წონის კლება და სასურველი ფორმების მიღწევა დიდი და შრომატევადი პროცესია. ეფექტური შედეგისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ვარჯიში, ჯანსაღი კვება და მოწესრიგებული ძილი. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრის ზედმიწევნით შესრულებისა, ხშირად ადამიანები გარკვეული კილოგრამების შემდეგ წონას ვეღარ იკლებენ, ასე ვთქვათ, „წონა იყინება“. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა და დროებითი შეფერხების გამო ადამიანმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი საკუთარი ოცნებებისა და მიზნების მიღწევაზე. ასეთ დროს საჭიროა უფრო მეტად გაამკაცროთ საკვები რაციონი, მოუმატოთ კარდიო დატვირთვას და დაიხმაროთ ცხიმის მწველი პროდუქტები.
ცხიმის მწველი პროდუქტებისა და მათი მუშაობის პრინციპის შესახებ წინა ბლოგში უკვე გესაუბრეთ. ახლა კი გთავაზობთ იმ სრულიად ნატურალურ და ჯანსაღ საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ახასიათებთ ცხიმის წვის დამაჩქარებელი ეფექტი და მათი მიღება სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისათვის.
მაღალცხიმოვანი თევზი. თევზის ისეთი სახეობები, როგორებიცაა: ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, სარდინიები და სხვადასხვა ოკეანის თევზი, შეიცავენ დიდი ოდენობით ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. ომეგა-3 მულტიფუნქციური, მეტად სასარგებლო ნივთიერებაა ადამიანის ორგანიზმისათვის. იგი უზრუნველყოფს სისხლში ქოლესტერინის დონის დაბალანსებას და ზედმეტი ცხიმის დაწვას. 44 მოზარდზე ჩატარებულმა, 6 კვირიანმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ იმ მოზარდებმა, რომლებიც ამ პერიოდში იღებდნენ თევზის ქონის საკვებ დანამატს, დაიკლეს 0,5 კილოგრამი და აღენიშნათ კორტიზოლის დონის ვარდნა. კორტიზოლი, ეს არის სტრესის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს ცხიმების შენახვა-დასაწყობებას.
ყავა. ყავა ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი. ის არის კოფეინის შესანიშნავი წყარო, სტიმულანტის, რომელიც უზრუნველყოფს განწყობის გაუმჯობესებას და გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების ზრდას. გარდა ამისა, კოფეინი აქტიურად მონაწილეობს ცხიმის წვის პროცესში. იგი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, რომელიც უგზავნის სიგნალს ცხიმოვან უჯრედებს და უბრძანებს ცხიმების დაშლას. კოფეინი ასევე ზრდის სისხლში ჰორმონ ეპინეფრინის დონეს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ადრენალინი. ეპინეფრინი სისიხლის მოძრაობის საშუალებით მოგზაურობს ცხიმოვან ქსოვილებზე და შლის ცხიმოვან უჯრედებს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ყავის სმით წონაში ვერ დავიკლებთ, აუცილებელია დავაბალანსოთ კვება და შევამციროთ მიღებული კალორიების რაოდენობა.
კენკრა. ხილის ეს გემრიელი სახეობა შეიცავს დიდი რაოდენობითწყალსა და საკვებ ბოჭკოს, რომელიც უზრუნველყოფს დაკმაყოფილებისა და სისავსის შეგრძნებას. მაგალითისათვის, 1 ჭიქა მოცვის ჭამით, თქვენ მიიღებთ ნაკლებ კალორიას (დაახლოებით 84 კკალ) და მეტ საკვებ ბოჭკოს (3,6 გ), ვიდრე 1 დიდი ბანანით. ასევე კენკროვნები დიდი ოდენობით შეიცავენ ვიტამინებს, მინერალებს და სხვა ანტიოქსიდანტებს. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი კენკროვანი მცენარე, იქნება ეს ჟოლო, მარწყვი, მაყვალი მოცვი, ლურჯი კენკრა თუ გოჯი.
მწვანე ჩაი. თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით, მწვანე ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და კიბოს პრევენციისთვის. იგი არის შესანიშნავი წყარო ანტიოქსიდანტ ეპიგალოკატეჩინ გალატის (EGCG), რომელიც ხელს უწყობს ცხიმის წვას და განსაკუთრებით, მუცლის ცხიმის შემცირებას. გარდა ამისა, მწვანე ჩაი შეიცავს ფიტოქიმიის ერთ-ერთ ტიპს, კატექინს, რომელიც გავლენას ახდენს მეტაბოლიზმის დაჩქარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური ცხიმის წვისთვის მწვანე ჩაი მიიღოთ დღეში რამდენიმე ფინჯანი, თუმცა გახსოვდეთ, რომ მას შარდმდენი თვისებებიც ახასიათებს.
