მიუხედავად იმისა გაწუხებთ ჭარბწონიანობა, თუ წონის დეფიციტი, თქვენი მიზანი წონის კლებაა, თუ მომატება, თქვენს დღიურ რაციონში ცხიმების არსებობა აუცილებელია. თუმცა, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ თქვენს მიერ მიღებული ცხიმების წყარო ჯანსაღი და ბუნებრივი პროდუქტი იყოს. სწორედ ასეთი პროდუქტია ქოქოსის ზეთი.
ქოქოსის ზეთი მიიღება ქოქოსის პალმის კაკლისგან. მისი მიღება შესაძლებელია როგორც თერმული დამუშავებით, ასევე ე.წ „ცივი დაწნეხვის“ მეთოდითაც. თერმული დამუშავების შედეგად მიღებულ ზეთს არ გააჩნია არც ქოქოსის არომატი, არც სურნელი და არც ფერი. ე.წ „ცივი დაწნეხვის“ დროს, ზეთის მიღება ხდება ქოქოსის მექანიკური ხერხებით დაწნეხვით, თუმცა ამ პროცესში არ არის გამოყენებული არანაირი სითბური საშუალება. აღნიუშნული მეთოდით მიღებულ ზეთს ეწოდება ე.წ „წმინდა“ ქოქოსის ზეთი, რომელიც წარმოდგენილია სრულიად ნატურალური სახით და არ გადის თერმულ დამუშავებასა და რაფინირებას. ასეთი სახით მიღებულ პროდუქტს მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი სასარგებლო თვისებები.
ქოქოსის ზეთის კვებითი ღირებულება
1 სუფრის კოვზი შეიცავს:
კალორია - 121
ცილა - 0 გ
ცხიმი - 13,5 გ
ნაჯერი ცხიმი - 11,2 გ
ნახშირწყალი - 0 გ
შაქარი - 0 გ
საკვები ბოჭკო - 0 გ
ქოქოსის ზეთი წარმოადგენს ნაჯერი ცხიმების ჯანსაღ წყაროს. იგი შეიცავს ე.წ „ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებს“, რომლებსაც „საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები“ (MCT) ეწოდება. აღნიშნული ტიპის ცხიმები, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებას სხეულსა და ტვინში და ზრდის ე.წ „კარგი ქოლესტერინის“ დონეს სისხლში. იგი ასევე შეიცავს ვიტამინ E-ს.ქოქოსის ზეთი აქტიურად გამოიყენება როგორც მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში, ასევე საკვებ ინდუსტრიასა და პარფიუმერიაში.
ადამიანის ორგანიზმზე ქოქოსის ზეთს გააჩნია შემდეგი დადებითი გავლენა:
- ზრდის კალორიების წვას
- ამცირებს შიმშლის გრძნობას
- აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და საკვების ათვისების პროცესს
- ებრძვის მუცლის ცხიმს
- აუმჯობესებს ინსულინის სეკრეციას
- აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
- ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს
- ზრდის ე.წ „კარგი ქოლესტერინის“ დონეს ორგანიზმში
- აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას
- ახდენს ღვიძლის დაავადებათა პროფილაკტიკას
- აძლიერებს იმუნურ სისტემას
- აქვს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები
- ატენიანებს და იცავს კანს, ხელს უშლის კანის დაბერებასა და ნაოჭების წარმოქმნას
- არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
დღიური დოზა. ამერიკის გულის ასოციაციის (The American Heart Association) რეკომენდაციის მიხედვით, საშუალოდ ნაჯერი ცხიმების დღიური ლიმიტი, იმ ადამიანის რაციონში, რომელიც დღიურად 2000 კალორიას იღებს, არის 13 გრამი. ასე რომ, ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზი ქოქოსის კარაქის მიღებით აღნიშნულ ლიმიტს სრულიად დააკმაყოფილებთ.