლება და ხშირად ძნელია არათუ დაიწყო დიეტა, არამედ საერთოდ მიხვდე რომელი დიეტაა ყველაზე ოპტიმალური როგორც შედეგის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ ბლოგში მოგიყვეთ 2020 წლის ყველაზე ტრენდული და ეფექტური დიეტების შესახებ.
აშშ-ს ჯანმრთელობის ექსპერტებმა, დიეტოლოგებმა და ნუტრიციოლოგისტებმა შაერჩიეს ტოპ 5 დიეტა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დაცვის სიმარტივე, უსაფრთხოება, ორგანიზმის სრულფასოვანი გამოკვება, ეფექტური წონის კლება, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია. 2020 წლის ყველაზე ტრენდული ტოპ 5 დიეტა ასე გამოიყურება:
5. მაიოს კლინიკის დიეტა (Mayo Clinic Diet) - მაიოს კლინიკის უნიკალური კვების პირამიდის დახმარებით დაივიწყებთ თქვენს ცუდ კვებით ჩვევებს და მათ მხოლოდ ჯანსაღი საკვებით ჩაანაცვლებთ. დიეტა ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბოსტნეულზე, ხილსა და მარცვლეულზე. ასეთი ტიპის საკვებს გააჩნია დაბალი ენერგეტიკული ღირებულება, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ მეტ საკვებს მიიღებთ, მაგრამ კალორაჟი ნაკლები იქნება. ამ დიეტის დაცვით თქვენ შეძლებთ კვირაში 0,5-1 კილოგრამამდე წონის დაკლებას და რაც მთავარია, ზედმეტი სტრესისა და ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. ექსპერტების დეტალური შეფასება აღნიშნული დიეტის მიმართა ასე გამოიყურება:
- მოკლევადიანი წონის კლება - 3.2/5
- გრძელვადიანი წონის კლება - 3.1/5
- დაცვის სიმარტივე - 3.0/5
- სიჯანსაღე - 4.4/5
4. WW (weight watchers) დიეტა - სხვა დიეტებისგან განსხვავებით, ეს დიეტა ძირითადად ორიენტირებულია არა მკაცრ შეზღუდვებზე, არამედ ჯანსაღ კვებასა და მეტ მოძრაობაზე. 2019 წლის განახლებული myWW პროგრამა არის თითოეულ ადამიანზე მორგებული, ყველაზე მოქნილი პროგრამა. იგი ემყარება ე.წ smart point სისტემას, რომელიც თითოეულ საკვებსა და სასმელს, მისი კვებითი ღირებულების ხარჯზე ანიჭებს უნიკალურ ინდექსს. პროგრამა თითოეული დიეტის მიმდევარი ადამიანებისთვის, მათი კვების რაციონისა და ცხოვრების წესის შესაბამისად, განსაზღვრავს საკვებს და მისი მიღების დოზებს. დიეტის უპირატესობა არის ის, რომ არ არსებობს აკრძალული საკვები და თითოეული ადამიანისათვის იქმნება მასზე მორგებული კვების გეგმა. თუმცა, აღნიშნულ პროგრმაში ჩართვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ექსპერტები დიეტას შემდეგნაირად აფასებენ:
- მოკლევადიანი წონის კლება - 3.8/5
- გრძელვადიანი წონის კლება - 3.4/5
- დაცვის სიმარტივე - 3.4/5
- სიჯანსაღე - 4.5/5
3. მოქნილი დიეტა (The flexitarian diet) - დასახელება მოქნილი (flexitarian) მიღებულია ორი სიტყვის, მოქნილობა (flexible) და ვეგეტარიანული (vegetarian) შეერთებით. ეს ტერმინი პირველად 2009 წელს გამოჩნდა წიგნში - „მოქნილი დიეტა - ყველაზე ვეგეტარიანული საშუალება წონის კლებისთვის, იყავი ჯანმრთელი, თავიდან აირიდე დაავადებები და გაიხანგძლივე სიცოცხლე“. დიეტა მეტი მცენარეული საკვების და ნაკლები ხორცის მიღებით გვთავაზობს არა მხოლოდ წონაში კლებას, არამედ მთლიანად ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტისა და კიბოთი დაავადების თავიდან აცილების შესაძლებლობას. მისი დადებითი მხარეა ის, რომ არის მოხერებული და შესაძლებელია უამრავი, გემრიელი რეცეპტის მოძიება. თუმცა იგი ძირითად ყურადღებას ამახვილებს შინ მომზადებულ საკვებზე და ამასთანავე, შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის ძნელი იყოს ყოველდღიურად მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის მიღება.
