2020 წელი განსაკუთრებული გამოწვევებისა და პრობლემების წელი იყო. კოვიდ-19-მა შეცვალა მსოფლიო და თითოეული ადამიანის ცხოვრება. ადამიანებს მოგვიწია ცხოვრების სტილისა და ყოველდღიური ჩვევების შეცვლა. მოგვიწია უარის თქმა სხვადასხა საქმიანობებზე და მათ შორის ფიტნეს დარბაზში სიარულსა და ვარჯიშზე.
2021 წლის პირველ ნახევარში ისევ აქტუალური იქნება სახლის პირობებში ვარჯიში. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ტოპ 5 ფიტნეს აქსესუარს, რომელიც დაგეხმარებათ სახლის პირობებში ვარჯიშში.
ლახტი. ლახტი არის უნივერსალური პროდუქტი, რომელიც გამოგადგებათ როგორც სახლის, ასევე ფიტნეს დარბაზისა და ღია ცის ქვეშ ვარჯიშის პირობებში.
მომატებული წონის შესამცირებლად და ზედმეტი კალორიების დასაწვავად ლახტით ხტომა იდეალური საშუალებაა. ლახტით ხტუნვა მარტივი და ეფექტური, მაღალინტენსიური კარდიო ვარჯიშია, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად წვავს კალორიებს, ვიდრე სირბილი, ან ველოსიპედით სიარული.
თუ თქვენ ბავშვობის შემდეგ ლახტით არ გიხტუნავიათ, დასაწყისისთვის საკმაოდ გაგიჭირდებათ. იგი მოითხოვს ყურადღებისა და კორდინაციის მაღალ დონეს. თავდაპირველად, უკეთესი იქნება თუ ფეხისა და მკლავების კოორდინირებულ მოძრაობაზე იმუშავებთ.
- დაიჭირეთ ლახტის ორივე სახელური ერთ ხელში და დაატრიალეთ თოკი ტემპის შესაგრძნობად.
- შემდეგ ლახტის გამოყენების გარეშე ივარჯიშეთ ხტომაში
- საბოლოოდ შეგიძლიათ იხტუნოთ თოკის გამოყენებით, სინქრონულად და ეტაპობრივად გაზარდოთ როგორც ხტუნვის საერთო დრო, ასევე სიჩქარე.
მას შემდეგ, რაც თქვენ დახელოვნდებით ლახტით ხტომაში, შეგიძლიათ იგი სხვადასხვა ვარიაციით გამოიყენოთ. შეგიძლიათ იხტუნოთ მაღალი ინტენსივობის ინტერვალური აჩქარებებით, ასევე დაბალი ინტენსივობის სტაბილური ტემპით. ასევე შეგიძლიათ თოკის ერთ მოძრაობაზე ერთი ნახტომი შეასრულოთ და შემდეგ ეტაპობრივად გაზარდოთ ნახტომების რაოდენობა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა ლახტი ერთნაირი არ არის და დღეისათვის ბაზარზე ლახტების საკმაოდ ფართო არჩევანს ვხვდებით. სტანდარტულ ლახტთან ერთად, გვხვდება ალუმინის მსუბუქწონიანი ლახტები, ასევე ისეთი ლახტები, რომელთა სახელურიც სტანდარტულზე მძიმეა. ასეთ ლახტებს ძირითადად ისეთი სპორტის სახეობის წარმომადგენლები იყენებენ, როგორიცაა ბოქსი, MMA, მკლავჭიდი და სხვა.
სანამ ლახტზე ხტუნვას გადაწყვეტდეთ, დარწმუნდით რომ თქვენი სხეული გაუძლებს მაღალი დატვირთვის კარდიო ვარჯიშს. ასევე მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი და ზედაპირი, რომელზეც ხტუნვას აპირებთ. გარდა ამისა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ვარჯიშის შესრულების დროს, აუცილებელია წინასწარი გაწელვა და სხეულის გახურება.
