დაბალკალორიული სოუსები, ანუ როგორ გავხადოთ ჯანსაღი კვება სასიამოვნო

სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების სტილი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ცილოვანი, გადაუმუშავებელი საკვები არცთუ ისე სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა და მისი ყოველდღიურ საკვებ რაციონში ჩართვა დიდ ნებისყოფას მოითხოვს.

საინტერესოა როგორ მოვახერხოთ, რომ უარი არ ვთქვათ ჯანსაღ კვებაზე და ამავდროულად ვისიამოვნოთ ჩვენს მიერ მირთმეული საკვებით. სწორედ ამისათვის ჯანსაღი კვების ინდუსტრიაში მოიპოვება ისეთი ცხიმები, საკაზმები თუ საწებლები, რომლებიც შემატებს თქვენს საკვებს გემრიელ არომატს და ყოველი კვება ისევ გახდება სასიამოვნო პროცესი.

ამჯერად, დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით ერთ-ერთ ასეთ პროდუქტზე - სოუსზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი ჯანსაღი კვების დროს.

საკვები რაციონის გამრავალფეროვნების მიზნით, ჯანსაღი და ამავდროულად გემრიელი სოუსის მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ამჯერად რამდენიმე გემრიელი, ადვილად მოსამზადებელი და ჯანსაღი სოუსის მომზადების რეცეპტს გაგაცნობთ:

სეზამის და ხახვის სოუსი. 

ინგრედიენტები:

5 საშუალო ზომის ხახვი (თხლად დაჭრილი)

1 ჭიქა მსხვილად დაჭრილი ოხრახუში

¼ ჭიქა ბრინჯის, ან ვაშლის ძმარი

2 სუფრის კოვზი ყურძნის, ან მცენარეული ზეთი

1 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი

1 სუფრის კოვზი თაფლი

1 მწარე წიწაკა (თხლად დაჭრილი)

მომზადების წესი:

ხახვი, ოხრახუში, ძმარი, ყურძნის ზეთი, სეზამის ზეთი და თაფლი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ მანამ, სანამ გლუვი მასა არ გახდება. შემდეგ დაამატეთ წიწაკა და ისევ დააბლენდერეთ, რომ კარგად შეერიოს. იმ შემთხვევაში თუ მასა ძალიან სქელი გამოვიდა დაამატეთ 1 ჩაის კოვზი წყალი (გაითვალისწინეთ, რომ მასას უნდა ჰქონდეს ოდნავ სქელი კრემის კონსისტენცია). ბოლოს დაამატეთ მარილი გემოვებით. სოუსის მომზადება შესაძლებელია გამოყენებამდე 3 დღით ადრე. გადაიტანეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში და გააციეთ. უშუალოდ გამოყენებამდე მცირედ ათქვიფეთ.

ამ ჯანსაღი და უგემრიელესი სოუსის გამოყენება შესაძლებელია კვერცხთან, სალათის ფურცლებთან, კრევეტებთან, შემწვარ ქათამთან და სხვა პროდუქტებთან.

აღსანიშნავია, რომ ამ სოუსის უპირატესობა პიკანტურ გემოსთან ერთად მის სასარგებლო თვისებებსაც მოიცავს. ოხრახუში განსაკუთრებით მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით და მათ შორის, C ვიტამინით. 100 გრამ ოხრახუშში შედის 150მგ C ვიტამინი, რაც 4-ჯერ აღემატება 100 გრამი ლიმნის შემცველობას. შესაბამისად სოუსი განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთრის პერიოდში, როდესაც გვჭირდება იმუნიტეტის გაძლიერება.

არანაკლებ სასარგებლოა სეზამი და მისი ზეთიც. მიკრო და მაკრო ელემენტების ფართო სპექტრთან ერთად, იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3,6,9 ცხიმოვან მჟავებს. შესბამისად ნათელია, რომ ეს სოუსი არაჩევულებრივ გემოსთან ერთად, განსაკუთრებული სიჯანსაღითაც გამოირჩევა.

მარტივი ყველის სოუსი.

