სეროტონინი, დოფამინი, ენდორფინი, ოქსიტოცინი – ბედნიერების ჰორმონები

ადამიანს სხვა არსებებისაგან აზროვნების და ემოციების შეუზღუდავი შესაძლებლობა განასხვავებს. ჰომო საპიენსი ფიქრობს, გრძნობს და განიცდის როგორც გარემო ფაქტორების, ასევე შინაგანი სტიმულების საპასუხოდ. ამ შინაგან სტიმულებს ზოგიერთი ქვეცნობიერს, ზოგიერთი გულის ხმას და ზოგჯერ წინათგრძნობასაც უწოდებენ. შესაძლოა ყველა ამ მოსაზრებას აქვს ფილოსოფიური, თუ ფსიქოლოგიური საფუძველი. თუმცა შევეცდებით ამ ბლოგში შინაგანი გრძნობა სუფთა ფიზიოლოგიური კუთხით განვიხილოთ და მოგიყვებით იმ 4 ჰორმონის შესახებ, რომლებიც ჩვენს ბედნიერ შეგრძნებებს განსაზღვრავს.

ჰორმონი არის ადამიანის ორგანიზმში ე.წ სასიგნალო მოლეკულა, რომლებიც ტრანსპორტირდება მთელს სხეულში ფიზიოლოგიისა და ქცევის დასარეგულირებლად. ჰორმონები გამოიყენება ორგანოებსა და ქსოვილებს შორის კომუნიკაციისთვის. ხერხემლიანებში ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან ისეთი ფიზიოლოგიური პროცესისა და ქცევითი საქმიანობის რეგულირებაზე, როგორიცაა: საჭმლის მონელება, მეტაბოლიზმი, სუნთქვა, სენსორული აღქმა, ძილი, ექსკრეცია, ლაქტაცია, სტრესის გამოწვევა, ზრდა და განვითარება, მოძრაობა, რეპროდუქცია და გუნება-განწყობით მანიპულირება.

 ენდოკრინული ჯირკვლები არის სპეციალიზებული ორგანოები, რომლებიც ენდოკრინულ სასიგნალო სისტემაში  გამოყოფენ ჰორმონებს. ჰორმონის სეკრეცია ხდება კონკრეტული ბიოქიმიური სიგნალების საპასუხოდ და ხშირად ექვემდებარება უარყოფითი უკუკავშირის რეგულირებას. მაგალითად, სისხლში მაღალი შაქარი (შრატში გლუკოზის კონცენტრაცია) ხელს უწყობს ინსულინის გამოყოფას. შემდეგ ინსულინი მოქმედებს გლუკოზის დონის შესამცირებლად და ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად, რაც თავისთავად ამცირებს ინსულინის დონეს.

ადამიანის სხეულში 70-ზე მეტი ჰორმონი იწარმოება. მათ შორის 4 მათგანი უშუალოდ მოქმედებს ადამიანის კმაყოფილების შეგრძნებაზე და ხდის მას უფრო ბედნიერს. პირობითად მათ „ბედნიერების ჰორმონებიც“ უწოდეს. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

სეროტონინი. სეროტონინი იგივე ჰიდროქსიტრიპტამინი (5-HT) არის მთავარი ჰორმონი, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს განწყობას, კეთილდღეობის და ბედნიერების განცდას. სეროტონინი პირველ რიგში გვხვდება ნაწლავის ნერვულ სისტემაში და წარმოიქმნება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს). გარდა ამისა, სეროტონინი ინახება სისხლის თრომბოციტებში და გამოიყოფა აგზნების და სისხლძარღვების შევიწროების დროს. ადამიანის სხეულის მთლიანი სეროტონინის დაახლოებით 90% განლაგებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, დაახლოებით 8% გვხვდება თრომბოციტებში და 1-2% ცნს-ში.

როგორც დადგინდა, ჩვენს მსხვილ ნაწლავში არსებულ ტრილიონობით მიკრობულ უჯრედს რეალურად აქვს სეროტონინის მწარმოებელი უჯრედების სტიმულირების უნარი. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სეროტონინის წარმოებაზე, არის მისი წინამორბედი, ტრიპტოფანის არსებობა. ეს არის ამინომჟავა, რომელსაც ჩვენი ნაწლავი ბაქტერია გადააქცევს სეროტონინად. ტრიპტოფანი არის შეუცვლელი ამინომჟავა, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმს არ შეუძლია მისი სინთეზირება და აუცილებლად გარედან უნდა მივიღოთ.

