ერთის მხრივ, ზამთრის სეზონი თოვლთან, ახალ წელთან და გემრიელ ნუგბართან ასოცირდება. მეორეს მხრივ, ეს არის დრო, როდესაც იმატებს სეზონური გრიპები, ვირუსები და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები.
ზამთრის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანის იმ ორგანოებს ექმნება, რომლებსაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ გარე სამყაროსთან: კანს, ფრჩხილებსა და თმებს. ამ ბლოგში მოგიყვებით, რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ ზამთრის პერიოდში და რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ კანის, ფრჩხილების და თმების დაზიანება.
ზამთარი სიცივესთან ერთად, ასოცირდება მშრალ კლიმატთანაც. ჰაერში ტენიანობის ნაკლებობა თავისთავად იწვევს გაუხეშებულ კანს, დახეთქილ ტუჩებს, მტვრევად ფრჩხილებსა და თმას.
კანი. კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა. მას პირდაპირი შეხება აქვს გარე სამყაროსთან და ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს გარე სამყაროსა და ადამიანის შიდა ორგანოებს შორის. შესაბამისად, ზამთარში მშრალი კლიმატის გავლენა ჩვენს კანზე გაცილებით დიდი და მძიმეა. აუცილებელია ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი კანი გამოშრობისა და გაუხეშებისგან.
მოერიდეთ დიდ ხნიან ცხელ აბაზანებს. ცხელი აბაზანა, რომელიც ასე სასიამოვნოა ზამთრის ცივ დღეებში, ცუდ გავლენას ახდენს ჩვენი კანის ჯანმრთელობაზე. ცხელი წყალი აშრობს კანს, ხოლო შემდეგ ცივი ჰაერის მოქმედება, ხელს უშლის კანის ისევ დატენიანებას და ამგვარად, ორმაგი უარყოფითი ფაქტორი განაპირობებს კანის გამოშრობასა და გაუხეშებას. ზამთრის პერიოდში რეკომენდირებულია შხაპის მიღება მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში, არა ცხელი, არამედ თბილი წყლით.
გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზამთრის პერიოდში, მშრალი კლიმატის პირობებში, მთავარი საფრთხე კანის გამოშრობა და დეჰიდრატაციაა. დამატენიანებელი კრემებისა და ლოსიონების მთავარი მოვალეობა კანის სიმშრალის თავიდან აცილება და მისი აქტიური დატენიანებაა. აუცილებელია დამატენიანებელი კრემები, ლოსიონები და ზეთები გამოიყენოთ უშუალოდ აბაზანის დასრულებისთანავე, სანამ თქვენი კანი ჯერ კიდევ ნესტიანია. ისინი ხელს შეუშლიან კანის გამოშრობას და თქვენს კანს მოამარაგებს სხვადასხვა აუცილებელი ვიტამინითა და მინერალით.
შეავსეთ ორგანიზმი საჭირო მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით. კანი მეტად მგრძნობიარე ორგანოა. ვინაიდან მას პირდაპირი შეხება აქვს გარე სამყაროსთან, დიდ გავლენას განიცდის მავნე ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი მომარაგებული იყოს იმ აუცილებელი მიკრო და მაკრო ნივთიერებებით, რომლებიც განაპირობებენ კანის ჯანმრთელობას და მის მზად ყოფნას გარემო ფაქტორების ზემოქმედების წინაშაშე. ამ ნივთიერებების მიღება კიდევ უფრო აუცილებელი ხდება ზამთრის პერიოში, 2 მიზეზის გამო: 1) ზამთარში ჩვენს საკვებ რაციონში იკლებს ისეთი პროდუქტების რაოდენობა, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ვიტამინებსა და მინერალებს, 2) გარემოს ზემოქმედების გამო, კიდევ უფრო აუცილებელი ხდება ჩვენს ორგანიზმში ამ ნივთიერებების საჭირო რაოდენობით არსებობა. კანის ჯანმრთელობისა და ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მივიღოთ შემდეგი ნუტრიენტები:
- D ვიტამინი. ეს არის ვიტამინი, რომლის ძირითადი წყარო არის მზის სხივები. მას, სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად, ევალება ჯანმრთელი უჯრედების წარმოქმნა, რაც უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღისა და ნორმალური ფერის შენარჩუნებას. გარდა ამისა კვლევებით დადასტურებულია, რომ D ვიტამინი ამცირებს კანის ანთებასა და გაღიზიანებას ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებში.
