იმუნიტეტი ეს არის ადამიანის შინაგანი სისტემა, რომლიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და ადამიანის ორგანიზმის ძირითად თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის სხეულის დამცავი უნარი, რომელსაც ევალება გარეგანი პათოლოგიებისა და შინაგანი დაზიანებული უჯრედების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ბრძოლის ეფექტურობა კი სწორედ იმუნიტეტის სიძლიერეზეა დამოკიდებული.
იმუნიტეტი წარმოადგენს საკმაოდ რთულ სისტემას, რომლის შემადგენლობაშიც შედის ცილა, უჯრედები, ქსოვილები და ორგანოები. სისტემაში შემავალი ყველა ამ რგოლის შეთანხმებული მუშაობა განაპირობებს ძლიერ იმუნიტეტსა და ორგანიზმის თავდაცვით უნარს.
ადამიანის იმუნური სისტემა, ორგანიზმში მოხვედრილ დაავადების გამომწვევ მიკრობებს ხვდება, როგორც „უცხო დამპყრობლებს“. ამ „უცხო დამპყრობლებს“ ანტიგენები ეწოდება და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად იწყებს ცილოვანი ნივთიერებების - ანტისხეულების გამომუშავებას. ნორმალურ, ჯანმრთელ იმუნურ სისტემას ყოველ დღე შეუძლია გამოიმუშავოს მილიონობით ასეთი ანტისხეული, ათასობით შემოტევის (ანტიგენის) მოსაგერიებლად. ამას ორგანიზმი იმდენად ბუნებრივად აკეთებს, რომ ადამიანები ვერც კი ვამჩნევთ. ანტისხეულები ხშირად ქრებიან მას შემდეგ, როგორც კი გაანადგურებენ შემოჭრილ ანტიგენებს. უჯრედები (მეხსიერების საცავები) კი, რომლებიც მონაწილეობენ ანტისხეულების წარმოქმნაში, ორგანიზმში რჩებიან, იმახსოვრებენ ყველა იმ ანტიგენს, რომლებთანაც ოდესმე ჰქონიათ „ბრძოლა“ და იცავენ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე, თუკი ისინი კვლავ შეეცდებიან ორგანიზმში შემოჭრას.
იმუნიტეტი შეიძლება იყოს ბუნებრივი და ხელოვნური. თავის მხრივ, ბუნებრივი იმუნიტეტი არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ იმუნიტეტს ადამიანის ორგანიზმი მშობლისგან მემკვიდრეობით იღებს. შეძენილი იმუნიტეტი ადამიანს რომელიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ გამოუმუშავდება. გარდა ამისა, ადამიანმა შესაძლოა იმუნური უჯრედები შეიძინოს ხელოვნური გზითაც. ხელოვნური გზით შეძენილი იმუნიტეტია ვაქცინაციისა და სამკურნალო შრატის შეყვანის შედეგად გამომუშავებული იმუნური უჯრედები.
ისევე როგორც ადამიანის სხვა ნებისმიერი ორგანოთა სისტემა, იმუნური სისტემაც შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და ვეღარ შეძლოს საკუთარი მოვალეობის შესრულება - ორგანიზმის დაცვა. როდესაც შესუსტებულია იმუნიტეტის პასუხი სხვადასხვა სახის პათოგენებზე, ვითარდება იმუნოდეფიციტის მდგომარეობა. ასეთ დროს ორგანიზმი ვერ უწევს სათანადო წინააღმდეგობას ვირუსულ, ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებს და იზრდება სხვადასხვა სისტემური ინფექციური დაავადების რისკი. მწყობრიდან გამოსული იმუნური სისტემა კარგავს „საკუთარისა“ და „უცხოს“ გარჩევის უნარს და ებრძვის თავისივე ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს. იმუნური სისტემის დასუსტება და მისი პათოლოგიური მდგომარეობა უდევს საფუძვლად მრავალ ქრონიკულ დაავადებას, მაგალითად: დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ცელიაკი, ბრონქული ასთმა და სხვა.
ჩვენი იმუნიტეტის ოპტიმალური მდგომარეობა და სიძლიერე ნებისმიერ დროს აუცლებელი და სასურველია. განსაკუთრებით იმუნიტეტის გაძლიერება და „სრულ საბრძოლო მზადყოფნაში“ მოყვანა საჭირო ხდება შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. სეზონზე, როდესაც განსაკუთრებით მძაფრდება სხვადასხვა სეზონური გრიპისა და ინფექციების შემოტევა. 2020 წელს იმუნური სისტემის სიძლიერე განსაკუთრებით მძაფრად დადგა დღის წესრიგში, ვინაიდან მსოფლიო მოიცვა Covid-19-მა, რომელიც სწორედ ჩვენი იმუნიტეტის სისუსტით სარგებლობს. ასე რომ, 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება და მისი მზად ყოფნა.
იმუნიტეტის გაძლიერება სხვადასხვა საშუალებებითაა შესაძლებელი. რამდენიმეს შესახებ ქვევით მოგიყვებით:
ხარისხიანი და მოწესრიგებული ძილი. ძილი და იმუნური სისტემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ხარისხიანი ძილი და ეფექტური დასვენება აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და ეხმარება სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჯანსაღი ძილი აუმჯობესებს იმუნურ უჯრედებს, რომლებიც T უჯრედების სახელითაა ცნობილი. T უჯრედები არის იმუნური უჯრედების ტიპი, რომლებიც ებრძვიან უჯრედშიდა პათოგენებს, მაგალითად ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებს, როგორიცაა გრიპი, აივ ინფექცია, ჰერპესი და კიბოს უჯრედები.
სხვადასხვა კვლევებით დადასტურდა, რომ სტრესის ჰორმონების, ადრენალინის, ნორადრენალინის და პროსტაგლანდინების დონე დაბალია ძილის დროს. ასეთ დროს ძლიერდება ინტეგრინების წებოვანი მდგომარეობა, რომლებიც ეხმარებიან T უჯრედებს გაანადგურონ ვირუსით ინფიცირებული და კიბოს უჯრედები.
მოზრდილებისათვის აუცილებელია ღამის მინიმუმ 7-8 საათიანი ძილი. თინეიჯერების შემთხვევაში - აუცილებელია 8-10 საათი ღამის ძილი, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებსა და ჩვილებს 14 საათამდე ძილი ესაჭიროებათ დღე-ღამის განმავლობაში.
ვინაიდან 21-ე საუკუნე, ესაა სტრესისა და უძილობის ხანა, არსებობს მცენარეული პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში: ჩაძინებაში და ღრმა ძილში.
ასე რომ, მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი, დაიძინეთ ადრე, იძინეთ ღრმად და ხარისხიანად და ეს იქნება თქვენი იმუნური სისტემის სიძლიერის გარანტია.
მიიღეთ მეტი ჯანსაღი საკვები. ისეთი მცენარეული საკვები, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, თხილეული, თესლეული და პარკოსნები, მდიდარია ნუტრიენტებით და ანტიოქსიდანტებით, რაც აძლიერებს ორგანიზმის უნარს ებრძოლოს მავნე პათოლოგიებს.
ასეთ საკვებში დიდი რაოდენობით შედის ანტიოქსიდანტები, რომლებიც ორგანიზმში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან.
იმავდროულად, მცენარეული საკვების ბოჭკო კვებავს თქვენს ნაწლავის მიკრობიომს, და ჯანმრთელ ბაქტერიებს. ძლიერი ნაწლავის მიკრობიომა აუმჯობესებს ჩვენს იმუნიტეტს და ხელს უწყობს მავნე პათოგენების ჩვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საშუალებით ორგანიზმში მოხვედრის რისკის შემცირებას.
იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის კონკრეტულად შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკვები პროდუქტები: ციტრუსი, ნიორი, ბროკოლი, წითელი ბულგარული წიწაკა, ჯინჯერი, ნუში, მზესუმზირა, კურკუმა, მწვანე ჩაი და სხვა.
