ვიტამინები და მინერალები ჩვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მიკრონუტრიენტებია. თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია და მოვალეობა აკისრია ორგანიზმში და მათმა ნაკლებობამ შესაძლოა ძალზედ მძიმე და საშიში პათოლოგიები გამოიწვიოს.
ამ ბლოგში მოგიყვებით ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და აუცილებელი ვიტამინის - D ვიტამინის შესახებ და გაგარკვევთ თუ რისთვისაა იგი საჭირო ადამიანის ორგანიზმში და როგორ შეიძლება დაგვეხმაროს სხვადასხვა დაავადებისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ზოგადად ვიტამინი ეწოდება ისეთ ნივთიერებას, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს და მისი მიღება აუცილებელია გარედან, საკვების, ან საკვები დანამატის სახით. ვიტამინები იყოფა ორ ჯგუფად: წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები. წყალში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება C და B ჯგუფის ვიტამინები, ხოლო ცხიმში ხსნადი ვიტამინებია: A,D,E და K ჯგუფის ვიტამინები.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია D ვიტამინი და განსაკუთრებით მისი ორი ფორმა: D2 და D3. იგი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი და უზრუნველყოფს კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფატის ეფექტურ შეწოვასა და სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებს. ვიტამინი D3 (ასევე ცნობილი როგორც ქოლეკალციფეროლი) და ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) ძირითადად სინთეზირდება კანის ქვედა ფენებში ეპიდერმისის ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც დამოკიდებულია მზის ზემოქმედებაზე (კონკრეტულად UVB გამოსხივებაზე). D ვიტამინის მიღება ასევე შესაძლებელია საკვებიდანაც (ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, რძის პროდუქტები, თევზის ქონი, სარდინები, ქაშაყი, ორაგული, თინუსი), თუმცა არცთუ ისე ბევრი სახეობის საკვები შეიცავს ამ ჯგუფის ვიტამინს. ვინაიდან D ვიტამინის სინთეზირება შესაძლებელია ძუძუმწოვრების უმეტესობის მიერ საკმარისი მზის სხივების ზემოქმედების შემთხვევაში, კლასიკური განმარტებით იგი არ არის ვიტამინი. ამის ნაცვლად, იგი შეიძლება ჩაითვალოს ჰორმონად. ვიტამინი D-ს არააქტიური ფორმა პროჰორმონის გააქტიურებით, გარდაიქმნება აქტიურ ფორმად, რომელსაც კალციტრიოლი ეწოდება.
პირველად ვიტამინი D2 ქიმიურად დაახასიათეს 1931 წელს, ხოლო 1935 წელს დაადასტურეს D3-ის ქიმიური სტრუქტურა და ოფიციალურად დაადგინეს, რომ იგი სინთეზირდება 7-დეჰიდროქოლესტერინის ულტრაიისფერი დასხივებით. ვიტამინი D საკვებიდან მიღებით ან კანში სინთეზირების შედეგად ბიოლოგიურად არააქტიურია. მისი გააქტიურება ხდება ცილოვანი ფერმენტის ორ ეტაპიანი ჰიდროქსილირების შედეგად, პირველი ღვიძლში და მეორე თირკმლებში. ამ ორგანოებში გარდაქმნილი D ვიტამინის 2 მეტაბოლიტი (ე.წ D2 და D3 ვიტამინები) წარმოადგენენ ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას და მოანწილეობენ ადამიანის სხეულში მიმდენარე ბიოლოგიურ პროცესებში. კალციტრიოლი სისხლში ცირკულირებს როგორც ჰორმონი და არეგულირებს კალციუმის და ფოსფატის კონცენტრაციას, რაც ხელს უწყობს ძვლის ჯანმრთელ ზრდას და განვითარებას. გარდა ამისა, მას აქვს გავლენა უჯრედების ზრდაზე, ნეირომუსკულარულ და იმუნურ ფუნქციებზე და ანთების შემცირებაზე.
D ვიტამინის ნაკლებობა. ვინაიდან ამ ვიტამინის მიღების მხოლოდ ორი წყარო არსებობს, მზის სხივები და რამდენიმე საკვები პროდუქტი, მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს აღენიშნება მისი დეფიციტი. დეფიციტის შედეგად ხდება ძვლის მინერალიზაციის დაქვეითება და ძვლის დაზიანება, რაც იწვევს ძვლის დარბილების დაავადებებს, ბავშვებში რაქიტის სახით, ხოლო მოზრდილებში ოსტეომალაციას.
D ვიტამინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე არის მისი ჩართულობა იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. მისი ნაკლებობა ავტომატურად განაპირობებს ჩვენი იმუნიტეტის დასუსტებასა და არასრულფასოვან მოქმედებას. მისი დაბალი დონე ასოცირდება რესპირატორული დაავადებების მომატებულ რისკთან, მათ შორის ტუბერკულოზის, ასთმის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD), ასევე ვირუსული და ბაქტერიულ-რესპირატორული ინფექციებით გართულების რისკთან.
D ვიტამინის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ვიტამინი D2 აქტიურად გამოიყენება ჰიპოპარათირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გამოყოფის შემცირება), D ვიტამინით რეზისტენტული რაქიტისა და ჰიპოფოსფატემიის (ფოსფორის დაბალი დონე სისხლში) სამკურნალოდ. იგი ასევე გამოიყენება D ვიტამინის უკმარისობის დროს, როგორც რეცეპტით, ასევე ურეცეპტოდ.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გუნება-განწყობილების დარეგულირებასა და დეპრესიის თავიდან ასაცილებლად. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეპრესიით დაავადებული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს D ვიტამინი, შეამჩნიეს სიმპტომების გაუმჯობესება. ასევე მკვლევარებმა დაადგინეს, რომ D ვიტამინის დეფიციტი უფრო ხშირია მათში, ვინც განიცდიდა შფოთვას და დეპრესიას.
აღსანიშნავია D ვიტამინის გავლენა მენტალურ და კოგნიტურ ჯანმრთელობაში. გამოკვლევების თანახმად, ვიტამინ D– მ შესაძლოა მნშვნელოვანი როლი შეასრულოს კოგნიტიკურ ჯანმრთელობაში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებიც დემენციას მკურნალობდნენ, D ვიტამინის დანამატის მიღებამ ხელი შეუწყო კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, D ვიტამინის ხანგრძლივად მიღება ამცირებს გაფანტული სკლეროზის რისკს.
ასევე უმნიშვნელოვანესია ამ ვიტამინის გავლენა ძვლებისა და კანის ჯანმრთელობაზე. გამოკვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც იღებენ საკმარისი რაოდენობის ვიტამინი D-ს და კალციუმს, უმცირდებათ ძვლის მინერალური დანაკარგი და შესაძლოა თავიდან აიცილონ ოსტეოპოროზი და ძვლის მოტეხილობის რისკი. ბავშვებში D ვიტამინის უკმარისობამ შესაძლო გამოიწვიოს რაქიტი. გარდა ამისა, D ვიტამინის შემცველი პრეპარატების წასმამ შესაძლოა შეაჩეროს სხვადასხვა ტიპის ფსორიაზის განვითარება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი D ვიტამინს ადამიანის იმუნური სისიტემის გამართულ ფუნქციონირებაში აკისრია. ეს ვიტამინი გადამწყვეტ როლს ასრულებს იმუნური რეაქციის განვითარებაში. მას აქვს როგორც ანთების საწინააღმდეგო, ისე იმუნორეგულაციური თვისებები და მონაწილეობს იმუნური სისტემის დაცვის გააქტიურებაში. ცნობილია, რომ ვიტამინი D აძლიერებს იმუნური უჯრედების, მათ შორის T უჯრედების და მაკროფაგების ფუნქციონირებას, რომლებიც იცავენ ჩვენს სხეულს უცხო პათოგენებისგან. იგი იმდენად მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის სრულფასოვანი ფუნქციისთვის, რომ D ვიტამინის დაბალი დონე ასოცირდება ინფექციისადმი მგრძნობელობის გაზრდასთან და სხვადასხვა იმუნურ დარღვევასთან.