ამ ჰორმონის უპირველესი როლი განწყობის გაუმჯობესება და ბედნიერება/შფოთვის დარეგულირებაა. მისი დაბალი დონე უკავშირდება დეპრესიას, ხოლო ჰორმონის მომატებულმა დონემ შეიძლება შეამციროს აღგზნება. როგორც ავღნიშნეთ სეროტონინი კონცენტრირებულია კუჭ-ნაწლავში და მონაწილეობს ნაწლავების მოძრაობისა და ფუნქციონირების კონტროლში. მისი წარმოება ასევე იზრდება ორგანიზმიდან ცუდი საკვების ან სხვა ნივთიერებების გამოდევნისას. იგი გამოიყოფა სისხლში და ასტიმულირებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც აკონტროლებს გულისრევას. ის ასევე პასუხსიმგებელია ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს ძილ-ღვიძილის ციკლს და სეროტონინის საკმარისი დონე განაპირობებს თქვენს მშვიდ და მოწესრიგებულ ძილს. ასევე აღსანიშნავია, რომ სეროტონინი გამოიყოფა ჭრილობების მოშუშების მიზნით, იწვევს პატარა არტერიების შევიწროებას, რაც ხელს უწყობს თრომბის ფორმირებას.

სეროტონინის დონის მატება, პირდაპირ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების შეგრძნებას. თუმცაღა, სამწუხაროდ არ შეგვიძლია სერატონინის ჭამა. ამის სანაცვლოდ, სერატონინის დონის ზრდის ორ გზას შეგვიძლია მივმართოთ:

  • პრებიოტიკებით მდიდარი საკვები. რადგანაც სეროტონინის მთელი მარაგის დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაშია მოქცეული, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და ნაწლავის ჯანსაღი მიკრო ფლორის შენარჩუნება. ამისათვის კი აუცილებელია პრო და პრე ბიოტიკებით მდიდარი საკვებისა და საკვები დანამატების მოხმარება (როგორ შევინარჩუნოთ ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა? - ვრცლად გაეცანით ინფორმაციას ბლოგზე)
  • ტრიპტოფანით მდიდარი საკვები. სეროტონინის დონის ზრდის მეორე გზა ამინომჟავა ტრიპტოფანის მიღებაა. გვჭირდება საკვები, რომელიც ბუნებრივად შეიცავს ტრიპტოფანს და რომელსაც სხეული იყენებს სეროტონინის წარმოებისთვის. ასეთ საკვებს მიეკუთვნება: მზესუმზირის თესლი, კარტოფილი, კვერცხი, შვრია, რძე, წიწიბურა, ყველი, საქონლის ხორცი, კინოა, სპირულინა და სხვა.

დოფამინი. ეს არის ტვინის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც მოქმედებს როგორც ქიმიური მაცნე ნეირონებს შორის. იგი გამოიყოფა მაშინ, როდესაც ჩვენი ტვინი ჯილდოს ელოდება. როდესაც გარკვეულ საქმიანობას სიამოვნებას უკავშირებთ, შესაძლოა მხოლოდ მოლოდინიც კი საკმარისი იყოს დოფამინის დონის ასამაღლებლად. მაგალითად, თუ თქვენი საყვარელი საკვები არის ხინკალი, თქვენს ტვინს შეუძლია გაზარდოს დოფამინის დონე, როდესაც ხედავთ თუ როგორ იხარშება ის.

გარდა იმისა, რომ დოფამინი თავს კარგად გაგრძნობინებთ, იგი ასევე მონაწილეობს ჩვენი სხეულის ისეთ ფუნქციებში, როგორებიცაა: სისხლის მოძრაობა, საჭმლის მონელება, გულისა და თირკმელების ფუნქცია, მეხსიერება და ფოკუსირება, განწყობა და ემოციები, პანკრეასის ფუნქცია და ინსულინის რეგულირება, ძილი, სტრესისადმი პასუხი და სხვა. გაითვალისწინეთ, რომ დოფამინი არ მოქმედებს მარტო. ის მუშაობს სხვა ჰორმონებთან ერთად, როგორიცაა სეროტონინი და ადრენალინი.