სავარჯიშო ხალიჩა. ე.წ იოგას ხალიჩა, სახლის პირობებში ვარჯიშისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო აქსესუარია. ეს მრავალფეროვანი იატაკის ხალიჩა განსხვავდება ფერების, მასალებისა და ზედაპირის სირბილის მიხედვით. იგი გამოგადგებათ, ყველა იმ ვარჯიშის შესასრულებლად, რომელიც მოითხოვს იატაკზე მოძრაობას.
სავარჯიშო ხალიჩის შეძენამდე, ჩამოყალიბდით თუ როგორი ვარჯიშების შესასრულებლად გჭირდებათ და შესაბამისად შეარჩიეთ ხალიჩა. ყიდვამდე გაითვალისწინეთ რამდენიმე დეტალი:
- როგორი ზომის გჭირდებათ
- როგორი სიხისტის გჭირდებათ
- რამდენად ადვილია მისი შენახვა ვარჯიშის შემდეგ
- რამდენად ადვილია მისი გასუფთავება
- რამდენად მსუბუქია გადაადგილებისათვის
ხალიჩის შერჩევისას, პირველ რიგში დარწმუნდით როგორი ზომის ხალიჩა გჭირდებათ. თუ იოგას, პილატესის ან მსგავსი სტილის ვარჯიშის შესრულებას აპირებთ, მინიმუმ თქვენი სიგრძის ხალიჩა დაგჭირდებათ. ფიტნეს ვარჯიშების შესრულების შემთხვევაში შეგიძლით ოდნავ მოკლე ხალიჩის შეძენაც.
რაც შეეხება სიხისტეს, სავარჯიშო ხალიჩები განსხვავდება ზედაპირის სირბილის მიხედვით. ეცადეთ შეარჩიოთ დაბალანსებული, საშუალო სიხისტის ხალიჩა, რომელიც იქნება თქვენს ინდივიდუალურ კომფორტზე მორგებული, არ იქნება არც ზედმეტად რბილი და არც ზედმეტად ხისტი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხალიჩის შერჩევისას არის მისი შენახვისა და გადაადგილების სიმარტივე. ბაზარზე გვხვდება როგორც დასაკეცი, ასევე დასახვევი ხალიჩები. შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ტიპის ხალიჩა, რომელიც უფრო მარტივი გადასაადგილებელი და შესანახი იქნება.
სავარჯიშო რეზინი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური სავარჯიშო აქსესუარი არის რეზინი. სახლის პირობებში, მისი გამოყენებით სხვადასხვა ვარჯიშების შესრულება შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს.
ინტერნეტ სივრცეში უამრავი ვარჯიში შეგიძლიათ მოიძიოთ, რომელიც სახლის პირობებში, სავარჯიშო რეზინით სრულდება. ქალების შემთხვევაში, განსაკუთრებით პოპულარულია ქვედა ტანის ვარჯიშები, რომლებიც რეზინით სრულდება.
დღეისათვის ბაზარზე უამრავი, განსხვავებული სტრუქტურის, სიხისტისა და დანიშნულების სავარჯიშო რეზინი გვხვდება. მისი შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
- როგორი სიხისტის რეზინი გჭირდებათ
- როგორი სიგრძის რეზინი გჭირდებათ
- როგორი სტრუქტურის რეზინი გჭირდებათ
თუ თქვენი ძირითადი მიზანი ფეხებისა და ქვედა ტანის ვარჯიშია, უმჯობესია შეიძინოთ შედარებით მოკლე, სხვადასხვა სიხისტის რეზინები. ძირითადად რეზინის სიხისტე აღინიშნება წონით. რაც უფრო ხისტია რეზინი, მით უფრო მაღალი წონის ექვივალენტ დატვირთვას გვაძლევს ვარჯიშისას.
მამაკაცების შემთხვევაში, როდესაც მეტი ყურადღება გადატანილია ზედა ტანის ვარჯიშებზე (ბიცეპსი, ტრიცეპსი, მხრები) უმჯობესია შედარებით გრძელი, ერთგვარი ნაჭრის სტრუქტურის რეზინის გამოყენება. იგი უფრო მოსახერხებელია უხეში ვარჯიშების შესასრლებლად და ამასთანავე შედარებით ძნელად კარგავს სტრუქტურულ ერთიანობას.