როგორ შეიძლება დაგვხმაროს D ვიტამინი სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისა და ვირუსების (მათ შორის COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში და მისი ნაკლებობა ასუსტებს ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
D ვიტამინის დეფიციტი აძლიერებს პროცესს, რომელსაც „ციტოკინის ქარიშხალს“ უწოდებენ. ციტოკინი არის ცილა, რომელიც იმუნური სისტემის შემადგენელი ნაწილია. იგი მონაწილეობს როგორც პრო ანთებით, ასევე ანტი ანთებით პროცესებში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის სხვადასხვა ვირუსისგან დაცვაში. „ციტოკინის ქარიშხალი“ გულისხმობს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების უკონტროლო გამოყოფას, რომელიც ხდება ინფექციის ან სხვა ფაქტორების საპასუხოდ. ციტოკინების ეს არარეგულირებული და გადაჭარბებული გამოყოფა იწვევს ქსოვილების მწვავე დაზიანებას და აძლიერებს დაავადების პროგრესირებას და სიმძიმეს. ალბათ ხშირად გვსმენია აზრი, რომ კორონა ვირუსი არ უქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანის ორგანიზმს, არამედ იგი ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს, რომლებიც თვითონ ანადგურებენ ორგანიზმს. ამ შედეგს სწორედ „ციტოკინის ქარიშხალი“ იწვევს. ეს არის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი პოლიორგანული უკმარისობის და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (ARDS), რომლებიც COVID-19-ის გამწვავებისა და დამძიმების ძირითადი მიზეზებია.
D ვიტამინი წარმოადგენს იმუნური უჯრედების (T-ლიმფოციტი) მარეგულირებელი უჯრედების (მარეგულირებელი ლიმფოციტის) მთავარ შემადგენელ ნაწილს. როდესაც ვირუსული უჯრედები ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში, ჩვენი იმუნური სისტემა იწყებს T-უჯრედების გამოყოფას. მათი მთავარი მიზანია შეებრძოლონ ვირუსის უჯრედებს და მოახდინონ მათი ნეიტრალიზება. ამასთანავე აქტიურდება მეორე, ე.წ მარეგულირებელი უჯრედი, რომლის მოვალეობაა მოახდინოს T-უჯრედების გამოყოფის დარეგულირება და ხელი შეუშალოს მათ უკონტროლო და ქაოტურ გამოყოფას. როდესაც ადამიანის ორგანიზმში ადგილი აქვს D ვიტამინის ნაკლებობას, ვეღარ ხდება საჭირო რაოდენობით მარეგულირებელი უჯრედის გამოყოფა და შესაბამისად ადგილი აქვს T-უჯრედების გადაჭარბებულ გააქტიურებას. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების მწვავე ანთება ან სითხის დაგროვება, გულის კუნთის ანთება, ღრმა ვენების თრომბოზი და სხვა სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიები. სწორედ ეს პროცესი იგულისხმება, როდესაც გვესმის ფრაზა, რომ ადამიანის სიცოცხლეს არა თავად Covid-19, არამედ საკუთარი იმუნური სისტემა უქმნის საფრთხეს.
როგორც ვნახეთ, D ვიტამინის მიღების მთავარი აზრი არის ის, რომ შევავსოთ მისი მარაგი, რათა გვქონდეს საკმარისი რაოდენობით T-რეგულატორები და დავამუხრუჭოთ ჩვენივი იმუნური სისტემა ზედმეტი რეაქციისაგან, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ე.წ „ციტოკინურ ქარიშხალს“.
ერთ-ერთი კვლევისას 50 კოვიდინფიცირებულ პაციენტს მისცეს D ვიტამინი და შედეგად მხოლოდ 1 ადამიანის მდგომარეობა დამძიმდა. სხვა კვლევის მიხედვით, სადაც შერჩეული 26 კოვიდინფიცირებულიდან, არცერთს მისცეს აღნიშნული ვიტამინი, 13 ადამიანის მდგომარეობა გაუარესდა.
ჯერჯერობით D ვიტამინის ეფექტურობა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ბოლომდე არ არის დადასტურებული, თუმცა ფაქტია, რომ მას დიდი გავლენა აქვს ჩვენი იმუნიტეტის სწორ და გამართულ ფუნქციონირებაში.
დოზირება და მიღების წესი. პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის მიღება შესაძლებელია 1000-4000 IU-ს ფარგლებში. მათ, ვისაც აღენიშნებათ ამ ვიტამინის დეფიციტი, შესაძლოა დაენიშნოთ გაცილებით მაღალი დოზირებითაც.