მართალია დოფამინი აუცილებელი ჰორმონია ჩვენი ბედნიერებისთვის, თუმცა მის ზედმეტად მაღალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ჰალუცინაციები, მანიები, ბოდვები, შიზოფრენია და სხვა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გარკვეული ნივთიერებები ურთიერთქმედებენ დოფამინზე, რითიც ერთგვარი ჩვევები ფორმირდება. ნიკოტინი, ალკოჰოლი ან ნარკოტიკული თვისებების მქონე სხვა ნივთიერებები ააქტიურებს დოფამინის ციკლს. ისინი იწვევენ დოფამინის უფრო სწრაფ და ინტენსიურ გამოყოფას. ამგვარად ყალიბდება ჩვევა. თუმცა ჩვევის ჩამოყალიბებისას ტვინი რეაგირებს დოფამინის გამოყოფის შემცირებით. ახლა თქვენ გჭირდებათ უფრო მაღალი დოზირება, რომ იგივე სიამოვნების დონე მიიღოთ. თუ თქვენ შეეცდებით რომ შეწყვიტოთ ამ ნივთიერებების მიღება, ეს აუცილებლად გამოიწვევს ფიზიკურ და ემოციურ გართულებებს.

იმისათვის რომ ბუნებრივად, დამოკიდებულების გარეშე გაზარდოთ დოფამინის დონე შეგიძლიათ მიჰყვეთ შემდეგ მითითებებს:

  • მიიღეთ დიდი რაოდენობით ცილა. ცილა შედგება ამინომჟავებისგან და მათ შორის ერთ-ერთი არის ტიროზინი. ეს არის შეუცვლელი ამინომჟავა, ორგანიზმში მისი სინთეზირება ვერ ხერხდება და იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დოფამინის წარმოებაში. ტიროზინის დამზადება ასევე შეიძლება სხვა ამინომჟავისგან, რომელსაც ეწოდება ფენილალანინი. ტიროზინი და ფენილალანინი ბუნებრივად გვხვდება ცილებით მდიდარ საკვებში, როგორიცაა: ინდაური, საქონლის ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, სოიო და პარკოსნები.
  • მიიღეთ პრობიოტიკები. სეროტონინის მსგავსად, დოფამინის წარმოებაც ნაწლავში ხდება. მეცნიერები ნაწლავს ზოგჯერ "მეორე ტვინს" უწოდებენ, რადგან ის შეიცავს ნერვულ უჯრედების დიდ რაოდენობას, რომლებიც წარმოქმნიან ბევრ ნეიროგადამცემ სასიგნალო მოლეკულას, მათ შორის დოფამინს. ცნობილია, რომ ჩვენს ნაწლავში მობინადრე ბაქტერიების გარკვეულ სახეობებს შეუძლიათ დოფამინის გამომუშავება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს განწყობასა და ქცევაზე.
  • მოიწესრიგეთ ძილი. დოფამინის ტვინში გამოყოფა აფხიზლებს ორგანიზმს. იგი დიდი რაოდენობით გამოიყოფა დილით, როდესაც გაღვიძების დრო დგება და ბუნებრივად მცირდება საღამოს, როდესაც ძილის დრო მოდის. ამასთან, როგორც ჩანს, ძილის ნაკლებობა არღვევს ამ ბუნებრივ რითმს. როდესაც ადამიანები იძულებულნი არიან გაათენონ ღამით, მეორე დილით მკვეთრად შემცირდება დოფამინის დონე თავის ტვინში. შესაბამისად მოუწესრიგებელი ძილის რეჟიმი იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა კონცენტრაციის შემცირება და ცუდი კოორდინაცია.

ენდორფინი. ნაყოფიერი ვარჯიშის შემდეგ ალბათ ხშირად გიგრძვნიათ თავი კმაყოფილად და ბედნიერად. ამ გრძნობას ჩვენი სხეულის მიერ გამოყოფილი პატარა ნეიროქიმიკატი - ენდორფინი იწვევს. გარდა იმისა, რომ ენდორფინი შეიძლება კარგი განწყობა შეგიქმნათ ხანგრძლივი სირბილის შემდეგ, იგი გაცილებით დიდ როლს ასრულებს სხვადასხვა პროცესების რეგულირებაში.

