კატეგორიის გარეშე

დეტოქსი – ანუ როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან

თანამედროვე სამყარო ქაოტური და არაჯანსაღია. ადამიანებს გვიწევს ცხოვრება გენმოდიფიცირებული საკვების და დაბინძურებული ჰაერის პირობებში. დროთა განმავლობაში ადამიანის სხეულიც განიცდის ფიზიოლოგიურ ევოლუციას და თანდათან ეგუება ასეთ პირობებში ცხოვრებას. თუმცა, წლების განმავლობაში დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება, საბოლოოდ მაინც იჩენს თავს სხვადასხვა დაავადებების, გართულებებისა და პათოლოგიების სახით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გადავერთოთ ჯანსაღი ცხოვრების წესსზე, მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება ჯანსაღ საკვებზე, დავკავდეთ ფიზიკური აქტივობით, ვიმოძრათ ჟანგბადით სავსე ადგილებში და ორგანიზმიდან გამოვდევნოთ მავნე ნივთიერებები. სწორედ ამ უკანასკნელზე მოგიყვებით დღევანდელ ბლოგში და გაგაცნობთ, თუ რატომ არის დეტოქსიკაცია უმნიშვნეოვანესი ადამიანის ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის.

დეტოქსიკაცია არის ცოცხალი ორგანიზმიდან (მათ შორის ადამიანის სხეულიდან) ტოქსიკური ნივთიერებების სამედიცინო, ან ფიზიოლოგიური მოშორება, რომელიც ძირითადად ღვიძლიდან ხდება. მედიცინაში დეტოქსიკაციის პროცესი ხდება შხამის მიღების შემდეგ, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოდევნის დროს, დიალიზისას და სხვა. ადამიანის ღვიძლსა და თირკმელს ბუნებრივად გააჩნია დეტოქსიკაციის უნარი, ისევე როგორც უჯრედშიდა ცილებს (როგორიცაა CYP ფერმენტები).

დეტოკსიკაციას ხშირად იყენებს ე.წ ალტერნატიული მედიცინა. ასეთ დროს დგინდება სპეციალური კვებითი რეჟიმი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი იწმინდება მავნე ნივთიერებებისგან

დეტოქსიკაციური დიეტა. ეს არის მოკლევადიანი კვებითი რეჟიმი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის სხეულიდან ტოქსინების გამოდევნას. კვების ასეთი რეჟიმი შესაძლოა ასევე დაგეხმაროთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს, როგორებიცაა: სიმსუქნე, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, აუტოიმუნური დაავადებები, ანთება, ალერგია, შებერილობა და ქრონიკული დაღლილობა.

დეტოქს დიეტის დროს კვებით რაციონში ყურადღება გამახვილებულია ბოსტნეულსა და მწვანე საკვებზე. ძირითადად ეს არის: სტაფილო, ჭარხალი, ნიახური, პიტნა, ოხრახუში, ისპანახი, სოკო, ბროკოლი, ხახვი, ნიორი, ჯინჯერი და სხვა. ასევე აქტიურად გამოიყენება ე.წ სუპერფუდები, როგორიცაა: ჩიას თესლი, სეზამი და სხვა. დეტოქს დიეტები განსხვავდება ხანგძლივობის მიხედვით. იგი შეიძლება გაგრძელდეს 2 დღე, 1 კვირა, მხოლოდ შაბათ-კვირას, ან სხვა.

თუმცა დეტოქსის მთელი არსი მხოლოდ საკვების მიღებაში არ გამოიხატება. კვებითი რეჟიმის გარდა, ორგანიზმის სრულყოფილი დეტოქსიკაციისთვის, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

შეზღუდეთ ალკოჰოლი. ალკოჰოლის 90%-ზე მეტი სწორედ ჩვენს ღვიძლში მეტაბოლიზმდება. ღვიძლის ფერმენტები ალკოჰოლს გარდაქმნიან აცეტალდეჰიდად, კიბოს გამომწვევ ცნობილ ქიმიკატად. თუმცა ჩვენს ღვიძლს აქვს უნარი იგი გარდაქმნას უვნებელ ნივთიერებად, რომელსაც აცეტატს უწოდებენ და შემდგომ გამოდევნოს იგი ორგანიზმიდა. ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღების დროს ქვეითდება ღვიძლის ფუნქცია და იგი ვეღარ ახერხებს მნშვნელოვანი პროცესების წარმართვას. მათ შორის ვეღარ ახერხებს ისეთი ტოქსინების სხეულიდან განდევნას, როგორიცაა აცეტალდეჰიდი. ასე რომ, ალკოჰოლის შეზღუდვა ან მთლიანად თავის შეკავება არის თქვენი სხეულის დეტოქსიკაციის სისტემის მძლავრი მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა.

