პრობიოტიკების მნიშვნელობა საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის

კუჭ-ნაწლავი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო სისტემაა. გარდა საჭმლის გადამუშავება-შეწოვისა, მას ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, როგორიცაა ძლიერი იმუნიტეტისა და იმუნური ჯანმრთელობის შენარჩუნება.

ნაწლავები გრძელი, უწყვეტი მილია, რომელიც კუჭიდან ანუსისკენ მიემართება. საკვები ნივთიერებებისა და წყლის შეწოვა ძირითადად ნაწლავებში ხდება. ტერმინ ნაწლავებში ერთიანდება წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავი. გარდა ამისა, ადამიანის იმუნური სისტემის დაახლოებით 60% სწორედ საჭმლის მომნელებელ სისტემაში მდებარეობს და ამიტომაც, ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით რა არის პრობიოტიკები და რა გავლენა აქვთ ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებაში.

ნაწლავში არსებული მიკროორგანიზმების რთულ საზოგადოებას ეწოდება ნაწლავის ფლორა. პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც მონაწილეობენ ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელობასა და აღდგენაში. მათ „მეგობარ ბაქტერიებსაც“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ხშირად ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს მოიხსენიებენ, როგორც მავნე "მიკრობებს", ბევრი მათგანი ნამდვილად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ზოგიერთი ბაქტერია ხელს უწყობს საკვების მონელებას, ანადგურებს დაავადების გამომწვევ უჯრედებს და მონაწილეობს სასარგებლო ნუტრიენტების წარმოქმნაში. მრავალი პრობიოტიკური მიკროორგანიზმი იგივეა ან მსგავსია მიკროორგანიზმებისა, რომლებიც ბუნებრივად ცხოვრობენ ჩვენს სხეულში. თუმცა, არ შეგვიძლია ყველა მიკრობს პრობიოტიკი ვუწოდოთ. პრობიოტიკები არის მხოლოდ ისეთი მიკროორგანიზმები, რომლებიც:

  1. იზოლირებულია ადამიანისგან
  2. ცოცხლობს ნაწლავში
  3. არის სარგებლის მომტანი ორგანიზმისათვის
  4. არის უსაფრთხო ორგანიზმისათვის

პირველად პრობიოტიკი 1905 წელს აღმოაჩინა ბულგარელმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა სტამენ გრიგოროვმა. მან შეისწავლა ბულგარული იოგურტი და დაასკვნა, რომ იგი ბაცილის გარკვეულ შტამს შეიცავდა. თანამედროვე თეორიას, ძირითადად, ნობელის პრემიის ლაურეატ ელი მეთჩნიკოვს მიაწერენ, რომელმაც დაასკვნა, რომ იოგურტის მოხმარების შედეგად ბულგარელი გლეხები უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2001 წლის ოქტომბრის ანგარიშში პრობიოტიკები განისაზღვრება, როგორც ”ცოცხალი მიკროორგანიზმები, რომელთა ადეკვატურ მიღებას, მასპინძელის ჯანმრთელობისთვის სარგებელი მოაქვს.”

ნაწლავის მიკროფლორა წარმართავს პროცესს, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ბოჭკოები გარდაიქმნება მოკლე ჯაჭვის ცხიმებად. ეს ცხიმები ასტიმულირებენ ჩვენს იმუნურ სისტემას და აძლიერებენ ნაწლავის კედელს. ეს კი, თავის მხრივ, გვეხმარება თავიდან ავიცილოთ არასასურველი ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა და იმუნური რეაქციის გამოწვევა.

პრობიოტიკების სასარგებლო თვისებები. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ანტიბიოტიკური მკურნალობის მეთოდებს. ანტიბიოტიკი არის წამლის ტიპი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ და ანადგურებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიას. თუმცა, ხშირად ანტიბიოტიკი არამარტო დაავადების გამომწვევ ბაქტერიას ანადგურებს, არამედ ორგანიზმისთვის საჭირო, „მეგობარ“ ბაქტერიებსაც. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ანტიბიოტიკთან ერთად, პრობიოტიკის მიღება გვეხმარება ნაწლავური დიარეის თავიდან არიდებაში.

კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა. ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ახერხებს ლაქტოზის მონელებას და სახეზე გვაქვს ალერგიული რეაქცია (შებერილობა, სპაზმი, დიარეა). სხვადასხვა კვლევის მიხედვით, კონკრეტულ პრობიოტიკს (Lactobacillus acidophilus) შეუძლია შეამციროს ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომები.

გარდა ამისა, პრობიოტიკებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ დეპრესიისა და შფოთვის კლინიკური სიმპტომების შემცირებაზე. ნაჩვენებია, რომ პრობიოტიკური შტამები Lactobacillus helveticus და Bifidobacterium longum ამცირებს შფოთის და დეპრესიის სიმპტომებს.

პრობიოტიკები და წონის კლება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით ჭარბწონიან ადამიანებს აქვთ ნაწლავის განსხვავებული ბაქტერია, ვიდრე ნორმალურ წონიანებს. კვლევამ აჩვენა კავშირი ნაწლავის მიკრობებსა და სიმსუქნეს შორის როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებში. მან  ასევე აჩვენა, რომ ნაწლავში მიკრობული ცვლილებები სიმსუქნის განვითარების ფაქტორია ზრდასრულ ასაკშიც. ამიტომაც, ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ნაწლავის ბაქტერიები მნიშვნელოვანია სხეულის წონის რეგულირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ მრავალი კვლევის ჩატარებაა საჭირო, მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ Lactobacillus rhamnosus და Bifidobacterium lactis ხელს უწყობენ წონის დაკლებას და ჭარბი წონის თავიდან აცილებას.