ზეითუნის ზეთი. ბევრ ადამიანს სჯერა მცდარი შეხედულების, თითქოს წონის კლებისთვის საჭიროა საკვები რაციონიდან ცხიმების ამოღება. პირიქით, ცხიმი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისათვის და არათუ უნდა ამოვიღოთ იგი რაციონიდან, არამედ არაჯანსაღი ცხიმები უნდა ჩავანაცვლოთ ჯანსაღი ცხიმებით. მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი ცხიმი კი სწორედ ზეითუნის ზეთია. იგი ორგანიზმში ამცირებს ტრიგლიცერიდების რაოდენობას, ზრდის HDL (ე.წ კარგ) ქოლესტერინს და ასტიმულირებს GLP-1 ჰორმონის გამოყოფას, რომელიც განაპირობებს სისავსის შეგრძნებას. სხვადასხვა კვლევების მიხედევით, ზეითუნის ზეთს შეუძლია გაზარდოს მეტაბოლური მაჩვენებელი და ხელი შეუწყოს ცხიმის წვას. მნიშვნელოვანია რომ, იგი სწორად იყოს გამოყენებული, არ მოხდეს მისი თერმულად დამუშავება და რაციონში ჩაერთოს მხოლოდ ცივი სახით.
რძის შრატზე დამზადებული (whey) პროტეინი. ვეი პროტეინი მეტად შთამბეჭდავი საშუალებაა დღიური ცილის ნორმის შესავსებად და კუნთოვანი მასის ზრდისათვის. თუმცა, დასაფასებელია მისი მნიშვნელობა წონის კლების პროცესშიც. სხვა ცილოვან წყაროებთან შედარებით, რძის შრატზე დამზადებული პროტეინი, უფრო მეტად თრგუნავს მადას, ასტიმულირებს სისავსის ჰორმონების გამომუშავებას და ეხმარება ადამიანს დიეტის დროს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რძის შრატზე დამზადებული ცილოვანი საკვების მიღებისას გაიზარდა მეტაბოლური მაჩვენებელი და ცხიმის წვა, კაზეინისა და სოიოზე დაფუძნებული ცილოვან კვებასთან შედარებით.
გრეიპფრუტი.გრეიპფრუტი არ გამოირჩევა ცხიმის წვის რაიმე ჯადოსნური თვისებებით, თუმცა მდიდარია საკვები ბოჭკოთი, რაც დაგეხმარებათ ადვილად დანაყრებაში და სისავსის შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ. საჭმლის ჭამამდე ერთი ჭიქა გრეიპფრუტის წვენი, საშუალებას მოგცემთ დანაყრდეთ უფრო ნაკლები კალორიით, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს პროდუქტი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა დიეტაში და 1930-იანი წლებიდან გრეიფრუტის დიეტაც კი არსებობს, რომელიც პერიოდულად ძველ პოპულარობას იბრუნებს ხოლმე.
შვრია. შვრია, ბრინჯი, წიწიბურა და სხვა მარცვლოვანი კულტურები დიეტური კვების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. შვრიის ფაფა სამი მნიშვნელოვანი თავისებურებით ხასიათდება: საკვები ბოჭკოთია მდიდარი, შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და ცხელია. წყლითა და ბოჭკოთი მდიდარი ცხელი საკვების მიღებისას კი ორგანიზმს დიდი დრო სჭირდება მის გადასამუშავებლად და დანაყრების გრძნობა უფრო დიდი ხნის განმავლობაში გასდევს ადამიანს. გარდა საკვები ბოჭკოსი,შვრია მდიდარია რთული ნახშირწყლებით, რომლის მიღებაც რეკომენდირებულია დღის პირველ ნახევარში და რომელიც ნაკლები კალორიების მეშვეობით მოგამარაგებთ საჭირო ენერგიით. 1 ჭიქა შვრიის ფანტელში შედის: 280 კკალ, 6 გ ცხიმი, 50 გ ნახშირწყალი, 8 გ ბოჭკო და 12 გ ცილა.
ცხიმის წვა და წონაში კლება რთული და შრომატევადი პროცესია. ეფექტური შედეგისთვის საჭიროა, რომ ჯანსაღი კვება და ფიზიკური დატვირთვა თქვენი ყოვედღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს. შეცვალეთ უსარგებლო, არაჯანსაღი, „კალორიების ბუდე“ საკვები, ცხიმისმწველი პროდუქტებით და თქვენ იგრძნობთ რომ სასურველი ფორმების მიღწევის პროცესი იქნება უმტკივნეულო და მეტიც, იმდენად სასიამოვნო, რომ თქვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდება.