ჩვენი ყოველდღიური საკვები რაციონი ძირითადად შედგება 3 უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერებისგან: ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი. ეს სამი ნივთიერება არის ადამიანის საკვების ძირითადი შემადგენელი კომპონენტი, ე.წ მაკრო ნუტრიენტი. თითოეულ მათგანს საკუთარი დანიშნულება და მოვალეობა გააჩნია და ერთნაირად აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.
დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ ერთ-ერთ მათგანზე - ცხიმზე, მის სახეებზე, დანიშნულებაზე და ყველაფერზე, რაც უნდა ვიცოდეთ ცხიმების შესახებ.
ცხიმები ლიპიდების კლასში შემავალი ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც გვხვდება როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ უჯრედებში. მათი ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით ორჯერ აღემატება ნახშირწყლების ენერგეტიკულ ღირებულებას (9 კალორია 1 გრ ცხიმზე). გარდა ამისა, ცხიმები ასრულებენ სტრუქტურულ ფუნქციას, რადგან შედიან უჯრედების მემბრანის შემადგენლობაში. ტვინის მოლეკულური სტრუქტურის ნახევარზე მეტი წარმოდგენელია ლიპიდების და ცილების ნაერთებისგან (ლიპოპროტეიდები). ეს ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ორგანოს სტრუქტურაში.
უჯრედებში ცხიმის საბოლოო დაშლისას სხვა პროდუქტებთან ერთად დიდი რაოდენობით წყალი გამოიყოფა. ამიტომ აგროვებენ უდაბნოში მცხოვრები ცხოველები ცხიმებს და დიდხანს ძლებენ უწყლოდ.
თანამედროვე ტენდენციებისა და შეხედულებების გამო, ხშირად გვესმის აზრი თითქოს ცხიმები ჩვენი ორგანიზმისათვის სახიფათო ნივთიერებებია და მათი მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ. სინამდვილეში ასე არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ საჭირო რაოდენობის ცხიმებს არ მივიღებთ დაირღვევა ლიპიდური ცვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტვინის განვითარების შეფერხება და სხვადასხვა ორგანოს პათოლოგიური მდგომარეობა. რეალურად, ჩვენ ცხიმების მიღებაზე კი არ უნდა ვთქვათ უარი, არამედ უნდა მივიღოთ მხოლოდ ჯანსაღი ცხიმები, დაბალანსებული რაოდენობით.
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, თუ რომელი ცხიმი უნდა მივიღოთ, აუცილებელია ვიცოდეთ რა განსხვავებაა ცხიმების ტიპებს შორის, რომელია სასარგებლო ჩვენთვის და რომელი არა.
სულ სამი ტიპის ცხიმი არსებობს - ნაჯერი, უჯერი და ტრანს ცხიმი.
ნაჯერი ცხიმები - გვხვდება მყარი ნივთიერების სახით, რომელთაც გააჩნიათ დნობის მაღალი ტემპერატურა. ძირითადად გამოიყოფა ნაჯერი ცხიმების ორი წყარო:
- ცხოველური ცხიმები და ზეთები (ღორის, ძროხის, ცხვრის და ა.შ. ცხიმები)
- ტროპიკული ცხიმები (ქოქოსის, პალმის და ა.შ.)
ნაჯერი ცხოველური ცხიმების დიდი რაოდენობით მიღება საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის - შეიცავს სხვადასხვა ნიტრატებს, ტოქსინებს და დიდი რაოდენობით ქოლესტერინს.
უჯერი ცხიმები - გვხვდება ძირითადად თხევადი სახით და გააჩნიათ დნობის დაბალი ტემპერატურა. უჯერი ცხიმების მნიშვნელოვანი წყაროებია:
- მცენარეული ზეთები (ავოკადოს, ზეითუნის, მზესუმზირის, სეზამის და სხვა)
- თევზეული (ორაგული, სკუმბრია, სარდინები და სხვა)
- თხილეული (მზესუმზირა, ნიგოზი, მიწისთხილი)
ტრანს ცხიმები - მიიღება მცენარეული ცხიმების ჰიდროგენიზაციის საშუალებით, რაც გულისხმობს უჯერი ცხიმების ხელოვნურ გაჯერებას. პროცესი მიმართულია გამძლე, ხანძლივი შენახვის ვადის მქონე ცხიმის შესაქმნელად, თუმცა იგი ადამიანის ჯანმრთელობას განუზომელ ზიანს აყენებს. ტრანს ცხიმები დიდი რაოდენობით შედიან საკვების ისეთ სახეობებში, როგორებიცაა:
- სწრაფი კვება
- ძეხვეული
- საკონდიტრო ნაწარმი
- სპრედები, მაიონეზები და ა.შ.