- კოლაგენი. კოლაგენი ორგანიზმში ბუნებრივად წარმოქმნილი ცილაა, რომელიც სინთეზირდება ორი ამინომჟავის – გლიცინის, პროლინისა და C ვიტამინის მეშვეობით. იგი აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ამცირებს ნაოჭებსა და აწესრიგებს კანის სისხლის მიმოქცევას. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ კოლაგენ პეპტიდების, ან კოლაგენის შემცველი სხვა საკვები დანამატების მიღებამ შესაძლოა შეანელოს დაბერების პროცესი და ხელი შეუშალოს სახის კანის გამოშრობას და ნაოჭების წარმოქმნას.
- C ვიტამინი. ეს ვიტამინი მაღალი რაოდენობით ხვდება ეპიდერმისში (კანის გარე ფენა) და დერმაში (კანის შიდა ფენა). მნიშვნელოვანია მისი როლი კოლაგენის გამომუშავებასა და ათვისებაში, რომლის გამოც იგი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია კანის მოვლის საშუალებებში.
- E ვიტამინი. E ვიტამინის წარმოება ხდება სხეულში სებუმის მეშვეობით (ზეთოვანი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა კანის ფორებში). სწორი პროპორციით ცხიმი ხელს უწყობს კანის კონდიცირებას და ხელს უშლის სიმშრალეს. გარდა ამისა, ვიტამინი E ხელს უწყობს კანის ანთების მკურნალობას.
თმა. ზამთარის პირობებში, ასევე დიდი საფრთხე ემუქრება ჩვენს თმას. ისევე როგორც კანი, თმაც დგას გამოშრობისა და დეჰიდრატაციის წინაშე. ეს კი იწვევს თმის ღერების დასუსტებას და აქტიურ მტვრევადობას. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი თმის სტრუქტურული სიძლიერისა და ბზინვარების შენარჩუნებაში:
შეამცირეთ შამპუნის გამოყენება. ეცადეთ თმის დაბანვისას, მაქსიმალურად იშვიათად გამოიყენოთ შამპუნი. შესაძლოა შამპუნი შეიცავდეს დიდი რაოდენობით ქიმიკატებსა და ალკოჰოლს, რაც უფრო გაამძაფრებს თმის გამოშრობას. არ არის აუცილებელი შამპუნის გამოყენებაზე მთლიანად უარი თქვათ, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც უშუალოდ ზამთრის პირობებში გამოსაყენებლად არის შექმნილი და დაგეხმარებათ თმის გამოშრობის შემცირებაში.
მოერიდეთ თმის მსუბუქ, ნათელ ფერებს. თუ ზამთრის პერიოდში თმის შეღებვას აპირებთ, გაითვალისწინეთ რომ მუქი თმა ნაკლებად ზიანდება. ასევე გახსოვდეთ, რომ თმის ვარცხნილობის შერჩევისას, ეცადეთ მაქსიმალურად თავიდან აირიდოთ თმის თერმული დამუშავება და არასდროს გახვიდეთ სველი თმით, რადგან დაბალი ტემპერატურა აუცილებლად გამოიწვევს თმის ღერის მოყინვას და მის მტვრევადობას.
შეავსეთ ორგანიზმი ვიტამინებით. ისევე როგორც კანის შემთხვევაში, თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლადაც უმნიშვნელოვანესია ვიტამინებისა და მინერალების საჭირო მარაგი.
- A ვიტამინი. ვიტამინი A ეხმარება კანის ჯირკვლებს ზეთოვანი ნივთიერების წარმოებაში, სახელად სებუმი. სებუმი ატენიანებს სკალპს და ხელს უწყობს თმის ჯანმრთელობას. A ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე პრობლემა, მათ შორის თმის ცვენა.
- B ჯგუფის ვიტამინები. თმის ზრდისა და სტრუქტურული სიძლიერისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინები, მათ შორის B7, იგივე ბიოტინი. მისი დეფიციტი მნიშვნელოვნად განაპირობებს ქრონიკულ თმის ცვენას. სხვა B ვიტამინები ხელს უწყობენ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს აწვდიან თმის ფოლიკულებს.
