კატეგორიის გარეშე

რა არის გლუტამინი და რა გავლენა აქვს ორგანიზმისთვის

ადამიანის ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაში სხვადასხვა მიკრო და მაკრო ნივთიერებაა ჩართული. თითოეული მათგანის როლი შეუცვლელია, თუმცა არსებობს უფრო მეტად მნიშვნელოვანი ნივთიერებები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი სხეულის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის.

სწორედ ასეთი შეუცვლელი ელემენტია ამინომჟავები, რომლებიც წარმოადგენენ ცილის მშენებლობისთვის აუცილებელ ბლოკებს. სწორედ ამიტომ, ამინომჟავა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თუ ადამიანი სპორტსმენია, ვარჯიშობს, ან უბრალოდ აქტიური ცხოვრების სტილითაა დაკავებული.

ამინომჟავა არის ორგანული ნაერთი, რომელიც შეიცავს ამინომჟავისა და კარბოქსილის ფუნქციურ ჯგუფებს. ამ ეტაპზე ცნობილია 500-მდე ამინომჟავა, თუმცა ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ 20 მათგანი გვხვდება.

ამ 20 ამინომჟავიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ლ-გლუტამინი. იგი არის „პირობითად შეუცვლელი ამინომჟავა“, რაც გულისხმობს იმას, რომ სინთეზირდება ორგანიზმში, თუმცა გარკვეულ პირობებში (მაგალითად ვარჯიშის დროს) ორგანიზმს სჭირდება მისი გარედან მიღებაც. სხვა ამინომჟავის მსგავსად, იგი გვხვდება ორი განსხვავებული ფორმით: L- გლუტამინი და D- გლუტამინი. ისინი თითქმის იდენტურია, მაგრამ ოდნავ განსხვავებული მოლეკულური განლაგება აქვთ. ძირითად შემთხვევებში საკვებიც და საკვები დანამატებიც შეიცავენ L-გლუტამინს.

ჩვენი ორგანიზმი ძირითადად L-გლუტამინს იყენებს ცილის სინთეზსა და სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში. იგი ბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში და დიდი რაოდენობით გვხვდება სისხლსა და სხეულში არსებულ სხვა სითხეებში.  თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ჩვენს ორგანიზმს იმაზე მეტი გლუტამინი ესაჭიროება, ვიდრე აწარმოებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია იგი მივაწოდოთ საკვების, ან საკვები დანამატის მეშვეობით.

პირველად ამინომჟავის სამრეწველო წარმოება 1909 წელს დაიწყო. 1950-იანი წლების ბოლოს შეიქმნა ე.წ დუღილის ტექნოლოგია, რამაც შესაძლებელი გახადა ამინომჟავების კომერციული წარმოება. რაც შეეხება უშუალოდ L-გლუტამინს, მისი წარმოება 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო. დღეისათვის ამინომჟავების წლიური მთლიანი მოხმარება აღემატება 2 მლნ ტონას. წლიური მოთხოვნა L-გლუტამინზე, როგორც საკვები დანამატი და ფარამცევტული პროდუქტი, 2 მლნ ტონას აჭარბებს.

აღდგენა და კუნთის ზრდა. ისეთ პირობებში, როგორიცაა: მძიმე ფიზიკური დატვირთვა, სხეულის დაზიანება, ქირურგიული ჩარევა, ან ინფექცია, იმატებს სხეულში სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის გამოყოფა. მისმა მომატებულმა დონემ შესაძლოა შეამციროს ორგანიზმში გლუტამინის რაოდენობა. კვლევამ აჩვენა, რომ გლუტამინის დანამატის სახით მიღება შეიძლება  დაეხმაროს მძიმე დაავადების ან ტრავმის მქონე ადამიანებში სიკვდილიანობის შემცირებას.

თავის მხრივ აქტიური ვარჯიშისა და მაღალი ფიზიკური დატვირთვის დროს, გლუტამინის მიღება ამცირებს კორტიზოლის დონეს და ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს. ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, შესაძლოა უჯრედში გლუტამინის დონე 50 პროცენტით შემცირდეს. ასეთი კატაბოლური მდგომარეობის დროს დიდია საფრთხე სხეულმა ენერგიის მისაღებად ნახშირწყლების ნაცვლად კუნთოვანი ქსოვილი გამოიყენოს. L-გლუტამინის მიღებით დაბლოკავთ ამ პროცესს და შეინარჩუნებთ კუნთოვან მასას.

გარდა ამისა, L-გლუტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილის სინთეზში და უზრუნველყოფს ცილოვანი სტრუქტურის სწრაფ მშენებლობას (კუნთი, კანი და ა.შ). იგი ამცირებს L-ლეიცინის დაჟანგვის პროცესს და ზრდის მის ეფექტურობას კუნთების მშენებლობის პროცესში.