როგორც ვხედავთ ტრანს ცხიმები, ცხიმების იმ ტიპებს განეკუთვნება, რომლებიც ხელოვნური დამუშავების გზით არის შექმნილი და მათი მიღება კატეგორიულად აკრძალულია. რაც შეეხება ნაჯერ და უჯერ ცხიმებს, ისინი ჩვენი ყოველდღიური საკვები რაციონის კომპონენტები უნდა იყვნენ და რაც მთავარია, მხოლოდ დაბალანსებული რაოდენობით უნდა მივიღოთ.
თანამედროვე სამყაროში, ისევე როგორც ყველა საკვები პროდუქტი, ცხიმებიც დიდი სიფრთხილით და დაკვირვებით უნდა შევარჩიოთ. აუცილებელია მივიღოთ მხოლოდ ნატურალური, ჯანსაღი და სასარგებლო ცხიმები. ვინაიდან ძნელია ასეთი ცხიმების შერჩევა, რამდენიმე გამორჩეული ცხიმის შესახებ ამ სტატიაში გესაუბრებით.
მაკადამის თხილის ზეთი, ამარანტის ზეთი, სელისა და კანაფის ზეთები, ნამდვილად წარმოადენენ ჯანსაღი და სასარგებლო ცხიმების შეუდარებელ წყაროს. ისინი გამოირჩევიან ვიტამინების, მინერალები, ანტიოქსიდანტების და ცხიმოვანი მჟავების მდიდარი შემადგენლობით. ეს ზეთები არამარტო ამარაგებენ ორგანიზმს აუცილებელი ცხიმებით, არამედ ხელს უწყობენ წონის კლებას, აძლიერებენ იმუნიტეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კანის ელასტიურობას და სხვადასხვა ორგანოს ჯანმრთელობას. ყველა ეს ზეთი არის არარაფინირებული და არადეზოოდორირებული ექსტრა ვირჯინი, რომელიც დამზადებულია მექანიკური, ცივი დაწნეხვის მეთოდით და შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო თვისება.
მაკადამის თხილის ზეთი. მაკადამის თხილი ძირითადად მოიპოვება ავსტრალიაში და მისგან მიღებულ ზეთს აქვს სასიამოვნო, ნიგვზის არომატი და დელიკატური, მოტკბო გემო.
აღსანიშნავია, რომ მაკადამის თხილის ზეთი არის იმ იშვიათ პროდუქტთაგანი, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურაზე თერმულ დამუშავებას (400-450 C) და მისი გამოყენება შეგიძლიათ პროდუქტების შეწვისას.
ზეთს გააჩნია უნიკალური ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობა: ვიტამინები (E, A, F, B1, B2, B5, ნიაცინი, ფოლატი, PP), სელენი, კალიუმი, თუთია, სპილენძი, ფოსფორი, კალციუმი, ნატრიუმი და სხვა მიკროელემენტები. ასევე პოლიუჯერი და ერთუჯერი ცხიმოვანი მჟავები.
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ მაკადამის ზეთი არ იწვევს სისხლძარღვების გაცხიმიანებას და შესაბამისად მისი გამოყენება შესძლებელია დიეტისა და სწორი კვების დროს.
ამარანტის ზეთი. ეს ზეთი მზადდება ამარანტის თესლისაგან და მასში ბევრად უფრო მაღალია ცილის შემადგენლობა ვიდრე სოიოსა და ხორბლის მარცვალში. ზეთს გააჩნია უნიკალური შემადგენლობა. იგი შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს: ომეგა -3, ომეგა -6, ომეგა -9, ვიტამინებს: B1, B2, B3, B4, B5, PP, E, P, D, მაკრო და მიკროელემენტებს: კალციუმი, კალიუმი, რკინა, ნატრიუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, ფოსფორი, ამინომჟავებს: არგინინი, ვალინი, ალანინი, გლუტამინის მჟავა, ჰისტამინი, ჰისტიდინი, იზოლეიცინი, ლეციტინი, ლეცინი, ლიზინი, მეთიონინი, პროლინი , ტრიპტოფანი, ტრეონინი, ტიროზინი, ფენილალანინი, სეროტონინი, ფოსფოლიპიდები, კაროტინოიდები, სკუალინი, ფიტოსტეროლები, კვერცეტინი და ქლოროფილი.
ამარანტის ზეთის კიდევ ერთი უპირატესობა არის, მისი უძლიერესი ანტიოქსიდანტური შემადგენლობა: E ვიტამინი და სქუალენი. სქუალენი არის ორგანული ნაერთი, რომელიც ძირითადად მიიღება ზვიგენის ღვიძლის ზეთისაგან. იგი განსაკუთრებულად აქტიურად გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგოდ. ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი კანის გამაჯანსაღებელი, დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება, რაც განაპირობებს მის აქტიურ გამოყენებას კოსმეტიკურ დერმატოლოგიაში.
ამარანტის თესლის ზეთის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით გვხვდება თუთია, რომელიც ხდის მას შეუცვლელ პროდუქტს ჩვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
გარდა ამისა, პროდუქტის გამოყენებისას ორგანიზმში კვდება პათოგენური მიკროფლორა, უმჯობესდება ღვიძლისა და თირკმელების მუშაობა, ნორმალიზდება შარდისა და სისხლის ხარისხის მაჩვენებლები, სეკრეციული ჯირკვლების მუშაობა და სისხლის მიმოქცევის სისტემა.
სელის ზეთი. სელის თესლის ზეთს შეუძლია სამუდამოდ დამკვიდრდეს თქვენს მაცივარში, ჩაანაცვლოს უამრავი წამალი და კოსმეტიკური საშუალება. ხალხურ მედიცინაში სელის ზეთი ითვლება სამკურნალო, ადვილად ასათვისებელ და უნივერსალურ საშუალებად, თითქმის ყველა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.
სელის ზეთში გვხვდება უჯერი ცხიმოვანი მჟავების ორჯერ უფრო ძლიერი შემადგენლობა, ვიდრე თევზის ქონშია: ლფა-ლინოლის მჟავა (ომეგა -3) – 55%, ლინოლეინის მჟავა (ომეგა -6) – 15-20%, ოლეინის მჟავა (ომეგა -9) – 10- 20%. იგი ასევე შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B3, B4, B6, B9, E, K, F. მიკრო და მაკრო ელემენტებს: კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა, თუთია და სხვა.
სელის ზეთის მრავალი დადებითი თვისებიდან გამოირჩევა მისი ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება. ასევე იგი აქტიურად გამოიყენება ქალებში ორსულობის პერიოდში. სელის ზეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაყოფის ტვინის სრულფასოვან განვითარებაში.
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია, სალათებში, სოუსებში, ბურღულეულში და სხვა ცივ კერძებში. სელის ზეთის მიღება ქათმის ან ინდაურის ხორცთან, თევზთან და ჭვავის პურთან ერთად ხელს უწყობს “ბედნიერების ჰორმონის”, სეროტონინის გამომუშავებას.
კანაფის ზეთი. კანაფის თესლის ზეთში შედის ორი უმნიშვნელოვანესი ცხიმოვანი მჟავა – ლინოლის და ალფა ლინოლის მჟავა. ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობენ ჩვენი უჯრედის მემბრანის ზრდასა და გაძლიერებაში.
ზეთი ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B4, B6, C, D, E, K, პიტოსტეროლებს, ქლოროფილებს, კაროტენოიდებს, მიკრო და მაკრო მოლეკულებს: რკინა, კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი და სხვა.
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ კანაფის ზეთი მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს. იგი შეიცავს ნივთიერება კანაბიდიოლს, რომელსაც არ აქვს გავლენა ფსიქიკაზე, თუმცა პირდაპირ მოქმედებს ანანდამიდების სისტემაზე- სისტემაზე, რომელიც პასუხს აგებს იმუნიტეტის გამართულ ფუნქციონირებაზე.
კანაფის ზეთის კულინარიაში გამოყენება შესაძლებელია როგორც ცივ კერძებში, ასევე უძლებს თერმო დამუშავებასაც. იგი ხშირად გამოიყენება კერძებში როგორც ტაფაზე, ასევე გრილზე შეწვისას.
ამ სტატიაში მოგიყევით ოთხ გამორჩეულ ჯანსაღი ცხიმის წყაროზე. თუმცა ამ ოთხის გარდა, კიდევ არაერთი არსებობს და ეტაპობრივად მათაც გაგაცნობთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცხიმები არ არიან ჩვენი მტრები, პირიქით ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან და შეუფასებელ სამუშაოს ეწევიან ჩვენი ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ისევე როგორც ცხოვრების ყველა ასპექტში, საკვების მოხმარებასა და ცხიმების შერჩევაშიც გადამწყვეტი როლი ბალანსს ენიჭება. დაიცავით ბალანსი, მიიღეთ ჯანსღი ცხიმები და გახადეთ ისინი თქვენი მოკავშირეები.