ადამიანის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი მიკრო და მაკრო ნუტრიენტის, ჯანსაღი წყაროდან მიღება. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ვიტამინების ბალანსის შენარჩუნება, ვინაიდან ვიტამინი ისეთი საკვები ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება და მისი გარედან მიღება ხდება. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია გვქონდეს ჯანსაღი და დაბალანსებული კვება და ორგანიზმი მოვამარაგოთ ყველა საჭირო ვიტამინით. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ძალიან ძნელია დავაბალანსოთ ჩვენი დღიური რაციონი და შევარჩიოთ ისეთი საკვები პროდუქტი, რომელიც არის ნატურალური და ბუნებრივი გზით მიღებული. ამიტომაც მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს, მინიმუმ ერთი ვიტამინის დეფიციტი მაინც აღენიშნება. სწორედ ამიტომ, ბაზარზე შემოდის სულ უფრო მეტი მულტივიტამინების შემცველი პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს აწვდიან ყველა საჭირო ვიტამინისა და მინერალის მეცნიერულად დამუშავებულ დოზირებებს.
ამ ბლოგში გაგაცნობთ მულტივიტამინების შემცველ პროდუქტებს და გასწავლით როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო ვიტამინები.
გადამუშავება. საკვების საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შემდეგ, მულტივიტამინებში შემავალი საკვები ნივთიერებები იშლება პატარა ზომის მოლეკულებად, ნაწლავის მეშვეობით შეიწოვება და გადადის სისხლში. შეწოვის ხარისხზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგალითად ალკოჰოლი ხელს უშლის საკვები ნივთიერებების შეწოვას. ამიტომაც, მულტივიტამინები ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ. შაქარი ხელს უშლის C ვიტამინის შეწოვას და ა.შ.
შემცველობა. ძირითადად მულტივიტამინების შემცველი საკვები დანამატები ვიტამინებისა და მინერალების მინიმალურ დოზებს შეიცავენ. ხშირად ეს დოზირება ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე დღიური რეკომენდირებული დოზაა. ამიტომაც მულტივიტამინების შეძენამდე ყურადღებით გაეცანით მათ შემცველობას და გაარკვიეთ დღიური რეკომენდირებული დოზის რამდენ პროცენტს გთავაზობთ თითოეულ პორციაზე.
გარდა ამისა, ყურადღებით გაეცანით თუ რომელი ვიტამინები და მინერალები შედის და როგორი ფორმით. რაც უფრო ფართოა ინგრედიენტების სპექტრი, მით უფრო მეტი სარგებლის მომტანია პროდუქტი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მულტივიტამინები შეიცავენ ვიტამინებისა და მინერალების ისეთ ფორმას, რომელსაც დაბალი შეწოვის თვისება ახასიათებს (მაგ. მაგნიუმის ოქსიდი).
მნიშვნელოვანი ინგრედიენტები. მულტივიტამინები ერთდროულად რამდენიმე სახის ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ხშირად მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულსაც აღწევს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, არის:
- D ვიტამინი. ეს არის ვიტამინის ისეთი სახეობა, რომელსაც ძირითადად ადამიანი მზის სხივებისგან იღებს. ამიტომაც თუ თქვენ აპირებთ მულტივიტამინების ზამთრის პერიოდში მიღებას, ყურადღება გაამახვილეთ და შეარჩიეთ ისეთი პროდუქტი, სადაც საკმარისი დოზირებით შედის D ვიტამინი. ეს არის ვიტამინი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორგანიზმის ისეთ ნაწილებზე, როგორებიცაა: იმუნური სისტემა, ძვალ-სახსროვანი სისტემა, კანი, ტვინი და ნერვული სისტემა. პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის მიღება შესაძლებელია 1000-4000 IU-ს (25-100 მკგ) ფარგლებში. მათ, ვისაც აღენიშნებათ ამ ვიტამინის დეფიციტი, შესაძლოა დაენიშნოთ გაცილებით მაღალი დოზირებითაც.
- კალციუმი. კალციუმი არის მინერალი, რომლის ნაკლებობაც ხშირად აღენიშნებათ ადამიანებს. მას ორგანიზმში მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, მათ შორის კი ყველაზე საყურადღებო ძვლების გაძლიერებაა. თუ მულტივიტამინების კომპლექსს პატარა ან ასაკოვანი ადამიანისთვის არჩევთ, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეთ კალციუმის დოზირებაზე. როგორც ახალგაზრდა, ასევე ხნიერი ადამიანებისთვის ძვლების სტრუქტურული სიძლიერე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კალციუმის რეკომენდირებული დღიური დოზა, ამერიკის მედიცინის ინსტიტუტის მიერ, შემდეგნაირად არის განსაზღვრული: ქალები 50 წლამდე - 1000 მგ, ქალები 50 წელს ზევით - 1200 მგ, მამაკაცები 70 წლამდე - 1000 მგ, მამაკაცები 70 წელს ზევით - 1200 მგ.
- ფოლატი ან ფოლიუმის მჟავა. ფოლატი და ფოლიუმის მჟავა არის ვიტამინი B9-ის განსხვავებული ფორმები. იგი ადამიანის სხეულში მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას ემსახურება. მაგალითად, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს უჯრედების ზრდასა და დნმ-ის ფორმირებაში. მისი მიღება განსაკუთრებით რეკომენდირებულია ორსულობის წინა პერიოდში, დროს ან შემდგომ, ლაქტაციის ეტაპზე. ორსულობის დროს მისი გამძაფრებული საჭიროება დგება, რადგან ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფის დნმ-ს სრულფასოვან ჩამოყალიბებაში. ამ ვიტამინის რეკომენდირებული დღიური დოზა, ასაკის მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება: დაბადებიდან 6 თვემდე - 65 მკგ, 7-12 თვე - 80 მკგ, 1-3 წელი - 150 მკგ, 4-8 წელი - 200 მკგ, 9-13 წელი - 300 მკგ, 14-18 წელი - 400 მკგ.
- ვიტამინი B12. B12 B ჯგუფის ვიტამინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მას შეზღუდული სახეობის საკვებში ვხვდებით და ამიტომაც ადამიანები ხშირად განიცდიან ამ კონკრეტული ვიტამინის დეფიციტს. ვიტამინი B12 მუშაობს სხეულის ნერვებისა და სისხლის უჯრედების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ხელს უწყობს დნმ-ს, ყველა უჯრედის გენეტიკური მასალის დამზადებას. B12-ის დღიური რეკომენდირებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მკგ-ს, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში (ვიტამინის დეფიციტი) შესაძლოა დაინიშნოს უფრო მაღალი დოზირებაც. ამასთნავე ყურადღება მიაქციეთ, რომ პროდუქტი შეიცავდეს B12-ის ყველაზე ადვილად ათვისებად ფორმას - მეთილკობალამინს (ან მეთილ – B12).
ვის სჭირდება მულტივიტამინები. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მოწესრიგებული და დაბალანსებული კვების პირობებში ადამიანს შეუძლია თითქმის სრულად მიიღოს საჭირო ვიტამინები და მინერალები. თუმცაღა, თანამედროვე ეპოქაში ძნელია შევარჩიოთ ნატურალური და ჯანსაღი საკვები. The Academy of Nutrition and Dietetics გვირჩევს მივიღოთ მულტივიტამინების შემცველი დანამატები თუ:
- იღებთ დღეში 1600 კალორიაზე ნაკლებს
- ალერგიის, ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის გამო ვერ იღებთ რაიმე ტიპის საკვებს
- ხართ ვეგანი, ან ვეგეტარიანელი
- მოიხმართ დიდი რაოდენობით არაჯანსაღ, გადამუშავებულ საკვებს
რა უნდა გავითვალისწინოთ მულტივიტამინების შერჩევისას. მულტივიტამინების შემცველი დანამატების ეტიკეტის გაშიფვრა საკმაოდ ძნელია. ამიტომ გთავაზობთ იმ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი პროდუქტის შერჩევაში:
- სერტიფიცირებული და შემოწმებული პროდუქტი. თითოეულ ქვეყანას საკუთარი კანონმდებლობა გააჩნია, რომელიც აწესრიგებს, გაყიდვაში არსებული პროდუქტების (მათ შორის დანამატების) ვარგისიანობას და უსაფრთხოებას. თუმცა, ზოგიერთი კომპანია მეტი სანდოობისა და უსაფრთხოებისათვის დამატებით ახდენს საკუთარი პროდუქტის დატესტვასა და შემოწმებას. მულტივიტამინების შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ ფლობს თუ არა პროდუქტი რაიმე საერთაშორისო სერტიფიკატს, როგორიცაა GMP და ISO. ასე კიდევ უფრო დარწმუნდებით, რომ მაღალი ხარისხის, ეფექტურ დანამატს მოიხმართ.