სასურველია, თუ ამ ვიტამინს მივიღებთ დღის პირველ ნახევარში, ვინაიდან შესაძლოა მისმა ძილის წინ მიღებამ ხელი შეუწყოს უძილობას. ერთ-ერთი კველივის მიხედვით, D ვიტამინის საღამოს საათებში მიღებამ გამოიწვია ძილის ჰორმონის - მელატონინის დაქვეითება, რამაც საბოლოოდ განაპირობა უძილობა.
ვინაიდან იგი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, მისი მიღება სასურველია არა წყალთან, არამედ რძესთან, ან პირდაპირ საკვებთან ერთად. უკეთესია, თუ D ვიტამინს მიიღებთ ცხიმიან საკვებთან ერთად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიოში მოსახლეობის დიდ ნაწილს აღენიშნება D ვიტამინის ნაკლებობა. ეს პრობლემა თავს კიდევ უფრო იჩენს ზამთრის პერიოდში, როდესაც იკლებს მზის გამოსხივების დრო და ინტენსივობა. შესაბამისად, ადრეული შემოდგომიდან მოყოლებული, გაზაფხულის შუა ნაწილამდე სასურველია მისი, როგორც საკვები დანამატის სახით მიღება.
საინტერესოა რა შეიძლება გამოიწვიოს D ვიტამინის გადაჭარბებულმა მიღებამ და რამდენია მისი ზედა დოზა. ყოველდღიურად 4000 IU-ზე მეტი D ვიტამინის მიღებამ (თუ ადგილი არ აქვს მის მწვავე დეფიციტს) შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალციუმის რაოდენობის მატება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს უმადობას, ღებინებას, შარდვის მომატებას და გაძლიერებულ წყურვილს, თირკმელების უკმარისობას, კენჭის დაგროვებას და სხვა სახიფათო გართულებებს.
Vitamin.ge მაღაზიათა ქსელი გვთავაზობს D ვიტამინის მრავალფეროვან არჩევანს. შეგიძლიათ შეარჩიოთ D3 5000 IU და 2000 IU დოზირებით, იმის მიხედვით გსურთ მისი მიღება მხოლოდ პროფილაქტიკისთვის, თუ გაქვთ ამ ვიტამინის დეფიციტი. გარდა ამისა ბაზარზე D ვიტამინი წარმოდგენილია სხვადასხვა ვიტამინთან კომბინაციაში. ყველაზე ხშირად გვხვდება D3+K2 ვიტამინების ნაკრები. K ვიტამინის დამატებით ძლიერდება კალციუმის შეწოვის და ათვისების პროცესი, რაც უფრო ეფექტურს ხდის ამ პროდუქტს. გარდა ამისა შეგიძლიათ შეიძინოთ ვიტამინი D3 ომეგა 3 და E ვიტამინთან კომბინაციაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ორივე ვიტამინი ცხიმში ხსნად ვიტამინების კლასს მიეკუთვნება და შესაბამისად მათი ცხიმოვან მჟავებთან დამატება აძლიერებს მათ ბიოშეღწევადობას და ეფექტურობას.
D ვიტამინის მიღება ასევე სასურველია ბავშვებისთვისაც, მაგრამ შემცირებული დოზირებით. ამერიკული მოწინავე ბრენდის ChildLife Essentials-ის სპეციალურად ბავშვების ხაზი გვთავაზობს თხევად D3 ვიტამინს წვეთების სახით, რომელიც გამოირჩევა თავისი ნატურალური, გემრიელი არომატით, რაც სასარგებლოსთან ერთად, სასიამოვნოც იქნება თქვენი ბავშვისათვის
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ D ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და სასრგებლო ვიტამინია ადამიანის ორგანიზმისათვის. ვინაიდან მისი მიღება მხოლოდ საკვებით და მზის სხივებით შეგვიძლია, მისი დეფიციტი ბევრ ადამიანს აღენიშნება და ეს კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ პერიოდში თავს იჩენს სხვადასხვა ვირუსები (2020 წელი ამ მხრივ კიდევ უფრო „გვანებივრებს“), D ვიტამინის, როგორც საკვები დანამატის სახით მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ფაქტიურად, სასიცოცხლოდ აუცილებელიც კი ხდება.