ექსპერტების მიერ დიეტა შეფასებულია:
- მოკლევადიანი წონის კლება - 3.5/5
- გრძელვადიანი წონის კლება - 3.4/5
- დაცვის სიმარტივე - 3.5/5
- სიჯანსაღე - 4.7/5
2. DASH დიეტა - ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკვებზე, როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, სუფთა ცილა, უცხიმო რძე და ა.შ. ამ პროდუქტებში დიდი რაოდენობით შედის არტერიული წნევის დამწევი ისეთი ნუტრიენტები, როგორებიცაა: კალიუმი, კალციუმი, ცილა და საკვები ბოჭკო. დიეტას, სხვა დადებით თვისებებთან ერთად ახასიათებს ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) წინააღმდეგ ბრძოლა და მისი დაცვა რეკომენდირებულია აღნიშნული დაავდების მქონე ადამიანებისთვის. დიეტის დროს მკაცრად აკრძალულია ცხიმებით გაჯერებული საკვების მიღება, მაგალითად: მაღალ ცხიმოვანი ხორცი, რძის ცხიმიანი ნაწარმი, ტროპიკული ზეთები, შაქრიანი სასმელი და ტკბილეულობა. ექსპერტების მიერ დიეტა კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შემდეგნაირად ფასდება:
- მოკლევადიანი წონის კლება - 3.0/5
- გრძელვადიანი წონის კლება - 3.3/5
- დაცვის სიმარტივე - 3.2/5
- სიჯანსაღე - 4.8/5
1. ხმელთაშუა ზღვის (Mediterranean) დიეტა - ეს არის ექსპერტების მიერ დასახელებული 2020 წლის საუკეთესო დიეტა. ცნობილია, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლის ხანგძლივობის მაჩვენებელი მაღალია და ნაკლებად არიან დაავდებულნი ისეთი დაავადებებით, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მათი ჯანმრთელობის მთავარი საიდუმლო აქტიური ცხოვრების წესთან ერთად, არის საკვები რაციონი. ამ დიეტის დაცვით შესაძლებელია როგორც წონის დაკლება, ასევე გულისა და ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნება, კიბოს პრევენცია და დიაბეტის პროფილაქტიკა და კონტროლი. იგი არ არის სტრუქტურული დიეტა და თითოეული ადამიანი პირადად განსაზღვრავს რამდენი კალორია უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რომ დაიკლოს წონაში, ან შეინარჩუნოს წონა. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ საკვებ რაციონში გამოყენებული იყოს ხმელთაშუა ზღვის მენიუ. 1993 წელს ჰარვარდის სკოლის პროფესორების მიერ შეიქმნა ე.წ ხმელთაშუა ზღვის დიეტის პირამიდა, რომლის საფუძველი და საბაზისო ეტაპი არის აქტიური ფიზიკური ცხოვრება. პირამიდის შემდეგი საფეხური არის ისეთი მნიშვნელოვანი ყოველდღიური საკვები, როგორებიცაა: მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, მწვანილი, თხილეული და ჯასაღი ცხიმები (ზეითუნის ზეთი). შემდეგ საფეხურს წარმოადგენს თევზეული და ზღვის პროდუტები, რომელთა მიღებაც რეკომენდირებულია კვირაში ორჯერ. შემდეგი საფეხურია რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი და ქათმის ხორცი, რომელთა მიღებაც ზომიერადაა რეკომედირებული. ხოლო ბოლო საფეხურს კი შეადგენს წითელი ხორცი და ტკბილეული, რომლის მიღებაც ძალზედ იშვიათადაა სასურველი.
რაც შეეხება ექსპერტების შეფასებას, ასეთია:
- მოკლევადიანი წონის კლება - 2.9/5
- გრძელვადიანი წონის კლება - 3.0/5
- დაცვის სიმარტივე - 3.7/5
- სიჯანსაღე - 4.8/5