კატეგორიის გარეშე

როგორ ავიცილოთ თავიდან ღვიძლის დაავადებები

ადამიანის ორგანიზმი იდიალურად მოწესრიგებული და გამართული სისტემაა. ეს სისტემა სხვადასხვა ორგანოსა და მასთან დაკავშირებული მცირე სისტემის კომპლექსია, რომელთა კოორდინირებული მუშაობა უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცლისუნარიანობას. ორგანიზმის თითოეულ ნაწილს საკუთარი ფუნქცია გააჩნია და უმნიშვნელოვანესია მისი არსებობა. თუმცა, ზოგიერთი ორგანო განსაკუთრებით „სასიცოცხლოა“ და მათი გამართული ფუნქციონირება პირდაპირ ასოცირდება ადამიანის არსებობასთან. ამ ბლოგში მოგიყვებით ერთ-ერთი ასეთი ორგანოს, ღვიძლის შესახებ.

ღვიძლი არის ორგანო, რომელიც ადამიანის სხეულში 500-ზე მეტ ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. ის უზრუნველყოფს სხეულის დეტოქსიკაციას სხვადასხვა მეტაბოლიტებისგან, ცილის სინთეზირებას და ისეთი ბიოქიმიკატების წარმოებას, რომლებიც აუცილებელია საჭმლის მონელებისა და ზრდისთვის. ღვიძლი არეგულირებს ბიოქიმიური რეაქციების ფართო სპექტრს, მათ შორის, მცირე და რთული მოლეკულების სინთეზს და დაშლას.  მეტაბოლიზმში მისი როლი მოიცავს გლიკოგენის შენახვის რეგულირებას, სისხლის წითელი უჯრედების დაშლას და ჰორმონების გამომუშავებას. ღვიძლი დამხმარე საჭმლის მომნელებელი ორგანოა, რომელიც წარმოქმნის ნაღველს, ტუტე სითხეს, ის შეიცავს ქოლესტერინს, ნაღვლის მჟავებს და ხელს უწყობს ცხიმის დაშლას. ნაღვლის ბუშტი, პატარა ჩანთაა, რომელიც მდებარეობს ღვიძლის ქვეშ, ინახავს ღვიძლის მიერ წარმოქმნილ ნაღველს, რომელიც შემდეგ გადადის წვრილ ნაწლავში და ასრულებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის დეტოქსიკაციის პროცესში. ის გარდაქმნის  ამიაკს – მეტაბოლიზმის ქვეპროდუქტს, შარდოვანად, რომელიც თირკმელების მეშვეობით, შარდის სახით გამოიყოფა. გარდა ამისა, ღვიძლი შლის სხვადასხვა მედიკამენტსა და წამალს, მათ შორის ალკოჰოლს.

რამდენადაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია ღვიძლს ადამიანის ორგანიზმში, ამდენად ძლიერ დატვირთვასა განიცდის იგი ყოველდღიურ რეჟიმში. ცხოვრების არაჯანსაღი წესის, მავნე ნივთიერებების მოხმარების, არასრულფასოვანი კვებისა და სხვადასხვა ფაქტორების გამო 1970 წლიდან ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 400% -ით გაზრდილია დიდ ბრიტანეთში. სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ იგივე ბრიტანეთში ისეთი მძიმე ფაქტორებით გამოწვეული სიკვდილიანობა, როგორიცაა გულის დაავადებები და კიბო, განიცდის სტაბილურ შემცირებას.

გავრცელებული ღვიძლის დაავადებები. სტატისტიკურად რამდენიმე ძირითად ღვიძლის დაავადებას ვხვდებით, რომელთაც მოკლედ გაგაცნობთ:

ციროზი. ციროზი არის მდგომარეობა, როდესაც ღვიძლის ჯანსაღი ქსოვილი იცვლება ნაწიბუროვანი ქსოვილით. ზოგადად ღვიძლი ძალზე გამძლე ორგანოა და ჩვეულებრივ შეუძლია დაზიანებული უჯრედების აღდგენა. ციროზი ვითარდება მაშინ, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში გვხვდება ღვიძლის დაზიანების ფაქტორები, როგორიცაა ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება და ქრონიკული ვირუსული ინფექციები. ციროზი იწვევს ღვიძლის შემცირებას და გამკვრივებას, რაც ართულებს საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმს. საბოლოო შედეგი არის სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც პორტალური ჰიპერტენზია ეწოდება და როდესაც ვენაში ვითარდება მაღალი არტერიული წნევა.