მოიწესრიგეთ ძილი. ყოველდღიურად მოწესრიგებული და ხარისხიანი ძილი აძლიერებს ჩვენი სხეულის ჯანმრთელობას და ხელს უწყობს ბუნებრივი დეტოქსიკაციის სისტემას. ძილი საშუალებას აძლევს თქვენს ტვინს მოახდინოს საკუთარი თავის რეორგანიზაცია და დატენვა, ასევე გაანალიზოს ტოქსიკური ნარჩენების ქვეპროდუქტები, რომლებიც ორგანიზმში მთელი დღის განმავლობაში გროვდება. არასრულფასოვანი ძილის დროს თქვენს სხეულს არ აქვს დრო, რომ შეასრულოს ეს ფუნქციები, ამიტომ ტოქსინები შეიძლება დაგროვდეს და გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირებაზე. მნიშვნეოვანია, რომ ყოვედღიურად დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთი და იმავე დროს და თქვენი ძილის ხანგძლივობა იყოს 7-9 საათი.

სრულყოფილი ინფორმაცია ძილის მოწესრიგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ბლოგზე.

მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. წყალი სხეულის გამართული ფუნქციონირებისთვის იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ფიქრობთ. იგი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ხელს უწყობს სახსრების ლუბრიკაციას, ეხმარებას საჭმლის მონელებას, უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების შეწოვას და უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას საკვების გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენებისაგან.

ჩვენი სხეულის უჯრედები მუდმივად საჭიროებენ განახლებას, რათა ოპტიმალურად იმუშავონ და დაშალონ საკვები ნივთიერებები, რომელსაც შემდგომ სხეული ენერგიად გამოიყენებს. ამ პროცესში გამოიყოფა ნარჩენები შარდოვანასა და ნახშიროჟანგის სახით. ამ ნარჩენების სისხლში დაგროვება ძალიან საშიში და პრობლემურია ადამიანის ორგანიზმისთვის. სწორედ წყალი უზრუნველყოფს ამ ნარჩენების ტრანსპორტირებას და სხეულიდან გამოდევნას შარდის, ოფლის და სხვადასხვა სახით. ასე რომ, სხეულის ჰიდრატაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დეტოქსიკაციის პროცესისთვის.

იზრუნეთ ნაწლავის ჯანმრთელობაზე. ნაწლავის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია თქვენი დეტოკსიკაციის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. თქვენს ნაწლავის უჯრედებს აქვთ დეტოქსიკაციისა და ექსკრეციის სისტემა, რომელიც იცავს თქვენს სხეულს მავნე ტოქსინებისგან, როგორიცაა ქიმიკატები.

ნაწლავის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს პრებიოტიკები, ბოჭკოს ტიპი, რომელიც კვებავს პრობიოტიკებს- ნაწლავში არსებულ „მეგობარ“ ბაქტერიებს. თქვენს ნაწლავში არსებული „მეგობარი“ ბაქტერიები შეიძლება არაეფექტური გახდეს ანტიბიოტიკების გამოყენების, ცუდი პირის ღრუს ჰიგიენისა და საკვების ხარისხის გამო. შესაბამისად, ბაქტერიების ამ არაჯანსაღმა მდგომარეობამ შეუძლია დაასუსტოს თქვენი იმუნური და დეტოქსიკაციური სისტემები და გაზარდოს დაავადების და ანთების რისკი. სწორედ ამიტომ, მიიღეთ პრე და პრობიოტიკებით სავსე საკვები, მოიწესრიგეთ ნაწლავის მიკროფლორა და თქვენ გაიუმჯობესებთ ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესს.

მეტი ინფორმაცია ნაწლავის ჯანმრთელობისთვის შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ბლოგზე.

მიიღეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები. ანტიოქსიდანტები იცავს სხეულის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მოლეკულებით გამოწვეული დაზიანებისგან. თქვენი სხეული ბუნებრივად აწარმოებს ამ მოლეკულებს უჯრედული პროცესებისთვის, მაგალითად, საჭმლის მონელებისთვის. თუმცა, ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მიღებამ, თამბაქოს კვამლმა, დაბინძურებულმა საკვებმა და სხვა გარემოებების ზემოქმედებამ, შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტად გამრავლებული თავისუფალი რადიკალები. ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვების მიღება დაეხმარება თქვენს სხეულს ოქსიდაციური სტრესის განეიტრალებაში, რომელიც გამოწვეულია ზედმეტი თავისუფალი რადიკალებითა და სხვადასხვა ტოქსინებით.

ანტიოქსიდანტებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია: ვიტამინი A, ვიტამინი C, ვიტამინი E, სელენი, ლიკოპინი, ლუტეინი და ზეაქსანტინი. კენკრა, ხილი, კაკალი, კაკაო, ბოსტნეული, სანელებლები და სასმელები, როგორიცაა ყავა და მწვანე ჩაი, წარმოადგენენ ანტიოქსიდანტების ძვირფას წყაროს.