- თუთია. თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ქსოვილის ზრდასა და აღდგენაში. ის ასევე ხელს უწყობს ფოლიკულების გარშემო არსებული ზეთოვანი ჯირკვლების გამართულ მუშაობას.
ფრჩხილები. ფრჩხილი არის თითის დამცავი ნაწილი და შედგება კერატინის ფენებისგან. როდესაც ჩვენი ფრჩხილები არ არიან საკმარისად დატენიანებული, ისინი ხდებიან ძალიან გამომშრალი და მყიფე, შესაბამისად იმატებს მათი გადატეხვისა და არასწორად გაზრდის შანსი. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ ზამთრის მკაცრ პირობებშიც შეინარჩუნოთ ჯანმრთელი და ძლიერი ფრჩხილები.
გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი. ხელების მრავაჯერადმა დაბანვამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ხელის კანის, ასევე ფრჩხილების გამოშრობა. შესაბამისად, წამყვანი სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ხელის დაბანვისთანავე გამოვიყენოთ ხელის დამატენიანებელი კრემი. ეცადეთ გამოიყენოთ ისეთი დამატენიანებელი ლოსიონი, რომელიც შეიცავს ზეითუნის ზეთსა და ალოეს ექსტრაქტს.
მოერიდეთ გრძელ ფრჩხილებს. წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც უფრო გრძელია ფრჩხილი, მით მეტია შანსი მისი გაჭრის, ან გადატეხვის. განსაკუთრებით ეს რისკი იზრდება ზამთრის პერიოდში, როდესაც ფრჩხილი უფრო მყიფეა. სასურველია ამ პერიოდში მოერიდოთ გრძელი ფრჩხილის ტარებას და დაფაროთ იგი დამცავი ლაქით.
ნაკლებად გამოიყენეთ ფრჩხილის ლაქი. ჩვეულებრივ, ნებისმიერ ფრჩხილის ლაქში შედის 3-8 სხვადასხვა სახის ქიმიკატი, მათ შორის ფორმალდეჰიდი, რომელიც გამოიყენება ფრჩხილის გასამკვრივებლად. ლაქის მუდმივი ტარება არ აძლევს ფრჩხილს სუნთქვის საშუალებას და ამცირებს მზის კარგი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას.
შეავსეთ ორგანიზმი ვიტამინებით. წელიწადის ნებისმიერ დროს ფრჩხილების სიძლიერისათვის აუცილებელია, რომ მივიღოთ აუცილებელი მიკრო და მაკრო ნუტრიენტების საჭირო დაროდენობა.
- ცხიმოვანი მჟავები. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ეხმარება ჩვენს ფრჩხილებს შეზეთვასა და დატენიანებაში, რაც განაპირობებს ფრჩხილის სტრუქტურულ სიძლიერესა და ბრწყინვალებას.
- მაგნიუმი. მაგნიუმი არის მინერალი, რომელიც მონაწილეობს ჩვენს ორგანიზმში 300 – ზე მეტ რეაქციაში, მათ შორის ცილის სინთეზში, რომელიც საჭიროა ფრჩხილების ჯანსაღი ზრდისთვის. ფრჩხილის ზედაპირზე წარმოშობილი ვერტიკალური, ამობურცული ხაზები შესაძლოა იყოს მაგნიუმის დეფიციტის ნიშანი.
- კომპლექსური პროდუქტი ფრჩხილის ჯანმრთელობისთვის. საკვები დანამატების ბაზარზე არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც შექმნილია უშუალოდ ფრჩხილის, თმისა და კანის ჯანმრთელობისთვის და კომპლექსურად შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინსა და მინერალს. ასეთი პროდუქტის შემადგენლობაში შედის რამდენიმე B ჯგუფის ვიტამინი, ასევე A, C, E ვიტამინები, თუთია, რკინა, MSM, ჟელატინი, ჰიალურონის მჟავა და სხვა.
საბოლოოდ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზამთრის პერიოდში, სხეულის ისეთ მგრძნობიარე ნაწილებზე, როგორებიცაა: თმა, კანი და ფრჩხილი, ორმაგი დატვირთვით ხდება გარემო ფაქტორების ზემოქმედება. შესაბამისად, აუცილებელია ყურადღებით მივუდგეთ და გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა, რომელიც დაგვეხმარება გარემოს სტრესის შემცირებაში და ამ ორგანოების სიჯანსაღის შენარჩუნებაში.