2001 წლიდან, მსოფლიოს მაშტაბით, ციროზით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ შეადგინა 771,000 ადამიანი, რაც მსოფლიოში (განსაკუთრებით განვთარებად ქვეყნებში) სიკვდიალიანობის გამომწვევი ერთ-ერთი ტოპ ფაქტორია.

B ჰეპატიტი. B ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით (HBV). HBV არის ვირუსული ჰეპატიტის ხუთი ტიპიდან ერთ – ერთი. B ჰეპატიტი ძლიერ გადამდებია. ის ვრცელდება დაინფიცირებულ სისხლთან და სხეულის გარკვეულ  სითხეებთან კონტაქტის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი გვხვდება ნერწყვში, ის არ ვრცელდება ჭურჭლის გაზიარებით ან კოცნით. ის ასევე არ ვრცელდება ცემინებით, ხველებით ან ძუძუთი კვებით.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, შეერთებულ შტატებში 800,000-დან 1,4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს B ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციით. ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულთა 15% -25% -ში ვითარდება ღვიძლის სერიოზული დაავადებები, როგორიცაა კიბო, ციროზი, ან ღვიძლის უკმარისობა, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

C ჰეპატიტი. ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს ღვიძლის ანთებას და ინფექციას. ეს მდგომარეობა ვითარდება C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) გადაცემის შემდეგ. ის ყველაზე ხშირად ვრცელდება ვირუსის შემცველ სისხლთან კონტაქტით, მაგალითად, ბინძური ნემსის გაზიარებით (ნარკოტიკის ინექცია), ტატუს გაკეთებისას და სხვა. C ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ღვიძლის დაავადებაა, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესები და ხელი შეუწყოს ციროზის, ღვიძლის უკმარისობისა და ღვიძლის კიბოს განვითარებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით 71 მილიონ ადამიანს აქვს ქრონიკული C ჰეპატიტი. სხვა ვირუსულ ჰეპატიტეპეთან შედარებით, C-ს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს.

ღვიძლის გაცხიმიანება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ღვიძლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დიდი რაოდენობა გროვდება. ძირითადად ამის გამომწვევი ალკოჰოლის ხშირი და გადაჭარბებული მოხმარებაა. ცხიმის ჭარბმა დონემ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და გამოიწვიოს ანთებითი პროცესები. არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი (NASH) არის არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების ფორმა, რომელიც იწვევს ნაწიბურს ან ფიბროზს. ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსუქნე და აქვთ სიმსუქნესთან დაკავშირებული მდგომარეობა, როგორიცაა – ტიპის 2 დიაბეტი, ღვიძლის გაცხიმიანებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემიების წარმოქმნის უფრო მაღალი რისკი ახასიათებთ.

სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს შეერთებულ შტატებში აქვთ არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება. ეს პრობლემა მსოფლიოს მასშტაბითაც პროგრესირებს, ვინაიდან ყოველწლიურად იზრდება სიმსუქნითა და ჭარბწონიანობით დაავადებული ადამიანების რიცხვი.

ღვიძლის დაავადების გამომწვევი ფაქტორები. როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადად ღვიძლის დაავადებების გამომწვევი ფაქტორი არის არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. თუმცა, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია შესაძლოა ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგადაც იყოს მიღებული.