მასაჟორი რგოლი. მასაჟორი რგოლი იდიალური საშუალებაა კუნთების აღდგენის, ტკივილის შემსუბუქების და მოქნილობის გასაუმჯობესებლად.
მასაჟორი რგოლი გვთავაზობს თვითმიოფიზიალური გამოყოფის (SMR) ტექნიკას. ეს ტექნიკა გვეხმარება განვთავისუფლდეთ კუნთების დაჭიმულობისგან, ტკივილისა და ანთებისგან. იგი ასევე გვეხმარება ჩვენი სახსრების მოძრაობის დიაპაზონის გაზრდაში.
გარდა ამისა, მასაჟორს შეუძლია ფაშიის დარბილება და გაწყვეტა. ფაშია არის სხეულის შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ხელს უწყობს ცელულიტის წარმოქმნას. ამგვარად მასაჟორი რგოლი დაგეხმარებათ სხეულის იმ ადგილების დამუშავებაში, სადაც ცელულიტის წარმოქმნის დიდი საფრთხეა.
სხეულის ოპტიმალური კონდინციის პირობებში მასაჟორი რგოლი სრულიად უსაფრთხო გამოსაყენებელია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ კუნთის სერიოზული დაზიანება, ან მოტეხილობა აღგენიშნებათ, მასაჟორის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ფიზიო თერაპევტთან. ასევე მოერიდეთ მასაჟორის გამოყენებას პატარა სახსრების ადგილებში, მაგალითად: მუხლი, იდაყვი. ტერფი და ა.შ.
მასაჟორი რგოლი როგორც წესი ცილინდრული ფორმისაა და დამზადებულია ქაფისაგან. თუმცა იგი განსხვავდება ზედაპირის ფორმის, ზომისა და სიმკვრივის მიხედვით.
დასაწყისისთვის კარგი იქნება თუ გამოიყენებთ გლუვი, მკვრივი ზედაპირის მქონე მასაჟორს. იგი გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურით და არ გვაძლევს ინტენსიურ დატვირთვას.
ტექსტურირებულ მასაჟორს უფრო ხისტი ზედაპირი და მაღალი ბორცვები გააჩნია. იგი გამოიყენება კუნთების ბოჭკოებში უფრო ღრმა და ინტენსიური მასაჟისათვის.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მასაჟორი და შეამცირეთ ტკივილი კუნთებში.
კომპაქტური სიმძიმეები. სახლის პირობებში ვარჯიშისას მოსახერხებელი და ეფექტურია ფეხის და ხელის კომპაქტური სიმძიმეების გამოყენება.
სახლის პირობებში ძალისმიერი ვარჯიშების შესასრულებლად კომპაქტური სიმძიმეები კომფორტული გამოსაყენებელია. ბაზარზე ფეხის სიმძიმეები გვხვდება როგორც კოჭზე, ასევე მუხლზე დასამაგრებლები. მათი სიმძიმეები მერყეობს 500 გრამიდან 5 კილოგრამამდე და განსხვავდება ფერისა და დიზაინის მიხედვით.
ტერფთან დასამაგრებელი სიმძიმის გამოყენება კარგი ვარიანტია ფეხისა და თეძოს კუნთების გასაძლიერებლად. კომპაქტური სიმძმეების გამოყენებით შესაძლებელია მეტი დატვირთვა გადავიტანოთ სამიზნე კუნთების კონკრეტულ ჯგუფზე.
ასევე კარგია მაჯის სიმძიმეების გამოყენება კონკრეტული კუნთების გასაძლიერებლად, როდესაც ვერ ხერხდება ჰანტელის გამოყენება.
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ როგორც ხელის, ასევე ფეხის სიმძიმეების გამოყენება კარდიო და აერობული ვარჯიშების დროს სასურველი არ არის. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს კუნთების დისბალანსი და დაზიანდეს სახსრები, მყესები და იოგები.
ასე რომ, სწორად შერჩეული ვარჯიშები და მიზანმიმართულად გამოყენებული სიმძიმეები დაგეხმარებათ უშუალოდ სამიზნე კუნთების დატვირთვასა და განვითარებაში.