- შემადგენლობა. მნიშვნელოვანია, რომ მულტივიტამინების დასახელების მქონე პროდუქტებში ვიტამინებისა აქტიური ფორმები შედიოდეს, მაგალითად: B ჯგუფის ვიტამინების მეთილირებული ფორმა (არა სინთეზირებული), D ვიტამინი ქოლეკალციფეროლის ფორმით (არა ერგოკალიფეროლი), E ვიტამინი d-alpha ფორმით (dl-alpha), ვიტამინი K2 (მენაკინონი) და არა K1(ფილოქინონი) და სხვა. ამასთანავე დააკვირდით, რომ მინერალები წარმოდგენილი იყოს ქელატირებული ფორმით, რადგან ასე უკეთსად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.
- ბრენდი. დღეისათვის ბაზარზე ათეულობით და ასეულობით ბრენდის პროდუქტი გვხვდება. ყურადღება გაამახვილეთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი ევროპული, ან ამერიკული საკვები დანამატების ბრენდის იყოს. რაც უფრო ძლიერი და წარმატებულია ბრენდი, მით უფრო მაღალი ხარისხის და ეფექტურ პროდუქტს აწარმოებს. ასეთი გიგანტური ბრენდები ხშირ შემთხვევაში საკუთარ ლაბორატორიებს ფლობენ, სადაც ზედმიწევნით ყურადღებით ხდება მულტივიტამინების ინგრედიენტებისა და დოზირების შერჩევა.
- შეარჩიეთ პროდუქტი მიზნობრივად. მულტივიტამინების გამოყენება, რეკომენდირებულია ასაკის, სქესის და აქტივობის დონის მიხედვით. პატარა ბავშვებისა და მოზარდებისათვის გამოიყენეთ მხოლოდ ამ ასაკობრივი სეგმენტისათვის შექმნილი მულტივიტამინები. ასეთი პროდუქტები უშუალოდ მცირე ასაკიანი ადამიანებისთვის იქმნება, მაღალ პროფესიონალი პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ. საპირისპიროდ 40+ ასაკის მქონე ადამიანებმა უნდა გამოიყენონ უშუალოდ ასაკოვანი ადამიანებზე გათვლილი მულტივიტამინები, ვინაიდან ასეთი პროდუქტები ზოგიერთი ვიტამინისა და მინერალის სტანდარტულზე მაღალ დოზირებას შეიცავენ (მაგ: D3, კალციუმი, მაგნიუმი და სხვა). ასევე სასურველია, თუ მულტივიტამინების გამოყენების დიფერენცირება მოხდება სქესის მიხედვითაც. ბაზარზე გვხვდება სპეციალურად ქალებისა და მამაკაცებისთვის შექმნილი პროდუქტები, სადაც მცირედ განსხვავდება ინგრედიენტები და დოზირება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ პროფესიონალ სპორტსმენებსა და მაღალი ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანებს სტანდარტულზე უფრო მაღალი დოზირების ვიტამინები და მინერალები სჭირდება. სასურველია, ასეთმა ადამიანებმა უფრო ძლიერი პროდუქტები გამოიყენონ.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მულტივიტამინების კომპლექსური გამოყენება ძალზედ საჭირო და აუცილებელია. სწორედ ასეთი გაზრდილი მოთხოვნის გამო, ბაზარზე მრავალი სახის პროდუქტს ვხვდებით. პროდუქტის შეძენამდე აუცილებელია იცოდეთ რომელი გჭირდებათ, რისთვის გჭირდებათ და დარწმუნდეთ პროდუქტის სანდოობაში. ამისათვის გამოიყენეთ მხოლოდ ოფიციალური მომწოდებლები და ავთენტური ბრენდის მაღალი ხარისხის პროდუქტები.