ამ ფაქტორების გარდა, ღვიძლის დაავადებების გამომწვევი ფაქტორი ასევე შეიძლება აღმოჩნდეს:

  • სხვადასხვა მედიკამენტის მომხარება (აცეტამინოფენი, სტატინები, ანტიბიოტიკები, მეთოტრექსატი, მცენარეული საშუალებები და სხვა).
  • ტოქსინები (ალკოჰოლი, შხამიანი სოკო, სამრეწველო ქიმიკატები და სხვა)
  • გენეტიკური დარღვევები.

როგორ ავიცილოთ თავიდან ღვიძლის დაავადებები. როგორც ვხედავთ, რამდენადაც მნიშვნელოვანი ორგანოა ღვიძლი, იმდენად დიდ გავლენასა და საფრთხეს განიცდის იგი გარემო ფაქტორებისგან. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ ჯანმრთელი ღვიძლისა და მისი გამართული ფუნქციონირების შენარჩუნებას.

ტესტირება და ვაქცინაცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგია – ჰეპატიტი, გადამდები ინფექციაა და მისით დაავადება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შედეგად. საბედნიეროდ, დღეისათვის თანამედროვე მედიცინას უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს შესწავლილი ჰეპატიტის ყველა ტიპი, არსებობს სწრაფი პასუხის მქონე ტესტები და შემუშავებულია ეფექტური ვაქცინა. ბაზარზე გვხვდება, როგორც კონკრეტულად B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, ასევე კომპლექსური ვაქცინები, რომელთა მეშვეობითაც ადამიანის სხეული რამდენიმე სხვადასხვა ინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

პირადი ჰიგიენის ნივთების სისუფთავე. ვინაიდან ჰეპატიტი გადამდები ინფექციაა და მისი გადადების მთავარი გზა დაინფიცირებულ სისხლთან და ნერწყვთან კონტაქტია, მისი თავიდან აცილებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის ნივთების სისუფთავე. ეცადეთ ოჯახში ყველა ადამიანს ჰქონდეს საკუთარი პირადი ჰიგიენის ნივთები, როგორებიცაა: კბილის ჯაგრისი, საპარსი, სავარცხელი, მაკრატელი და სხვა.

ალკოჰოლის შეზღუდული მიღება. ღვიძლის პათოლოგიების უმრავლესობა ალკოჰოლის ხშირი და გადაჭარბებული მოხმარების შედეგად ვითარდება. წლების განმავლობაში ალკოჰოლის გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ანთება და შეშუპება. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბურები ღვიძლზე, რომლებიც ციროზის სახელით არის ცნობილი და რომელიც ღვიძლის დაავადების ბოლო ეტაპია.

ღვიძლი მიღებული ალკოჰოლის დაახლოებით 90%-ს ამუშავებს. დანარჩენი სხეულიდან გამოდის შარდის, ოფლისა და სუნთქვის საშუალებით. რაც უფრო მაღალია სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, მით უფრო დიდი დრო სჭირდება ალკოჰოლის გადამუშავებას. როდესაც ჭარბად მოვიხმართ ალკოჰოლს, ჩვენი ღვიძლი ვეღარ ახერხებს მის გადამუშავებას და ალკოჰოლი სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადადის. შედეგად სახეზე გვაქვს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. ალკოჰოლის ქრონიკული, გადაჭარბებული მიღება იწვევს ღვიძლის უჯრედების განადგურებას, ღვიძლის ნაწიბურს (ციროზი), ალკოჰოლურ ჰეპატიდს და უჯრედულ მუტაციას, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კიბო.

ასე რომ შეზღუდეთ ალკოჰოლური სასმლის გამოყენება და მოიხმარეთ იგი ზომიერად, თქვენი სიამოვნებისთვის და არა დაავადებისთვის.

გამოასწორეთ საკვები რაციონი. ღვიძლის ისეთი მძიმე პათოლოგია, რომელიც არის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება სწორედ არაჯანსაღი საკვები რაციონის გამო წარმოქმნება. ძირითადად ყურადღება უნდა გაამახვილოთ საკვების ისეთ ტიპებზე, როგორებიცაა: დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკოს შემცველი მცენარეები, პარკოსნები, მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული. ამას გარდა, შესაძლებელია ყავის მიღებაც, რადგან სხვადასხვა კვლევის მიხედვით დადასტურდა, რომ კოფეინს შეუძლია ღვიძლის პათოლოგიური ფერმენტების რაოდენობის შემცირება.