დაკავდით ვარჯიშით და ზომიერი ფიზიკური აქტივობით. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, რეგულარულმა, ზომიერმა ვარჯიშმა შეიძლება შეამციროს ანთება და დაეხმაროს თქვენს იმუნურ უჯრედებს ყოველდღიურ აღდგენაში. ზომიერი ვარჯიშის მაგალითებია ფეხით სწრაფი სიარული, სტაბილური ტემპით ველოსიპედით სიარული, სირბილი, ცურვა და მსუბუქი ლაშქრობა. ადამიანების უმეტესობამ კვირაში მინიმუმ 150 წუთი ზომიერ ვარჯიშს უნდა დაუთმოს.
რაც შეეხება მძიმე ვარჯიშს, ასევე კვლევებით გამოვლინდა, რომ მძიმე ვარჯიშის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუნური სისტემა დასუსტებულია და შესუსტებული აქვს ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პერიოდი, ნაწილობრივ დამოკიდებულია ვარჯიშის ინტენსივობაზე და ხანგრძლივობაზე. "ღია პერიოდი" შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათამდე. ხშირმა გრძელვადიანმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებისადმი ხანგრძლივი მგრძნობელობა და ინფექციების არსებობის შემთხვევაში გართულებების მომატებული რისკი.
მიიღეთ მეტი ფერმენტირებული საკვები, ან პრობიოტიკების შემცველი საკვები დანამატები. ფერმენტირებული საკვები მდიდარია პრობიოტიკებით, რომლებიც ერთგვარ სასარგებლო ბაქტერიებს წარმოადგენენ. ისინი კვებავენ ჩვენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტატს. ჩვენი იმუნური სისტემის დაახლოებით 70% სწორედ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ცხოვრობს, ნაწლავის ასოცირებული ლიმფოიდური ქსოვილის (GALT) სახით. ჩვენი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი, სახელწოდებით პლაზმური უჯრედები (რომლებიც წარმოქმნიან დამპყრობლებისგან დამცავ ანტისხეულებს), ასევე GALT- ში მდებარეობს. ჩვენი ნაწლავი არის ძირითადი არხი გარე გარემოსა და ჩვენი სხეულის შიდა სისტემებს შორის. ასე რომ, ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემის სიძლიერისთვის.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ნაწლავის ბაქტერიების მოწესრიგებულ ქსელს შეუძლია დაეხმაროს ჩვენს იმუნურ უჯრედებს განასხვაონ ნორმალური, ჯანმრთელი უჯრედები და მავნე დამპყრობელი ორგანიზმები.
თუ რეგულარულად ვერ მიირთმევთ ფერმენტირებულ საკვებს, მათი საკვები დანამატის სახით მიღება კარგი ალტერნატივაა. ერთ-ერთი კვლევისას, რომელიც 152 რინოვირუსით ინფიცირებულ ადამიანზე 28 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დადგინდა რომ მათ, ვინც დანამატის სახით ღებულობდა პრობიოტიკებს, ჰქონდათ უფრო ძლიერი იმუნური რეაქცია და ვირუსის შედარებით დაბალი დონე ცხვირის ლორწოში.
აკონტროლეთ თქვენი სტრესის დონე. სტრესისა და შფოთვის მოხსნა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის. გრძელვადიანი სტრესი ხელს უწყობს როგორც სხვადასხვა ტიპის ანთებით პროცესებს, ასევე იმუნური უჯრედების ფუნქციის დისბალანსს.
სტრესულ სიტუაციაში მოხვედრისას ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლი, რომელსაც სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ. როდესაც სტრესი დიდი ხანი გრძელდება, რადიკალურად იმატებს კორტიზოლის დონეც. ამაღლებული კორტიზოლი თრგუნავს თქვენს იმუნურ სისტემას, სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნის შემცირებით. სისხლის თეთრი უჯრედების გარეშე, მიკრობებზე ნადირობისას, ჩვენი ორგანიზმის პასუხი ინფექციაზე ბევრად ნელია.