სიტყვა ენდორფინი შედგება სიტყვებისგან "ენდოგენური", რაც ნიშნავს სხეულის შიგნით წარმოებულს და "მორფინი", რომელიც ოპიატის ჯგუფის ტკივილგამაყუჩებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენდორფინის სახელი იგივეა რაც ტკივილის ბუნებრივი შემამცირებლები.

ენდორფინი შედგება პეპტიდების დიდი ჯგუფისაგან და წარმოიქმნება ცენტრალური ნერვული სისტემის და ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ. იგი მოქმედებენ ჩვენს ტვინის ოპიატების რეცეპტორებზე, ამცირებს ტკივილს და აძლიერებს სიამოვნების განცდას. ენდორფინი გამოიყოფა ტკივილის ან სტრესის საპასუხოდ, თუმცა იგი ასევე იწარმოება ისეთი საქმიანობის დროს, როგორიცაა ჭამა, ვარჯიში ან სექსი.

თანამედროვე სამყაროსა და ქაოტური ცხოვრების წესის გამო მრავალი ადამიანი განიცდის ენდორფინის დეფიციტს. ამის მთავარი სიმპტომებია: დეპრესია, შფოთვა, ტკივილი, ძილის პრობლემები და სხვა. თუმცაღა ჩვენ შეგვიძლიათ ხელოვნურად ვიზრუნოთ ენდორფინის დონის მატებაზე. ამისათვის საჭიროა დაკავდეთ ფიზიკური ატივობით, იცეკვოთ, დაკავდეთ ხელოვნებით (მუსიკა, ხატვა ან სხვა), გაიკეთოთ მასაჟი, დაკავდეთ სექსით ან მედიტაციით, ჭამოთ საყვარელი საკვები და სხვა.

ოქსიტოცინი. ოქსიტოცინი არის ჰორმონი, რომელიც მოქმედებს როგორც ნეიროტრანსმიტერი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეპროდუქციაში. ის წარმოიქმნება ჰიპოთალამუსში და გამოიყოფა ახლომდებარე ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ. ქალებში იგი ამაღლებს ლიბიდოს და ხელს უწყობს რძის გამოყოფას ლაქტაციის პერიოდში. მამაკაცებში ოქსიტოცინი განაპირობებს სპერმის გადაადგილებას.

ხშირად ოქსიტოცინს სიყვარულის ჰორმონსაც უწოდებენ, რადგან იგი აქტიურად გამოიყოფა რომანტიკული მიჯაჭვულობის ფაზაში მყოფ წყვილებში. იგი ასევე ძლიერდება სექსუალური აქტივობის დროს და უკავშირდება ორგაზმის ინტენსივობას. როდესაც სხვა ადამიანი გიზიდავთ, თქვენი ტვინი ათავისუფლებს დოფამინს, იზრდება სეროტონინის დონე და წარმოიქმნება ოქსიტოცინი. ჰორმონების ასეთი კომბინაცია იწვევს დადებითი ემოციის მოზღვავებას.

თუმცა მათ, ვისაც ბედნიერების გრძნობა რომანტიკული ურთიერთობის გარეშე სურთ, ოქსიტოცინის დონის მატებისთვის შემდეგი საქმიანობით დაკავება შეგვიძლია გირჩიოთ: სცადეთ იოგა, მოუსმინეთ და შექმნებით მუსიკა, გაატარეთ დრო მეგობრებთან, გაიკეთეთ ან გაუკეთეთ მასაჟი, მოამზადეთ გემრიელი საკვები, გაიჩინეთ შინაური ცხოველი და სხვა.

როგორც ვხედავთ, ადამიანის სხეული ურთულესი მექანიზმია. იქ შემთხვევით არაფერი ხდება და მათ შორისაც ჩვენს ბედნიერებასა და კმაყოფილებას აქვს ძლიერი ფიზიოლოგიური საფუძველი. ეს საფუძველი კი ძირითადად ზემოთ ჩამოთვლილი 4 ჰორმონია.

კომენტარის დატოვება

შესული ხართ, როგორც giorgib giorgib. გსურთ გამოსვლა?