ფინტეს სამყაროში BCAA ერთ ერთი ყველაზე პოპულარული საკვებდანამატია. იგი ათწლეულებია გამოიყენება და მას აქტიურად მოიხმარენ ბოდიბილდერები, პროფესიონალი თუ მოყვარული სპორტსმენები. რაც დრო გადის, BCAA-ს როგორც საკვებდანამატის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ ჩნდება კითხვა: მართლა ასეთი ეფექტიანია მისი გამოყენება თუ უბრალოდ კარგად შეფუთული მითია?
ამ შეკითხვაზე პასუხი მხოლოდ „კი“ ან „არა“ ძალიან არადამაჯერებელი იქნება. ამიტომ, სრულფასოვანი პასუხისთვის პირველ რიგში, უნდა გავიგოთ რა არის BCAA და როგორი ქიმიური სტრუქტურა აქვს.
რა არის BCAA?
BCAA-ს სრული სახელია “განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები”. სახელი მიღებულია მისი ქიმიური სტრუქტურიდან , რაც ასევე გავლენას ახდენს ორგანიზმის გამოყენებაზე. BCAA-ში გაერთიანებული სამი შეუცვლელი ამინომჟავა, ესენია: ლეიცინი, ვალინი და იზოლეიცინი. ჩამოთვლილი ამინომჟავები მიეკუთვნება „არსებით“ კატეგორიას. ეს ნიშნავს, რომ სხეულს არ შეუძლია მათი წარმოება, მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვებიდან, ან საკვებდანამატის სახით.
რა განსხვავებაა BCAA-ს და სხვა ამინომჟავებს შორის? ამინომჟავების უმეტესობა მეტაბოლიზდება ან იშლება ღვიძლში, ხოლო BCAA მეტაბოლიზდება კუნთოვან ქსოვილში. ზუსტად ამ უნარის გამო ითვლება BCAA განსაკუთრებული ტიპის ამინომჟავად, სპორტსმენებისთვის და ბოდიბილდერებისთვის.
კუნთოვანი ქსოვილის გასაზრდელად, სხეულში კუნთების ბოჭკოების აშენების სიჩქარე უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე კუნთების დაშლის სიჩქარე. ეს შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც უშუალოდ კუნთოვან ქსოვილში საკმარისი რაოდენობის ამინომჟავები მეტაბოლიზდება.(როგორც ზემო აბზაცში განვიხილეთ BCAA არის ის ამინომჟავა, რომელიც უშუალოდ კუნთოვან ქსოვილში მეტაბოლიზდება)
ქსოვილის მცირე დაშლა ჯანსაღი ფიზიოლოგიური პროცესია, რაც არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ამ დაშლის შედეგად ამინომჟავების გამოყენება სხვადასხვა ქსოვილებსა თუ ორგანოებში მიმდინარეობს. თუმცა ვარჯიშისას, კუნთის დაშლა გაცილებით მაღალ ტემპში მიმდინარეობს. ამ დროს, ამინომჟავების ეს ჯგუფი, (BCAA) სიგნალს აძლევს კუნთოვანი ქსოვილის უჯრედებს, რათა არ მოხდეს მათი დიდი რაოდენობით დაშლა.(კატაბოლიზმი)
კიდევ ერთი "განსაკუთრებული თვისება", რომელიც BCAA-ს გააჩნია ეს არის „ანთების წინააღმდეგ ბრძოლა“, რომელიც ორგანიმში კუნთების ტკივილის შედეგად წარმოიქმნება. ანთებითი პროცესები ნებისმიერი ტიპის ინტენსიური ვარჯიშისას ჩნდება. მას ასევე უწოდებენ „კუნთების ცხელებას“.
როდესაც მსგავს სიტუაციაში თქვენ იღებთ BCAA-ს, სხეული მას აუცილებელი მოლეკულის შესაქმნელად იყენებს, რომელსაც გლუტამინი ჰქვია. ამის შემდეგ გლუტამინი იწყებს მოქმედებას უჯრედებზე, რა დროსაც მცირდება ანთება.
ლეიცინი, რომელიც BCAA-ს შემადგენლობაში დომინანტურ როლს თამაშობს, განსაკუთრებით ეფექტურია ანთების შესამცირებლად და, თავის მხრივ, კუნთების ტკივილის შესამცირებლად.
BCAA ბუნებრივი სახით, კუნთებში ამინომჟავების პროფილის დაახლოებით 35%-ს შეადგენს. ეს ფაქტიც ხაზს უსვამს თუ რამდენად აუცილებელია მისი მიღება მაშინ, როდესაც კუნთოვან ქსოვილს მიზანმიმართულად ვტვირთავთ.
BCAA-ში შემავალი ამინომჟავები მჭიდროდ არის კავშირში ტრიპტოფანთან. ეს არის უაღრესად აუცილებელი ქიმიური ნივთიერება, რომელიც მუდმივად ესაჭიროება ტვინს, რათა განწყობის და სამოტივაციო ჰორმონის სეროტონინის სტაბილური გამოყოფა მოხდეს. თუ ადამიანი აქტიურად ვარჯიშობს და არ იღებს ამინომჟავებს, ამან შეიძლება შეამციროს ორგანიზმში სეროტონინის დონე, რაც შემდგომ გამოიხატება მუდიმივი დაღლილობის შეგრძნებაში.
როგორც დავინახეთ BCAA-როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის, მით უმეტეს ფიზიკური აქტივობის დროს. ამის თქმის მიზეზს გვაძლევს მისი ქიმიური სტრუქტურა, რომელიც სხეულის არაერთ მეტაბოლურ პროცესშია ჩართული.