L-გლუტამინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის დადებითი აზოტის ბალანსის შენარჩუნება. გლუტამინი უზრუნველყოფს, რომ სისხლის მეშვეობით აზოტი მიეწოდოს კუნთებს და გამოყენებული იქნას კუნთის შენების პროცესში. აზოტის დადებითი ბალანსის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მშრალი კუნთოვანი მასის ზრდისთვის. გლუტამინი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და გამოდევნის ჭარბ ამიაკს.

ერთ-ერთი კვლევით დადასტურდა, რომ 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება ამცირებს გლუტამინის დონეს ორგანიზმში. გარდა ამისა, გლუტამინის დონეზე ასევე უარყოფითად მოქმედებს დიდხნიანი აერობული ვარჯიში. გლუტამინის დონის შემცირება კი, თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებს იმუნურ სისტემას.

იმუნური სისტემა. გლუტამინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, ძლიერი იმუნური სისტემის შენარჩუნებაა. იგი წარმოადგენს ერთგვარ საწვავს იმუნური უჯრედებისთვის, მათ შორის სისხლის თეთრი და ზოგიერთი ნაწლავის უჯრედისთვის. შესაბამისად, გლუტამინის არასაკმარისი დონე ორგანიზმში, ასუსტებს იმუნურ სისტემას და ნაკლებად ქმედითუნარიანს ხდის მას.

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ გლუტამინის დანამატების სახით მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს ჯანმრთელობა, შეამციროს ინფექციები და გამოიწვიოს ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება.

საჭმლის მომნელებელი სისტემა. გლუტამინის სარგებელი იმუნური სისტემის გაძლიერებაში, დაკავშირებულია მის როლთან ნაწლავის ჯანმრთელობაში. ადამიანის იმუნური სისტემის 60% სწორედ ნაწლავში მდებარეობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გლუტამინი მნშვნელოვანი ნივთიერებაა როგორც იმუნური, ასევე ნაწლავის უჯრედებისთვის.

გარდა ამისა, L-გლუტამინი წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს ნაწლავსა და დანარჩენ სხეულს შორის და უზრუნველყოფს რომ მავნე ბაქტერიებმა და ტოქსინებმა არ გაჟონონ ორგანიზმში.

გლუტამინი საკვებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მძიმე ვარჯიშის, ან რაიმე პათოლოგიური მდგომარეობის დროს ორგანიზმს ესაჭიროება იმაზე მეტი გლუტამინი, ვიდრე ბუნებრივად გამოიმუშავებს. ასეთ დროს აუცილებელია მივიღოთ ის საკვებიდან ან საკვები დანამატების სახით.

ბუნებაში L-გლუტამინის ყველაზე მაღალი შემცველობა ცხოველურ საკვებში გვხვდება. გთავაზობთ იმ  პროდუქტებს, რომელთა ცილა პროცენტულად ყველაზე მეტ L-გლუტამინს შეიცავს:

  • კვერცხი – 4,4% (0,6 გ L-გლუტამინი 100 გრამ კვერცხში)
  • საქონლის ხორცი – 4,8% (1,2 გ 100 გრამ ხორცში)
  • უცხიმო რძე – 8,1% (0,3 გ 100 გრამ რძეში)
  • თეთრი ბრინჯი – 11,1% (0,3 გ 100 გრამ ბრინჯში)
  • სიმინდი – 16,2% (0,4 გ 100 გრამში)

მიღების წესი და დოზირება. ტიპიური, დღიური დოზირება შეიცავს 3-6 გრამ L-გლუტამინს, თუმცა ეს რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს მოხმარებული საკვების ტიპებისა და რაოდენობების გათვალისწინებით. ეს დოზა რეგულარულ პირობებში სრულიად საკმარისია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ორგანიზმში ისედაც ხდება ამ ამინომჟავის სინთეზირება.

თუმცა ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს, ან პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაციის პროცესში, იზრდება L-გლუტამინის მაღალი დოზირებით მიღების საჭიროება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყოველდღიურად დანამატის სახით 14გ L-გლუტამინის მიღება სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ამასთან, არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ უფრო მაღალი დოზით გლუტამინის მიღება იწვევდეს რაიმე სახის ჯანმრთელობის გაუარესებას, როგორც მოკლე, ასევე გრძელ პერიოდში.

დამწყებთათვის საუკეთესო დოზირება არის 5 გრამი L-გლუტამინი ყოველდღიურად. მიიღეთ 5 გრამი ვარჯიშის დასრულებისთანავე, ან ძილის წინ.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლუტამინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამინომჟავაა ჩვენს ორგანიზმში. გარდა ამისა, რომ იგი მონაწილეობს ცილის სინთეზსა და აღდგენაში, მას ასევე აქვს დიდი მნიშვნელობა ადამიანის იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემების გამართული და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

კომენტარის დატოვება