პრობიოტიკები და COVID-19. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნაწლავის მიკრობიომის გაუმჯობესება პრობიოტიკური დანამატებისა და დიეტის საშუალებით, შეიძლება გახდეს ახალი კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება. როგორც ცნობილია, COVID-19 აზიანებს სხეულის იმუნურ დაცვას, გადაჭარბებული ანთებითი ციტოკინების გამოყოფით, ე.წ "ციტოკინის ქარიშხლის" მეშვეობით. ვინაიდან ჯანმრთელი ნაწლავის მიკრო ფლორა აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის ანთებით პროცესებს, მკვლევარები ფიქრობენ, რომ პრობიოტიკულმა დანამატებმა შეიძლება ხელი შეუწყონ კორონავირუსის მსუბუქი ფორმებით გადატანას და "ციტოკინის ქარიშხლის" ინჰიბირებას, ან შეზღუდვას.

გარდა ამისა, COVID-19– ის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა დიარეა, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პრობიოტიკებს შეუძლიათ კორონა ვირუსის მძიმე ფორმით გამოვლენის თავიდან აცილება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) რეცეპტორის დაბლოკვით.

ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ნაწლავის ფლორის დისბალანსი უკავშირდება ფილტვების დაავადებებსა და სასუნთქი გზების ინფექციებს. მკვლევარების ვარაუდით, ამ დისბალანსის გამოსწორებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ფილტვების ოპტიმალურ ჯანმრთელობას და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გართულებების თავიდან აცილებას.

პრებიოტიკები. ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის შესანარჩუნებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია პრებიოტიკები. ეს ნივთიერებები წარმოიქმნება ნახშირწყლების ტიპებიდან (ძირითადად ბოჭკოდან), რომელსაც ადამიანი ვერ ინელებს. სწორედ პრებიოტიკებით იკვებებიან ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიები.

გარდა იმისა რომ პრებიოტიკები გვეხმარებიან სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებაში, მათ რამდენიმე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გავლენაც აქვთ:

  1. გვეხმარებიან კალციუმის ათვისებაში
  2. ინარჩუნებენ ნაწლავის ჯანმრთელ უჯრედებს
  3. უზრუნველყოფენ საკვების სწრაფ ფერმენტაციას, რათა საკვებმა ნაკლები დრო დაჰყოს საჭმლის მომნელებელ სისტემაში და არ გამოიწვიოს ყაბზობა.

პრებიოტიკები საკვებში. პრებიოტიკებს დიდი რაოდენობით ვხვდებით ხილში, ბოსტნეულსა და მარცვლეულში: ვაშლი, ბანანი, ქერი, კენკრა, ნიორი, კაკაო, სელის თესლი, შვრია, ხახვი, სოიო და სხვა. ასევე ბაზარზე გვხვდება ისეთი პროდუქტები, რომლებსაც დამატებული აქვს პრებიოტიკები: ბავშვების საკვები, იოგურტი, მარცვლეული და პურ-ფუნთუშეული.

პრობიოტიკები საკვებში. ნატურალურად პრობიოტიკები გვხვდება ფერმენტირებულ საკვებში, ძირითადად რძის პროდუქტებსა და მარინადებში. სწორედ ასეთი შეზღუდული ასორტიმენტის გამო, აქტიურად გამოიყენება პრობიოტიკებით გამდიდრებული საკვები და საკვები დანამატები.

პრობიოტიკების შემცველი საკვები დანამატები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაზარზე გვხვდება ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც გამდიდრებულია პრობიოტიკებითა და პრებიოტიკებით. თუმცა, ასეთი პროდუქტები პრობიოტიკების მინიმალურ დოზირებებს შეიცავენ. საკვები დანამატების ბაზარზე არსებობს პროდუქტები, რომლებიც პრე და პრო ბიოტიკების ეფექტურ დოზირებებს შეიცავენ. ერთ-ერთი საუკეთსო ასეთი პროდუქტი არის Evlution Nutirtion – Fiber + Probiotic. იგი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 1 მილიარდ პრობიოტიკს (Bacillus coagulans). Bacillus coagulans არის პრობიოტიკის განსაკუთრებულად ძლიერი შტამი, რომელიც უზრუნველყოფს ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას. გარდა ამისა, პროდუქტი შეიცავს პრებიოტიკებს, როგორებიცაა: ინულინი, პოლიდექსტროზა და სხვა. ეს პროდუქტი დაგეხმარებათ ნაწლავის მიკრო ფლორის აღდგენასა და გაჯანსაღებაში, „მეგობარი“ ბაქტერიების გამრავლების გზით.

თანამედროვე სამყაროში არაჯანსაღი საკვებისა და ქაოტური კვების რეჟიმის გამო, მრავალ ადამიანს აწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები. ამ პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი სწორედ ნაწლავის ფლორის ბუნებრივი ბალანსის დარღვევაა. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია ვიკვებოთ ჯანსაღად და მივიღოთ პრო და პრე ბიოტიკების შემცველი საკვები ნივთიერებები.