დეტოქსიკაციისთვის გამოიყენეთ დანამატები. კვების მოწესრიგებული რეჟიმი და საკვების ხარისხის გადამწყვეტია სრულფასოვანი დეტოკსიკაციისთვის. თუმცა ბუნებაში გვხვდება ძლიერი დეტოქს ნივთიერებები, რომლებიც სპეციფიკურ საკვებში მოიპოვება და მათი საკვების სახით მიღება ძალზედ ძნელია. გაგაცნობთ რამდენიმე ყველაზე ძლიერ დეტოქს ნივთიერებას:

  • ქლოროფილი. ქლოროფილი არის ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარეების სიმწვანესა და სიჯანსაღეში. იგი ასევე შეიცავს ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და გააჩნია თერაპიული თვისებები. მისი მიღება შეგიძლიათ მცენარეებიდან ან საკვები დანამატებიდან, თუმცა დანამატებიდან მისი მღება ბევრად უფრო ეფექტურია. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ქლოროფილი დიდხანს არ რჩება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ორგანიზმი ვერ ასწრებს მის შეწოვას.

ქლოროფილის დასახელების მქონე საკვები დანამატები სინამდვილეში ქლოროფილინია, რომელიც მაგნიუმის ნაცვლად შეიცავს სპილენძს და უზრუნველყოფს მის სრულფასოვან შეწოვას.

ქლოროფილს რამდენიმე მნიშვნელოვანი სარგებელი გააჩნია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: დეტოქსიფიკაცია და ანტი სიმსივნური მოქმედება, ჭრილობების სწრაფი შეხორცების სტიმულირება, სისხლის წითელი უჯრედების ხარისხის გაუმჯობესება, სხეულის უსიამოვნო სუნის შემცირება, წონის კლება და სხვა.

  • Garcinia cambogia. ეს არის ხილის სახეობა, რომელიც გავრცელებულია ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და რომელიც ეფექტურია წონის კლებისათვის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Garcinia cambogia-ს შეუძლია შეამციროს ლტოლვა – განსაკუთრებით არაჯანსაღი, შაქრით მდიდარი საკვებისთვის. ამას იგი ორგანიზმში სეროტონინის (ხშირად უწოდებენ “ბედნიერების ჰორმონს”) გაზრდით ახერხებს. როდესაც თქვენ ღებულობთ შაქრით მდიდარ, დამუშავებულ საკვებს, ეს ზრდის ორგანიზმში ტოქსიკურ ფონს. Garcinia cambogia დაგეხმარებათ ნაწლავის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
  • Milk thistle (ბაყაყურა). როდესაც საქმე ეხება დეტოქსიკაციურ დანამატებს, ბაყაყურა ერთ-ერთი საუკეთესოა ორგანიზმის, განსაკუთრებით ჩვენი მთავარი დეტოქსიკაციური ორგანოს – ღვიძლის გაწმენდისათვის. ბაყაყურა არის ბუნებრივი ბალახი, რომელიც წარმოდგენილია დანამატის ფორმით და აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

იგი უზრუნველყოფს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურულ სიძლიერეს, იცავს ღვიძლს ტოქსინების შეჭრისგან, ხელს უწყობს ღვიძლის რეგენერაციას და აძლიერებს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტ – გლუტათიონის გამოყოფას. ბაზარზე ბაყაყურას მცენარის თესლი და ფოთლები გვხვდება აბის, ფხვნილის, ჩაისა და ზეთის სახით. მუდმივი გამოყენებისთვის მისი მიღება შეგიძლიათ 50-150 მგ დღეში. ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის, ბაყაყურა შეგიძლიათ გამოიყენოთ 150 მგ 1-3-ჯერ დღეში.

  • მცენარეული ცილა. როგორც უკვე აღვნიშნეთ საკვებს და მცენარეული წყაროდან მიღებულ ცილას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის დეტოქსიფიკაციისთვის. ყველა სახის მცენარეული ცილა მნიშვნელოვანია დეტოქსის პროცესისთვის და განსაკუთრებით ის ცილა, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავა მეთიონინს. მეთიონინი იმ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მეთილირება ეწოდება. მეთილირება ეხმარება ჩვენს სხეულს, აწარმოოს გლუტათიონი – ძლიერი ანტიოქსიდანტური ნივთიერება. მეთიონინს ყველაზე მეტად შეიცავს ძროხის ხორცი, ყავისფერი ბრინჯი, ქათამი, წიწიბურა, ოსპი, სეზამის თესლი და სოიო.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეტოქსიკაციის პროცესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის. თუმცა, დეტოქსიკაცია არ არის მხოლოდ რაიმეს ჭამა, ან არ ჭამა. იგი არის ცხოვრების სტილი, რომელიც არის კომპლექსური პროცესი და მოიცავს ჭამას, სმას, ძილს და სხვა მნიშვნელოვან პროცესებს. ამ წესების დაცვას თუ მუდმივად ვერ ახერხებთ, ეცადეთ პერიოდულად მაინც ჩაიტაროთ დეტოქს კურსები და გაათავისუფლოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და მძიმე მეტალებისაგან.

კომენტარის დატოვება