კვებითი ჩვევების გამოსწორების პარალელურად, ღვიძლის გასაჯანსაღებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საკვები დანამატი.

  • ცხიმოვანი მჟავები. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ღვიძლის ცხიმის შემცირებას და ანთებითი პროცესების ჩაქრობას. ომეგა 3 შეგიძლიათ მიიღოთ, როგორ საკვებიდან (ორაგული, სარდინი, თინუსი, კალმახი, მცენარეული წყაროები და სხვა), ასევე მარტივად, საკვები დანამატის სახით.
  • ნივრის ექსტრაქტი.  ნიორი მდიდარია ისეთი აქტიური ნივთიერებებით, როგორებიცაა: ალიცინი, სელენი, არგინინი და სხვა. მათ გააჩნიათ ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება და ხელს უშლიან ჩვენი ღვიძლის მიერ გაფილტრულ ტოქსიკურ ნივთიერებების სხვა ორგანოებამდე მიღწევას. გარდა ამისა, 2002 წელს “Journal of Nutrition” – ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ნივრის ექსტრაქტის ყოველდღიური გამოყენება ამცირებს ღვიძლში წარმოქმნილი მომატებული ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს. რადგან ნივრის ყოველდღიური მიღება საკმაოდ არასასიამოვნო და უხერხული პროცესია, ბაზარზე არსებობს ტაბლეტების სახით წარმოდგენილი ნივრის ექსტრაქტი.
  • ბაყაყურა (Milk thistle). 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებენ ბაყაყურას ღვიძლის დარღვევების სამკურნალოდ. მასში შემავალი აქტიური ნივთიერება სილიმარინი შედგება რამდენიმე ბუნებრივი მცენარეული ქიმიკატებისგან. სილიმარინი ხელს უწყობს ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციას, ანთების შემცირებას და იცავს ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისგან.
  • ქოლინი. ეს არის აუცილებელი საკვები ნივთიერება რომლის მცირე რაოდენობით წარმოებაც შეუძლია ადამიანის ღვიძლს. თუმცა მისი დიდი ნაწილი მაინც გარედან, საკვების ან საკვები დანამატების სახით მიიღება. მისი საკმარისი რაოდენობა აუცილებელია ნივთიერების წარმოებისთვის, რომელიც ახდენს ღვიძლიდან ჭარბი ქოლესტერინის განდევნას. მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ცხიმისა და ქოლესტერინის დაგროვება თქვენს ღვიძლში.
  • Liver Control. ბაზარზე არსებობს კომპლექსური პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელი ღვიძლის არსებობისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტს შეიცავენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის Real Pharm – Liver Control. იგი შეიცავს 4 აქტიურ ნივთიერებას: სოიოს ლეციტინი, ორნიტინი, ქოლინი და ბაყაყურას ექსტრაქტი (Milk thistle). ინგრედიენტების ასეთი კომბინაცია ხელს უწყობს დაზიანებული ღვიძლის უჯრედების რეგენერაციის პროცესს, ახდენს დეტოქსიკაციურ ეფექტს და აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების, განსაკუთრებით ცხიმების მეტაბოლიზმს.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთვქავთ, რომ ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დატვირთვის მქონე ორგანოა. რამდენადაც მნიშვნელოვანია ღვიძლის გამართული ფუნქციონირება, იმდენად ძლიერ გავლენას განიცდის იგი სხვადასხვა ფაქტორებისგან. ასე რომ დაკავდით ჯანსაღი ცხოვრების წესით, იკვებეთ მხოლოდ ნატურალური პროდუქტით და თქვენი ღვიძლი იქნება თქვენი ერთგული და ყველაზე საიმედო მებრძოლი მავნე ნივთიერებებისა და ტოქსინების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კომენტარის დატოვება