როგორც ვხედავთ, სტრესი ჩვენს ჯანმრთელობაზე მხოლოდ ფსიქიკურ გავლენას არ ახდენს. იგი პირდაპირ მოქმედებს ფიზიოლოგიურად და ანგრევს ისეთ მნიშვნელოვან სისტემას, როგორიცაა ჩვენი იმუნური სისტემა.
მედიტაცია არის სტრესის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგია. ყოველდღიურად მხოლოდ რამდენიმე წუთიანი კონცენტრირებული მედიტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში კორტიზოლის დონეს და გეხმარებათ მშვიდად ყოფნაში. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი იმუნიტეტის დაცვასა და გაძლიერებას.
შეავსეთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით. ჩვენი იმუნური სისტემის სიძლიერესა და მოწესრიგებულ მუშაობას სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმალური შემადგენლობა განაპირობებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:
- C ვიტამინი - ვიტამინი C არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმუნური სისტემის გამაძლიერებელი კომპონენტი. C ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს ავადმყოფობა. იგი ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც ცნობილია როგორც ლიმფოციტები და ფაგოციტები. ისინი ხელს უწყობენ სხეულის ინფექციისგან დაცვას. გარდა ამისა, C ვიტამინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აძლიერებს კანის ბარიერს და ამცირებს ჭრილობების შეხორცების დროს.
- E ვიტამინი - ვიტამინი E არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც სხეულს ეხმარება ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, შესაძლოა E ვიტამინმა იმუნური სისტემის T უჯრედების მემბრანა დაიცვას დაზიანებისგან.
- თუთია - თუთია მოქმედებს იმუნური სისტემის მრავალ ასპექტზე. თუთიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უჯრედების ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის, რომლებიც იმყოფებიან თანდაყოლილ იმუნიტეტში, ნეიტროფილებსა და NK უჯრედებში. თუთიის დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს T და B უჯრედების ზრდასა და ფუნქციონირებაზე. იგი მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი და სტაბილიზაციას უწევს უჯრედის მემბრანას. რაც განაპირობებს მის როლს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანების პროფილაქტიკაში ანთებითი პროცესების დროს.
- გლუტამინი - გლუტამინი წარმოადგენს საწვავის კრიტიკულ წყაროს იმუნური უჯრედებისათვის, მათ შორის სისხლის თეთრი და გარკვეული ნაწლავის უჯრედებისთვის. იმუნური სისტემის ფუნქცია შეიძლება დაირღვეს, როდესაც სხეულში გლუტამინის არასაკმარისი რაოდენობაა ხელმისაწვდომი. კვლევებმა აჩვენეს, რომ გლუტამინის საკვები დანამატის სახით მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს ჯანმრთელობა, შეამციროს ინფექციები და გამოიწვიოს ქირურგიული ჩარევის შემდეგ მცირე დროში გამოჯანმრთელება.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის ორგანიზმის უპირველესი „ფარი“ და თავდაცვითი საშუალება არის იმუნური სისტემა. იგი 24 საათის განმავლობაში იცავს მას, როგორც გუშაგი და არ აძლევს საშუალებას ბაქტერიებსა და მიკრობებს შეაღწიონ სხეულში. იმუნიტეტის გაძლიერებისა და მომზადების საკითხი დღის წესრიგში განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის სეზონზე დგება. სეზონზე, როდესაც ერთიორად გამძაფრებით გვიტევს სხვადასხვა გრიპი და ვირუსი. 2020 წელი ამ მხრივ კიდევ უფრო დატვირთულია, ვინაიდან ყოველწლიურ ვირუსებს შეემატა ერთი, ძალზედ მძლავრი - კორონა ვირუსი. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ წლევანდელ შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული და გაძლიერებული იმუნიტეტით შევხვდეთ.