ინგრედიენტები:

4 სუფრის კოვზი კარაქი

¼ ჭიქა ფქვილი

3 ჭიქა დაბალცხიმიანი რძე

2 ½ ჭიქა გახეხილი ჩედარის ყველი

⅓ ჭიქა გახეხილი პარმეზანის ყველი

½ ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესი:

მოვათავსოთ კარაქი ქვაბში და გავადნოთ ნელ ცეცხლზე. დაამატეთ ფქვილი და თქვიფეთ გასქელებამდე, სანამ მასა არ შეყავისფრდება. ნელა დაამატეთ რძე და გააგრძელეთ თქვეფა. ხარშეთ, სანამ ნარევი არ გასქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ გახეხილი ჩედარი და პარმეზანი. სოუსი გადაიტანეთ დახურულ ჭურჭელში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააჩერეთ მაცივარში 3-5 დღე და მზადაა.

ეს გემრიელი სოუსი შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერ ბოსტნეულის კერძს და სალათს, მათ შორის ყვავილოვან და ბრიუსელის კომბოსტოს. სოუსი მეოთხედ ჭიქაზე გვთავაზობს სულ რაღაც 119 კალორიას, 5,6 გრამ ცილას, 2 გრამ შაქარს, 9 გრამ ცხიმს და 4 გრამ ნახშირწყალს. შესაბამისად მისი მიღება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, ვინც ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის და მკაცრ დიეტაზეა. 

იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ აქვთ დრო სახლში, საკუთარი ხელით მოამზადონ ჯანსაღი სოუსები, ბაზარზე მრავალი სახის მზა სოუსი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი მაღაზიის დახლებზე მადის აღმძვრელად და მიმზიდველად გამოიყურება, ძნელია შევარჩიოთ პროდუქტი, რომელიც გემრიელთან ერთად სასარგებლოც იქნება.

მზა სოუზებიდან ყველაზე მეტად პოპულარული და მოთხოვნადი ბარბიქიუს სოუსია. დაბალკალორიული და უცხიმო სოუსი დაგეხმარებათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი ჯანსაღი საკვები. ბარბექიუს სოუსი განსაკუთრებით სასიამოვნო გამოსაყენებელია გრილზე შემწვარი ქათმის საკაზმად. ჯანსაღი კვების მიმდევარი ადამიანებისათვის ქათამი და ქათმის ფილე თითქმის საუკეთესო მეგობარია. ეს ცილებით მდიდარი პროდუქტი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სწორი კვების რაციონში. შესაბამისად მისი ხშირად მიღება, სულ უფრო მომაბეზრებელს ხდის ამ ძვირფას პროდუქტს. სწორედ ამ დროს გვევლინება ბარბიქიუს სოუსი „მხსნელად“ და გვაძლევს შესაძლებლობას მისი მეშვეობით ისევ დავუმეგობრდეთ ქათამსა და ქათმის ფილეს. 

თუ თქვენ მწარე, პიკანტური გემოების მოყვარული ხართ და დიეტის დროს გიწევთ თავის შეკავება, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. თაფლისა და მდოგვის გამორჩეული სოუსი გაამრავალფეროვნებს თქვენს ჯანსაღ საკვებს და ეს ყველაფერი სულ რაღაც 4 კალორიის ხარჯზე.

სწორი და ჯანსღი კვება სულაც არ ნიშნავს უგემურ საჭმელს. სინამდვილეში,, ჯანსაღი საკვები შეიძლება ისეთივე გემრიელი იყოს, როგორც მაგალითად ჩვენთვის ასე საყვარელი სწრაფი კვება (fast food). და ჯანსაღ ბურგერზე რას იტყოდით? დიახ, დიახ არ მოგესმათ. იცოდით რომ ბურგერში კალორიების მთავარი წყარო სწორედ სოუსია? დაბალკალორიული ცხარე სოუსით მომზადებულ ბურგერებზე უარის თქმა დიეტის დროსაც არ მოგიწევთ.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანსაღი და სწორი კვება სულაც არ ნიშნავს უგემურ საჭმელსა და ტანჯვას. სახლში მარტივად მომზადებული სოუსებისა და სწორად შერჩეული მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი დიეტა გახადოთ ბევრად უფრო სასიამოვნო და მხიარული.